„ტიკტოკერი“ მარი ომანაშვილი დაიღუპა
„ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე თბილი ადამიანი“
დღეს, 30 სექტემბერს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ თელაველი მარი ომანაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიცნო, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი მარი ომანაშვილს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
„მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა… ადამიანი პოზიტივი, ადამიანი კეთილი… „ტიკ-ტოკზე“ პოპულარული ჩვენი თელაველი მარი, მშვიდად განისვენე, მარიკო, ყველას უყვარდი…
როგორ მეწყინა… ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე თბილი ადამიანი … მართლა გული დამწყდა და გული მეტკინა, საყვარელო გოგო… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. წავიდა და გადაინაცვლა მარადიულობაში… და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს.
სამყარომ როცა შანსი მისცა, კეთილი ადამიანების დახმარებით თავისი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, სწორედ მაშინ დაიღუპა“, – წერს ბლოგერი შოთო სიხარულიძე.