რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რეალური მიზეზი, რის გამოც უცხოელები საქართველოში სასწავლებლად ჩამოდიან

ბევრი უცხოელი ახალგაზრდაა ჩამოსული საქართველოში. ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტებში ეუფლებიან პროფესიებს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ზოგი საცხოვრებლადაც აქ რჩება. რა ხიბლავთ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს? რატომ სურთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიღება? რა პრობლემები აქვთ და როგორ ცხოვრობენ უცხო ქვეყანაში?  ,,euronews.ge” ამ საკითხებით დაინტერესდა და ამჯერად, ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა.

    ფუად საფაროვი, თბილისის  ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი:

  _ საქართველოში შედარებით ადვილია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და გადასახადიც ნაკლებია. რაც მთავარია, თქვენი ქვეყანა ახლოს არის აზერბაიჯანთან და ოჯახის მონახულებას ხშირად ვახერხებ.

   საქართველოში პირველად ჩამოვედი და ძალიან მომეწონა. ბევრი რამ მაოცებს და მიკვირს…

  _ მაინც, რამ გაგაოცათ საქართველოში?

_ ვიყავი თბილისობის დღესასწაულზე. ასეთი ლამაზი დღესასწაული ჩემს ქვეყანაში არ მინახავს. ქუჩები სავსე იყო ხალხით _ ქეიფობდნენ, სეირნობდნენ, წვავდნენ მწვადებს, ცეკვავდნენ. ძალიან ვისიამოვნე.  ასევე მომწონს თბილისის ღამის ცხოვრება. რესტორნები, კარაოკე, მაღაზიები, კლუბები ოცდაოთხი საათი მუშაობს. ჩემს ქვეყანაში კი ასე არ არის.

   _ თქვენთან დღესასწაულები არ ტარდება ან რესტორნები ღამით არ მუშაობს? 

_ აზერბაიჯანში, ღამის 3-საათზე გარეთ ხალხს თითქმის ვერ ნახავ. ვერ იპოვი ადგილს, რომ ჩამოჯდე და გაერთო. აქ კი ცხოვრება ღამითაც ,,დუღს”.

  _ ახლა შენს სწავლაზე ვისაუბროთ. ექიმ-სტომატოლოგობა რატომ გადაწყვიტე?

_ ბავშობიდან მინდოდა სტომოტოლოგი ვყოფილიყავი. მამაჩემიც სტომატოლოგია. ბაქოში კი რთულია უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა. უკვე მეორე კურსზე ვარ და 3 წელი დამრჩა.

  -რა პრობლემები შეგხვდა საქართველოში? 

– პრობლემები არ მაქვს, ყველა მეგობრულად მექცევა. ჩემს ჯგუფში ბევრია აზერბაიჯანელი. ცუდია, რომ ქართული ენა დღემდე ვერ ვისწავლე კარგად. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და დათვლა ვიცი. სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებ, აუცილებლად ვისწავლი. ახლა რუსულად ვსაუბრობ. მაღაზიაში, კაფეებში რუსული თითქმის ყველამ იცის.

ქართველი მეგობრები შევიძინე, თუმცა, ენის ბარიერის გამო, კომუნიკაცია მიჭირს. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. არ არის გამორიცხული, მაგისტრატურაც საქართველოში გავიარო.

  რაც უფრო შორს ხარ მშობლებისგან, მით უფრო კარგად გრძნობ, რა არის დამოუკიდებელი ცხოვრება და თავისუფლება. თავიდან ეს ცოტა რთულია, მაგრამ თუ მოინდომებ მიხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.

მარიამ კანაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close