,,ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და არა სხვა თემებზე გადავიდეთ…”
რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით – შესაბამისი კითხვა “ქართული ოცნების” ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაუსვეს, რაზეც დეპუტატმა მედიას მიმართა: “თქვენ თუ ეს პასუხი უნდა მიაბათ დღევანდელ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია”.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პოლიტიკოსების, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლების მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ამით ხდება ამ თემების გადაფარვა ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ, გუშინდელ ტრაგედიასთან”, – განაცვხადა მდინარაძემ.
„მართლაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მითუმეტეს მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რასაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომის გადადების საკითხზეც იმსჯელა.