საზოგადოება

ქართულმა ოცნებამ პრესამსახურების თანამშრომლების ხელფასებზე 49,75 მილიონი დახარჯა _ არამიზნობრივი ხარჯი!

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა, თუ რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურების ანაზღაურებაზე 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით. კვლევამ, რომელიც 121 საჯარო უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აჩვენა, რომ საკვლევ პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 55.4 მილიონი ლარი, საიდანაც 49.75 მილიონი ლარი ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგაა დახარჯული.

პრესსამსახურების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

თუ 2012 წელს სახელიფულებო პრესსამსახურებში დასაქმებულთა (შტატიანი და უშტატო) საერთო რაოდენობა 423 პირს შეადგენა, 2016 წელს მათმა რაოდენობამ 690-ს მიაღწია. პრესსამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე სწორედ 2016 წელს დაიხარჯა რეკორდული თანხა – 12.4 მილიონი ლარი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2012 წელს ამ კუთხით დახარჯულ 6.4 მილიონ ლარზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონაცემები არ მიაწოდა თორმეტმა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა.

პრესსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

“ეს ფაქტი გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზეც, რადგან ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა, სავარუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა (საშტატო/შტატგარეშე),  დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების ოდენობასაც 55%-ით აღემატება (იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 34 ადამიანია) და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში  სიდიდით მეორე ადგილზეა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.

აღნიშნულ დოკუმენტში არ შედის ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მმართველი პარტიის მიერ  შესყიდული ლობისტური მომსახურება საზღვარგარეთ.

პრესსამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე, უწყებებს შორის, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა, რაც ხუთი წლის განმავლობაში 5.3 მილიონი ლარია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმით, რომ მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობაზე სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ოფიციალური დოკუმენტების ანალიზი კი აჩვენებს, რომ 2012 წლიდან ყოველ წელს იზრდება პრესსამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხა.

“შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს”, – აცხადებს “საერთაშრისო გამჭვრივალობა – საქართველო”.

წყარო: ნეტგაზეთი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close