რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ღმერთი აუცილებლად გადაუხდის ჩვენი ოჯახის გაუბედურებისთვის

ჩვენი ოჯახის ტრაგედია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემმა ძმამ ოჯახში ის საზიზღარი ქალი შემოიყვანა. ჩემი მშობლები დარდმა გადაიყოლა,  თავზე დაგვემხო ოჯახი, რომელიც თითქმით საჩვენებელი იყო თბილისში. ახლა ჩემი ძმა ავადმყოფია, მშობლები აღარ მყავს და მეც მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებით ვცხოვრობ.

_ საზიზღარ ქალში ვის გულისხმობთ, ან რა ჭირს თქვენს ძმას?

_ ჩემი ძმა ახლა მძიმე ავადმყოფია და საწოლს არის მიჯაჭული. ის ქალი კი მისი ნაცოლარი გახლავთ, იმან არ გაიხაროს. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ცხოვრებაში არავინ დამიწყევლია, მაგრამ მას ყოველთვის დავწყევლი, რადგან ეს მისთვის ცოტაა, სიკვდილის ღირსია ის ქალი.

ჩემი ძმა წარმატებული პიროვნება იყო, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ცოლი არ მოყავდა. დედაჩემი ეხვეწებოდა, ისე არ მომკლა, შენ ცოლ-შვილს არ მომასწროო. ჩემებს უნდოდათ, ოჯახის გარეშე არ დარჩენილიყო და შთამომავალი ჰყოლოდა. ბოლოს და ბოლოს მოიყვანა ცოლი. ახლობელმა გააცნო და ბევრი აღარ უფიქრია, ისე გადაწყვიტა მისი მოყვანა. დიდი ქორწილი გადავიხადეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ჩემი ძმაც ბედნიერი ჩანდა. როცა გავიგეთ, რომ ორსულად იყო, ყველა გადავირიეთ სიხარულით, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი რძალი შეიცვალა, აგრესიული და ანჩხლი გახდა. შეიძულა ჩემი მშობლები, მეც არ მიყურებდა კარგი თვალით და კინაღამ მათთან მისვლაც ამიკრძალა. მოკლედ, ,,კლანჭები” გამოაჩინა. ალბათ იფიქრა, ბავშვის გამო ყველაფერს ადვილად მივაღწევო.

_ რისი მიღწევა უნდოდა?

_ უნდოდა, რომ ჩემი მშობლები საკუთარი სახლიდან გაეყარა და მხოლოდ თვითონ და მის და-ძმებს ენავარდათ იქ. ქმარსაც თურმე სულ იმას ჩასჩიჩინებდა, შენი დედ-მამა აქედან წავიდნენ, ქალიშვილიც ხომ ჰყავთ, მასთან იცხოვრონო. ბინა რომელშიც მე და ჩემი ქმარ-შვილი ვცხოვრობთ, მამაჩემის ნაჩუქარია და ეტყობა, ამიტომ იფიქრა ასე. ერთხელ პირდაპირ გამომიცხადა, არ შეიძლება, შენმა მშობლემა მარტო ცხოვრება გვაცადონო? ამის მერე მოვკიდე ხელი ორივეს და ჩემთან გადავიყვანე. ერთი წელი საკუთარ სახლს არცერთი არ გაჰკარებია, მაგრამ რძალი მაინც ვერ დაწყნარდა. ამჯერად ჩემს ძმას შეუჩნდა და სისხლი გაუშრო. პრეტენზიები არ გამოელია. მეზობლებიდან ვიგებდი მათ ამბებს. მეუბნებოდნენ, სულ ჩხუბის, მტვრევის და ბავშვის განწირული ტირილი ისმის თქვენი სახლიდანო. ბოლოს, ჩემი ძმა მოვიდა და გამოგვიცხადა, მეტი აღარ შემიძლია, უნდა გავუშვა სახლიდანო. წავიდა, მაგრამ ბავშვიც წაიყვანა და დაგვანატრა. ეს ვერ გადაიტანა ჩემმა ძმამ. შვილი ძალიან უყვარდა და მის მონატრებას ვერ გაუძლო.

 _ მეორედ ოჯახის შექმნა აღარ უცდია?

_ არა, დღემდე იმასაც ნანობს, რატომ დავუჯერე ჩემს მშობლებს, რად მინდოდა ცოლი, ასეთ სიმწარეს ხომ არ გამოვივლიდიო. ამ ნერვიულობის გამო სამსახურიც დაკარგა, სახლში ჩაიკეტა და დეპრესია დაეწყო. ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი. ზოგჯერ მთელი კვირა არ შემოდიოდა სახლში, იკარგებოდა და არავინ იცოდა სად იყო. ნელ-ნელა გახდა, ფერი დაკარგა…

_ მხოლოდ დეპრესია იყო ამ ყველაფრის მიზეზი?

_ რა თქმა უნდა, არა. მერე აღმოვაჩინეთ, დარდი ადვილად რომ გადაეტანა, ნარკოტიკის მიღება დაიწყო. თავიდანვე დიდ დოზებს იღებდა და რამდენჯერმე მეგობრებს ძლივს გადაურჩენიათ. როგორც ხდება ხოლმე, ოჯახის წევრებმა გვიან გავიგეთ ეს ამბავი. მამამ ისე ინერვიულა, ინსულტი დაემართა და ექიმებმა ვეღარ უშველეს. ამის შემდეგ, წელიწადნახევარში დედაც დაიღუპა. ის დღე არასდროს დამავიწყდება. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მეზობლის ხმა ცუდად მენიშნა. მითხრა, დედაშენს მაღალი წნევა აქვს და იქნებ სასწრაფოდ მოხვიდეო. გიჟივით გავიქეცი მშობლების ბინაში და იქ გარდაცვლილი დედა დამხვდა.

მას შემდეგ ჩემი ძმა მარტო ცხოვრობს, თუ ამას ცხოვრება ჰქვია. ნარკოტიკის გარეშე აღარ შეუძლია ყოფნა. ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ექიმთან მივიდა. საშინელი დაავადება აღმოაჩნდა… ღვიძლი ეშლება ჩემს ერთადერთ დედმამიშვილს და მე ვერაფერს ვშველი. წამალი უკვე აღარ მოქმედებს.

ახლა ჩაწოლილია. მე კი ხან ჩემს ქმარ-შვილს ვუვლი და ხანაც ძმის მოსავლელად გავრბივარ. სიცოცხლე შემძულდა. ვწყევლი იმ დღეს, როცა ის საზიზღარი ქალი ჩვენს ოჯახში შემოვიდა და გაგვაუბედურა. რომ არა ის, მისი კაპრიზები და საშინელი ხასიათი, დღეს მშობლებიც მეყოლებოდა და ჩემი ძმაც კვლავ წარმატებული ადამიანი იქნებოდა. ასეთმა არ უნდა გაიხაროს. ღმერთი აუცილებლად გადაუხდის ჩვენი ოჯახის გაუბედურებისთვის.

ნანა რ-შვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close