რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ფაქტობრივად, მერიაში გაათეთრეს ფული _ რა ხდება დაკავებული ადვოკატების სასამართლო პროცესზე?

 სასამართლოში დაკავებული ადვოკატების, ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სხვა ადვოკატები აპროტესტებდნენ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდებას და ამბობდნენ, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. ზაზა ხატიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათელა გოდერიძესა და მზევინარ კოსტავას პოლიტპატიმრებსაც  კი უწოდებს და წერს:

,,უკანონოდ არიან დაპატიმრებული ჩვენი კოლეგები. გოდერიძეს და კოსტავას ჰყავს 5 ადვოკატი. ჩემი აზრით, სუსმა გადაწყვიტა ადვოკატებზე კონტროლი. მიკვირს იმ ხალხის კომენტარის, რომლებიც მოითხოვენ, რომ ადვოკატებმა აგონ პასუხი ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გამო, როდესაც წარდგენილია ნოტარიუსთან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია”.

 euronews.ge დაკავებულების – ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას ერთ-ერთ ადვოკატს, მარინა ძამსაშვილი ესაუბრა:

_ საქმე გვაქვს სრულ აბსურდთან, დააკავეს ადამიანი, რომელსაც სასამართლოს სამი ინსტანცია აქვს გავლილი და ნოტარიალურადაც დამოწმებული აქვს ქონება. ასევე დააკავეს ადვოკატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში. კიდევ ერთი ადამიანი არის დაკავებული, ამ საქმის გამო. ის, ვინც მიწა იყიდა ქონების მფლობელისგან. თუ გამყიდველს არ გააჩნია პრეტენზია, როგორ შეიძლება, მყიდველს პრეტენზია ჰქონდეს? ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. მიწა ეკუთნოდა ვალიკო წინამძღვრიშვილს, რომლის კანონიერი მეუღლეც იყო დაკავებული, ბელა გუბელაძის დედა, ანა ნადიბაიძე. ვალიკოს ასევე ჰყავდა ქალი, რომელიც სახლში კი მიიყვანა, მაგრამ ცოლად არ ჩათვალა და არც ხელი მოუწერა. მოკლედ, ახლა მოდავე მხარე არის გელაშვილი, რომელიც გახლავთ ვალიკო წინამძღვრიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობებში მყოფი ქალბატონის ძმიშვილი. ვალიკომ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ბინა ააშენა და ერთ-ერთი საცხოვრებლად დაუთმო გელაშვილებს, მეუღლის, უკეთილშობილესი ქალბატონის თხოვნით, რომელსაც შეეცოდა გელაშვილის ქალი, ვინმე ნატალია. მას ჰყავდა ძმა, ახლობლები და მერე, უკვე მათ აღარ უნდოდათ სახლის დათმობა.

სახლების გარდა, ვალიკომ ამ ტერიტორიაზე გააშენა ბაღი და ჰქონდა მეურნეობა – ვენახი, სადაც ტონობით ყურძენს კრეფდა. ტექბიუროში ეს მიწა 56 წლიდან იყო აღრიცხული და ამ ადამიანს უკვე ჰქონდა მისით სარგებლობის უფლება. ფაქტობრივად, ის იყო მოსაკუთრე-მოსარგებლე. წინამძღვრიშვილი 4 500 კვადრატულ მეტრზე იხდიდა მიწის გადასახადს წლების განმავლობაში, თუმცა არ იყო ეს ფართი დაზუსტებული. ნოტარიუს ონიანს ჰქონდა აბსოლუტური საფუძველი იმისა, რომ გაეცა სამკვიდრო მოწმობა მასზე. როდესაც დაარსდა საჯარო რეესტრი, წინამძღვრიშვილების მიწები უკვე თვითონ აზომეს და ყველაფერი დათვალეს.

_ თუ ასეა, რატომ დააკავეს ეს ადამიანები, პროკურატურასა და სასამართლოსაც ხომ აქვთ არგუმენტები?

_ ამ ტერიტორიაზე 2015 წელს წყალდიდობა რომ არ მომხდარიყო, მათ არ დააკავებდნენ. საქმე ისაა, რომ ისეთ პირებზე, რომლებსაც მესაკუთრეობა არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, გაწერილი იყო სახელმწიფოს დახმარების სახით საკმაოდ სოლიდური თანხები. ფაქტობრივად, მერიაში გაათეთრეს ფული. იქ შეადგინეს სია და დაწერეს, თითქოს ამ ადამიანებს გადაუხადეს თანხა, რადგან იყვნენ დაზარალეულები. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ, ვინც ამ სიაში ჩაწერეს, მერიიდან არანაირი თანხა არ მიუღიათ და ვერც მიიღებდნენ. ეს ფული ხელისუფლებას ჯიბეში აქვს ჩადებული.

ამის გამო ადვოკატებმა დაწერეს საჩივარი სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის ანტიკორუფციულ სამსახურში, სადაც აღნიშნეს, რომ არაუფლებამოსილ პირებზე იყო ქონებები გაცემული და დაიწყო კანონიერი ბრძოლა. სასამართლოში შესული იყო 7 საქმე. გაოცდებით, რომ გაიგოთ თუ რა ფასად არის შეფასებული თითოეული ხე.

გვინდოდა, რომელიმე ჟურნალისტს ჩაეტარებინა გამოძიება ამ საქმეზე, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ამ ყველაფერზე დოკუმენტები არსებობს და ადვოკატებიც აქედან გამომდინარე წერდნენ საჩივრებს. ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ფული იყო შეჭმული ამა თუ იმ თანამდებობების პირის მიერ, მაგრამ მოტრიალდნენ და თავად ადვოკატები დააკავეს. ამ მიწამ წყალდიდობის მერე ვიღაც-ვიღაცეებს დიდი ფული მოუტანა და, რა თქმა უნდა, საქმის გამოძიებას ვინც ითხოდნენ, მათი თავიდან მოცილება უნდოდათ.

ეს არის წინასწარ დაგეგმილი მდგომარეობა. პროცესი მიჰყავს პროკურორს და არა მოსამართლეს. საშინელებები ხდება. ამ პროცესიდან იცით რა იკვეთება? _  თუ ვინმეს უნდა, ხელში ჩაიგდოს რაიმე ქონება და კანონიერად წინ გადაეღობებიან, მათ დაიჭერენ  და თავდაყირა დააყენებენ. სამართალი და კანონი საერთოდ იგნორირებულია, როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მიერ.

 _ ადვოკატების დაკავების მიზეზი, როგორც მახსოვს, თაღლითობა იყო, არა?

_ მათ თაღლითობის მცდელობად ჩაუთვალეს სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც მოსამართლემ წარმოებაში მიიღო. გოდერიძისა და კოსტავას დაპატიმრებიდან სამი თვე გავიდა და სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს. ახლა მოსამართლეა ნათია გუჯაბიძე. სამი დღეა დილიდან გვიან ღამემდე პროცესზე ვართ და საქმემ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია. პროკურატურა მასხარად იგდებს ადვოკატებსაც, ბრალდებულებსაც და საქმესაც. ორჯერ დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.

პარლამენტში მქონდა შეტანილი საჩივარი, მტკიცებულებები, მაგრამ არავს უთქვამს სიტყვა სამართლიანობის დასაცავად და არაფერი მოუმოქმედებიათ. გამოდის რომ ვიღაცეების ხელისდაფარება ხდება. ყველა საქმის კურსშია, მაგრამ ყურები აქვთ დახშული და თვალები დახუჭული.

ნათელა გოდერიძემ უთხრა მოსამართლეს და პროკურორს, თქვენი უსამართლობა გირგვლიანის საქმესავით თავზე დაგატყდებათ ერთ მშვენიერ დღეს. ჩემს ადგილზე მალე თქვენ იჯდებით, ამას გპირდებითო და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close