პოლიტიკა

“რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით”

დავით უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური ძალა „შენების მოძრაობა“ სადამფუძნებლო პრინციპებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოძრაობაში გაერთიანდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც განსხვავებული წარსულის მიუხედავად,  ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად თანხვედრი დასკვნები და ხედვები აქვთ.

 „შენების მოძრაობა 

სადამფუძნებლო პრინციპები

რაც კარგია, ვუვლით

რაც ცუდია, ვცვლით

რაც გვაკლია, ვქმნით

„შენების მოძრაობაში“ ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, განსხვავებული წარსულის მიუხედავად, გვაქვს თანხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად: 

მიგვაჩნია, რომ მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად;

ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს;

გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი. შესაბამისად, ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურები შეასრულებენ;

მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას. ამავე დროს, ქვეყნის შენება შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარების მკაფიო ხედვისა და პროგრამის გარეშე. ამიტომ ჩვენი კრედოა – რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით;

გვჯერა, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს; 2 ვთანხმდებით, რომ „შენების მოძრაობა“ უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close