თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. კერძოდ, ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და ის, რომ მას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

წარდგენილი ახალი ბრალის თანახმად, თორნიკე ტ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტ. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა.

წყარო: on.ge

 

კომენტარები
Загрузка...