რელიგია

,,ტრადიციის მიხედვით, პირველი ნაყოფი ყურძნისა თუ სხვა ხილის, ღმერთთან უნდა იქნას მიტანილი”

ხილის კურთხევის ტრადიცია.
პირველნაყოფის (ხილის) კურთხევის ტრადიცია, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე სრულდება ტაძრებში, სათავეს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ეპოქაში იღებს.
გვახსენდება კაენის და აბელის მსხვერპლის შეწირვა. კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა, რომელიც არ შეიწირა უფალმა, აბელის კი შეიწირა. (“და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭურვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე”.)
შემდეგ ეპოქაში უკვე ეგვიპტიდან გამოხსნილ ისრაელიანებს ძველ აღთქმის პერიოდში ევალებოდათ პირველ ნაყოფის მირთმევა ტაძარში.
– უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად. (მეორე რჯული 26:2)
აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.(მეორე რჯული 26:10)
თანამედროვე ეპოქაშიც ხილის კურთხევის ტრადიცია სხვა არაფერია თუ არა მადლიერების გამოხატვა უფლის წინაშე. ფერისცვალების პერიოდი ხომ სწორედ ის პერიოდია რა დროსაც განსაკუთრებული სისავსით ყველა ხილის ნაყოფის მოპოვება და მირთმევა შეგვიძლია უფლისათვის.
გვსმენია ისიც ყველას, რომ ფერისცვალებამდე ყურძნის თუ კიდევ სხვა ხილის სახეობისთვის პირის დაკარებაც არ შეიძლება. ეს მთლად ცრუ რწმენა არ არის, უბრალოდ შინაარს გამოცლილი ეს ტრადიცია გადავიდა ცრურწმენაში.
პირველ ნაყოფი მიწის თუ ცხოველის ნაშიერი(პირველშობილი) იყო ღვთისა, ანუ ადამიანებს უფლისათვის უნდა მიერთმიათ ტაძარში და მერე ჰქონდათ უფლება მათაც ესარგებლათ ამ ყველაფრით. ანუ ყურძნის ჭამა კი არ არის აკრძალული ფერისცვალებამდე, უბრალოდ პირველი ნაყოფი ყურძნისა თუ სხვა ხილის ღმერთთან უნდა იქნას მიტანილი ტრადიციის მიხედვით.
თავად ფერისცვალებაც ხომ უდიდესი დრესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.
უფალი ბრძანებს ვერ გადავა ეს მოდგმა ანუ ვერ გაიმარჯვებს ადამიანი ბოროტზე თუ არა მარხვითა და ლოცვით. სიმბოლურია ისიც რომ ფერისცვალების დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა ყოველთვის. ასე რომ ვინც არ იბრძვის ის ყოველთვის დამარცხებულია. ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვიბრძოლოთ (ვიმარხულოთ) და დედაღვთისმშობლის და უფლის სიყვარული გამოვხატოთ ამით.
ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას რომ არ ჭირდება მარხვა მას ისედაც უყვარს ღვთისმშობელი და უფალი მაგრამ ასე მოაზროვნე ადამიანს უფალი არიგებს იაკობის ეპისტოლით
– ” შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. შენ კი, ამაო კაცო, იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია.”(იაკობი 2)
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. ამინ.
ღმერთს ებარებოდეთ.
არქიმანდრიტი იოვანე ( მჭედლიშვილი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close