ეკონომიკა

ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 297 მლნ. ლარით გაიზარდა

,,ჯანდაცვის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება 376 მლნ. ლარი და, შესაბამისად, სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. აღნიშნული ზრდა მთლიანად პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას წარმოადგენს..."

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა და კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრებს ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო, რომლის თქმითაც ცვლილებები ძირითადად გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

„ცვლილების აუცილებლობა 2021 წლის ბიუჯეტში გამოწვეულია სწორედ პანდემიიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი ხარჯებით. შემოსავლების მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში 300 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთ ბიუჯეტს თუ შევხედავთ, 349 მლნ ლარია ზრდა ჯამში. რაც შეეხება სხვა წყაროების შემოსულობებს, ერთადერთი ვალის მაჩვენებელი იცვლება, რომელიც დაგეგმილთან შედარებით 139,9 მლნ ლარით მცირდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რამდენიმე მიმართულებით არის ზრდა, არის კლების მიმართულებებიც, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 297 მლნ. ლარით არის გაზრდილი.

ჯანდაცვის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება 376 მლნ. ლარი და, შესაბამისად, სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. აღნიშნული ზრდა მთლიანად პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას წარმოადგენს, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა აცრის შემთხვევაში 200 ლარიანი გასაცემლის ანაზღაურებისთვის).

მეორე მიმართულება, სადაც ხდება დაფინანსების დამატება, ესაა თავდაცვის სამინისტრო – მისი ასიგნებები იზრდება 60 მლნ. ლარით. მესამე მიმართულება კი დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაა და ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებები იზრდება 16 მლნ. ლარით. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში შრომის ანაზღაურების დაგეგმილთან შედარებით მაღალი ზრდით, რაც ასევე აისახება საშემოსავლო გადასახადის მობილიზაციაზეც.

პარლამენტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, კომიტეტებში განხილვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close