საინტერესო

მოგზაურობა თეთრი, ლამაზი ცხენების სამშობლოში

კლდეებში ნაკვეთი პირველი ქრისტიანების თავშესაფრები, ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივად შექმნილი გასაოცარი ლანდშაპტი, ე.წ. ფაშების გალერეა, გორემეს მთებს ზემოთ მოფარფატე ტურისტებით დატვირთული საჰაერო ბურთების ,,კორიანტელი"- ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ სანახაობებისა, რომელსაც კაპადოკია იქ ჩასულ დამთვარიელებელს სთავაზობს

ძალიან საინტერესო ამბავი  ჩვეულებრივად დაიწყო _ შევიძინეთ 2 საგზური GTG  TOUR ისგან და დაველოდეთ გამგზავრებას ქრისტიანებისთვის მეტად საკრალურ, ულამაზეს და ისტორიულ კაპადოკიაში.

კაპადოკია სიტყვა-სიტყვით ლამაზი ცხენების სამშობლოს ნიშნავს. იგი  თურქეთის ერთერთი ტურისტულად გამორჩეული რეგიონია. დაბა გორემე კი,  ამ რეგიონის თვალ-მარგალიტი გახლავთ,  სადაც თავმოყრილია უამრავი სასტუმრო, კაფე-ბარი და ადგილობრივების ხელით შექმნილი სუვენირების მაღაზიები. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ამ რეგიონში, პირველი ქრისტიანების ისტორია ხელისგულზე დევს.
 კლდეებში ნაკვეთი პირველი ქრისტიანების თავშესაფრები, ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივად შექმნილი .. ფაშების გალერეა, გორემეს მთებს ზემოთ მოფარფატე, ტურისტებით დატვირთული საჰაერო ბურთების ,,კორიანტელი– ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ სანახაობებისა, რომელსაც კაპადოკია იქ ჩასულ დამთვარიელებელს სთავაზობს. ჩვენც სწორედ ამ მერვე საოცრებად წოდებულ  სანახაობებზე უნდა მოგითხროთ

.

.

.

ტურისტულ მოგზაურობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჯგუფის ხელმძღვანელის მოხერხებულობასა და გიდის განსწავლულობას აქვს.  ჩვენ გაგვიმართლა, ბაკურ  ბოლოთაშვილმა  და გიორგი ბერიძემ  5 დღის განმავლობაში გვაჩვენეს კაპადოკიის მართლაც საოცარი ადგილები და მათ შესახებ საინტერესო ისტორიები გაგვაცნეს
საქართველოთურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ,  გრძელი გზა, პონტოს მთებსა და შავ ზღვას შუა მიიკლაკნება. და აი, პირველი გაჩერებაც, ქალაქი ტრაპიზონი, შავი ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი.  ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის პონტოურ-ლაზურ-ბერძნული და თურქული კულტურები. წარმოუდგენელია, ტრაპიზონში ჩახვიდე და მცირე ,,აია სოფიას“ ტაძარი არ მოინახულო. ტაძრის წინ ფეხსაცმელს იხდი და ასე მიეახლები ტრაპიზონის იმპერიის ნაკათედრალს, სადაც ერთ დროს ბიზანტიის  იმპერატორთა კურთხევა მიმდინარეობდა.

.

  გიდი გვიხსნის, რომ სახელწოდება „ტრაპიზონი“ -მეთევზეთა ტრაპეზს ნიშნავს. სწორედ მცირე აია სოფიას ტაძარში აკურთხეს ბიზანტიის თითქმის ყველა იმპერატორი. ამჟამად იქ მუზეუმია, წინათ კი მეჩეთიც ყოფილა. ისტორიული წყაროებით, ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). გიდის განმარტებით კი, ამ ტაძრის მშენებლობა-აღორძინებას საქართველოს დედოფალმა-რუსუდანმაც შეუწყო ხელი. ბიზანტიური არქიტექტურით ცნობილ ტაძარში კარგად ჩანს XIII საუკუნის საოცარი, ქრისტიანული ფრესკები.   
 ტრაპზონიდან გორემემდე გზა საკმაოდ გრძელია, ამიტომ  დრო და დრო, მხოლოდ კვების ობიექტებთან ვჩერდებით. კაპადოკიის მიწაზე დაბალი ხეები და  ჯუჯა ვაზით გაშენებული ვენახები გვხვდება. კაბადოკიურ ვენახებში არსად ჩანს ჭიგო და მავთული, ყველა ვაზი თავისუფლად დგას. გვეუბნებიან, რომ აქაურ მიწაზე  მაღალი მცენარეები ვერ იზრდება.
 
გორემეში შესულებს მოფარატე საჰაერო ბურთი შემოგვეგება. საჰაერო ბურთების  ,,შეჯიბრი“ გორემეს ცაზე დილის 5 საათიდან იწყება.  აქ რიჟრაჟი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა. ბურთებს ცეცხლით ბერავენ, ჩამოკიდებულ კალათში ტურისტებს სვამენ და გორემეს ღია მუზეუმებს ციდან ათვალიერებინებენ. ბურთის კალათში მოხვედრა,  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ტურისტებისთვის ულამაზესი სანახაობების ციდან ხილვა ნამდვილად დიდი ცდუნებაა.

გორემეს ისტორიული ეროვნული პარკი, რომელსაც ღია ცისქვეშა მუზეუმსაც უწოდებენ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1985 წელს მოხვდა.  იგი ქალაქებს ნევშეჰირს, ურგუფსა და ავანოსს შორისაა. დაარსდა IV საუკუნეში და  მოიცავს 300 კმ2 ტერიტორიას. პარკის ტერიტორიაზე უამრავი მღვიმეა, მღვიმეებში კი ეკლესიები,მონასტრები, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ვრცელია: ბასილის ეკლესია, ვაშლების ეკლესია, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, გველების მონასტერი, ბნელი სამლოცველო, წმინდა მარინეს ტაძარი, სანდლებიანი მონასტერი და სხვა. ეს ადგილები გახლდათ  პირველი ქრისტიანების თავშესაფარი და განდეგილ ბერთა სენაკები.

მღვიმეების დიდი ნაწილი ქრიატიანული ფრესკებითაა მოხატული, თუმცა, მასზე გამოსახული წმინდანების უმრავლესობას თვალები დათხრილი აქვს. გამოქვაბულების გვერდით, კლდეებში შევნიშნეთ მომცრო ფორმის  გამოჭრილები, რაც მტრედების საბუდარები აღმოჩნდა. როგორც გავარკვიეთ, აქ დასახლებული პირველი ქრისტინების ერთ-ერთ საკვებს სწორედ მტრედის კვერცხი წარმოადგენდა, შემდგომში კი   კვერცხის გულს  ფრესკების მოსახატად, საღებავის დანიშნულებითაც იყენებდნენ.

.

.

გველების ეკლესია წმინდა გიორგის სახელთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მას წმინდა გიორგის ტაძარსაც უწოდებენ. აქ გამოსახულია ერთ-ერთი ფრესკა, რომელზეც წმინდა გიორგი ებრძვის გველეშაპს. შემდგომ პერიოდში, როგორც ჩანს,  მუსულმანებმა გველეშაპები  გველებად აღიქვეს და  ადგილსაც  გველების ტაძარი შეარქვეს.   ადგილობრივი გიდის (უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათად დადებითი და ჩვენ მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ქალბატონი აღმოჩდა) ინტერპრეტაციით, გველი გულში შემოპარული ბოროტი ზრახვების სიმბოლოა, ხოლო წმინდა გიორგი შუბით ხელში, მასზე გამარჯვებას აღნიშნავს.

ღია ცის ქვეშა მუზეუმში სასულიერო პირების სამარხებიც შემოგვხვდა. გიდის თქმით, წინა ქრისტიანულ ეპოქაში, დაკრძალვის სხვაგვარი ფორმა იყო მიღებული- მიცვალებულს თავდაპირველად მიწაში კრძალავდნენ,  წლების შემდეგ კი ძვლებს უკან ამოასვენებდნენ და ე.წ. ძვალთსალაგებლებში ინახავდნენ.

რაც შეხება ვაშლების ეკლესიას, ერთ-ერთი ვერსიით,  ეს სახელი  ტაძრისთვის  მის შორიახლოს მდგარი მრავალი ვაშლის ხის გამო შეურქმევიათ. როგორც თქმულება გვაუწყებს, ყველა ხე ,თურმე, მხოლოდ წითელი ფერის ვაშლებს ისხამდა.

კლდეში გამოკვეთილ მონასტრებში ვინახულეთ საკმაოდ საინტერესოდ მოწყობილი სატრაპეზოები – გრძელ მაგიდებს სკამები მხოლოდ ერთი მხრიდან  ჰქონდა  გაკეთებული. გიდმა აგვიხსნა, რომ ქრისტიანობის პირველ ხანებში, მორწმუნეთათვის მიუღებელი იყო, ტრაპეზის დროს, ადამიანებთან  ზურგით ჯდომა და სწორედ ეს განაპირობებდა სკამების მხოლოდ ერთი მხრიდან განლაგებას.

ბნელი მონასტრის სახელწოდებას კი  მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს, მასში მზის სხივი  ვერც ერთი მხრიდან ვერ აღწევს.

განსაკუთრებულად  გამოსაყოფია ტოკალის ეკლესია,  რომელშიც, ქართველების ხელშეწყობით, მოხატული სასწაულმოქმედი ხატის, ,,შენ ხარ ვენახი“- ს  პირველი ფრესკაა დაცული. როგორც ცნობილია, ამ ხატის დაწერის შემდეგ, მისი კურთხევა მოხდა წმ. ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს, ახალი სტილით), ამიტომ, ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია. კურთხევის დღესვე ხატმა პირველი სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად უამრავი ხალხი მისულა.  მრევლის ერთ-ერთ წევრს ძალით მიუყვანია უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, რომლისთვისაც ხალხის ტალღას გადაადგილების საშუალება არ მიუცია. ავადმყოფი “შენ ხარ ვენახის” ხატთან შეჩერებულა და იძულებული გამხდარა,  სხვებთან ერთად ხატისთვის ამბორ ეყო. მას იმ წამსვე უგრძვნია განკურნება და ტაძრიდან გასვლის შემდეგ, მეტად მორწმუნე გამხდარა. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა და ,,შენ ხარ ვენახი“-ს ხატს  სხვა კიდევ უამრავი სასწაული უკავშირდება.

ადგილობრივი გიდისგან შევიტყეთ, რომ გორემეს კლდეების შემადგენლობა საკმაოდ  რბილია და მარტივი ხელსაწყოებით მისი გამოკვეთა, სირთულეს არ წარმოადგენს.  როგორც უკვე ვთქვით, მთები ვულკანური წარმოშობისაა და ყველაზე მაღალს, არარატი ჰქვია. ტერასებად  ჩალაგებული მთები 12 მილიონი წლის წინ არის წარმოქმნილი. რაც დრო გადის, მასზედ საფეხურები უფრო გამოკვეთილი ხდება. წვიმა, ქარი, ეროზია და სხვა ბუნებრივი მოვლენები   კი ამ უნიკალური  ლანშაფტის ფორმირებაზე ახდენდა და კვლავაც ახდენს ზეგავლენას. მარტივად რომ ვთქვათ, მთები  არ წყვეტენ ზრდას.  ხოლო, იმის გამო, რომ მათ დიდ ნაწილს ჯარისკაცებივით ახურავთ ქუდები, ადგილობრივებმა  ფაშები შეარქვეს.  თითოეულ  ფაშას სწორედ ბუნებამ გამოუკვეთა  ყელი, თავი და ტანი. თავის შემადგენლობა ბაზალტია და ის ყველა ნაწილზე  უფრო მძიმეა, ტანი მყარი ლავა გახლავთ,  ყელის ნაწილი კი  ყველაზე რბილია. პატარა ,,ფაშებს“  ჯერ ქუდები არ აქვთ, მაგრამ როცა ისინი „გაიზრდებიან“, ქუდებიც გაუჩნდებათ, ანუ ყველა ფაშა-მთა ცოცხალი ორგანიზმს წარმოადგენს.

.

.

ჩვენ ასევე მოვინახულეთ უჩისარის ციხე-სიმაგრე, რომელიც კდეშია გამოკვეთილი და რომელმაც ბევრჯერ შეიცვალა ფუნქცია. ის იყო როგორც პირველი ქრისტიანების თავშესაფარი, განდეგილი ბერების სასენაკე, ასევე  იქ  იყო სამხედრო გარნიზონი, ამჟამად კი ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. უჩისარის მთა კაპადოკიაში ყველაზე მაღალ ადგილად ითვლება, შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ  მას მტრის დასაზვერად აქტიურად იყენებდნენ.  აღსანიშნავია, რომ იქ არსებული მღვიმეები, სადაც ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 10-11 გრადუსს შეადგენს  (რისი წყალობითაც იქ ცხოვრება დიდ სირთულესთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული), პროდუქტების  შესანახად არაჩვეულებრივ ადგილს წარმოადგენდა. სხვათა შორის, თურქები მღვიმეების ამ  უნიკალურ თავისებურებას დღესაც აქტიურად იყენებენ  და მათ  ბუნებრივი მაცივარს უწოდებენ.

.

კაპადოკიის კლდეში გამოკვეთილ მღვიმეებში დაიწყო ასკეტური ცხოვრება სვიმეონ მესვეტემ. იგი წლების განმავლობაში სვეტს იყო მიყრდნობილი,  ამიტომაც კაპადოკიას ქრისტიანები მესვეტეობის სამშობლოსაც უწოდებენ.

წმინდა ნინოს სოფლის ორთაჰისარის მონახულების გარეშე კაბადოკიიდან წამოსვლა ქრისტიანთათვის სარწმუნოების ღალატის ტოლფასია. დაბის შემაღლებული ადგილიდან კარგად ჩანს ნასახლარები.  ალბათ, აქედან ერთ-ერთში ცხოვრობდა საქართველოს გამაქრისტიანებელი ქალწულმოწამე, რომელიც ახლა საქართველოს აღმოსავლეთ კუთხეში- ბოდბის მონასტერში განისვენებს.

კაპადოკიას ხეთების ქალაქ ხათუსას მონახულებით დავემშვიდობეთ. ხეთური პანთეონის უამრავი ღვთაებით გარშემორტყმული ადგილი მართლაც ღვთაებრივი აღმოჩნდა. ხეთების მეფეს ლაბარნა II-ს, იგივე ხათუსილ I -ს სამეფო ცენტრი ხათუსაში გადმოუტანია და ამიტომაც დარქმევია ქალაქს მისი სახელი. სამეფოს მოსახლეობა იმ დროისათვის ათეულ ათასს აღემატებიდა. ხეთების სიძლიერეს კი წარმოადგენდა რელიგია და ჯარი. ამ ნანგრევებში  ორივე მათგანის ძლევამოსილების კვალი აშკარად იგრძნობა.

.

.

ხეთების იმპერიამ 5 საუკუნე იარსება. ხათუსაში გათხრები  1906 წლიდან მიმდინარეობს. 1986 წელს კი  ხათუსას ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close