თითქმის საუკუნის შემდეგ, რაც ვულკანის ამოფრქვევამ ჩამარხა, ახალი ზელანდიის ვარდისფერი და თეთრი ტერასები შესაძლოა ბოლოსდაბოლოს კვლავ აღმოაჩინონ ფერფლისა და ტალახის ფენების ქვეშ. 

ერთ დროს მას მსოფლიოს ბუნებრივი საოცრება უწოდეს; დედამიწაზე უდიდესია მსგავსი სახის კვარცის დეპოზიტებს შორის. 1886 წელს ეს ტერასები ვულკან ტარავერას ამოფრქვევამ შთანთქა. თუმცა ამჟამად, მეცნიერები აცხადებენ, რომ დადგენილია ადგილი, სადაც ისინი ჩაიმარხა და ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი მთელი ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგადაც შეინახა.

„ისინი  ბრიტანეთის იმპერიისა და მთლიანად სამხრეთ მახევარსფეროს უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონახულება გარკვეულ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ტერასებს დიდძალი ხალხი აწყდებოდა მთელი ევროდან და ამერიკიდან“, — უთხრა The Guardian-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რექს ბანმა.

„თუმცა, ხელისუფლებას მაშინ ის არასოდეს აღუნუსხავს, შესაბამისად, არ არსებობს ძეგლის ზუსტი კოორდინატები“.

აყვავების ზენიტში, ახალი ზელანდიის ვარდისფერი და თეთრი ტერასები კვარცის უდიდეს „სინტერიკულ“ დეპოზტიებად მიიჩნეოდა მთელ პლანეტაზე.  სინტერიკას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მინერალური წყარო ან გეიზერი საკმარის დანალექებს შეიცავს, რათა ირგვლივ წარმოქმნას ქერქი, შექმნას ბუნებრივი მიწაყრილი, ტერასები ან კონუსები.

თეთრი ტერასები ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, როტომაჰანის ტბის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაპირებზე მდებარეობდა, ვარდისფერი ტერასები კი იქვე ახლოს, სხვა ნაპირზე.

მიჩნეულია, რომ ტერასების ვარდისფერი შეფერილობა განპირობებული უნდა ყოფილიყო ისეთი პიგმენტირებული ბაქტერიის ვრცელი კოლონიების არსებობით, როგორიცაა Thermus ruber-ი — იმ მიკროორგანიზმთა ნათესავები, რომლებიც კაშკაშა შეფერილობას აძლევენ იელოუსტონის ეროვნული პარკის სახელგანთქმულ „დილის დიდების“ ტბორს.

2016 წელს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა რექს ბანმა მნიშვნელოვანი სამუშაოები დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევარმა საშა ნოლდენმა რამდენიმე წლით ადრე აღმოჩენილი ძველი დღიური გადასცა.

დღიური მე-19 საუკუნის გეოლოგ ფერდინანდ ფონ ჰოჩშტეტერს ეკუთვნის, რომელიც 1859 წელს, ახალი ზელანდიის ხელისუფლების დავალებით კუნძულების გეოლოგიურ მიმოხილვას აწარმოებდა.

საკუთარ ჩანაწერებში, ჰოჩშტეტერს ჩანიშნული ჰქონდა როტომაჰანის ტბის კომპასით კვლევის ნედლი მონაცემები, რომელიც ქალაქ როტორუიდან 20 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ჰოჩშტეტერის ჩანაწერები ვულკანის ამოფრქვევამდე 30 წლით ადრეა გაკეთებული, რა დროისთვისაც თეთრი და ვარდისფერი ტერასები ძალზე გამორჩეული იყო მთელ არეალში.

მაგრამ ვულკანის ამოფრქვევამ არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი საოცრება ჩამარხა, არამედ სასტიკად შეცვალა მთლიანად ლანდშაფტი.

სასამართლო კარტოგრაფიის მეთოდით, ბანმა და ნოლდენმა ფონ ჰოჩშტეტერის ტბის რუკის რეკონსტრუქცია მოახდინა; პროცესში ამჟამინდელი ტოპოგრაფიული რუკები შეადარეს 1859 წლის მონაცემებს და ძირითადი გეოლოგიური მახასიათებლები ერთმანეთს მანამდე დაამთხივეს, სანამ ისინი კონკრეტულ ლოკაციებსა და ტერასებამდე არ დავიწროვდა.

შესაძლოა ეს ყოველივე ძალიან მარტივად ჟღერდეს, თუმცა სინამდვილეში, პროცესი ბევრად რთული და შრომატევადი აღმოჩნდა.

„12 თვის განმავლობაში, კვლევაში უნდა გაგვეტარებინა 2500 საათი“, — უთხრა ბანმა Stuff.co.uk-ს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საუკეთესო მეთოდთა გამოყენებით, ტერასების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. მიზანთან ისე ახლოს ვართ, როგორც არავინ ყოფილა ბოლო 130 წლის განმავლობაში“.

მნიშვნელოვანია უკანასკნელი ნაბიჯები — ბოლო წლებში კიდევ რამდენიმე ჯგუფი გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ ტერასები ნაპოვნი ჰქონდათ. განხილვის საგანი იყო ისიც, გადაურჩა თუ არა ღირსშესანიშნაობა ვულკანის ამოფრქვევას.

საკუთარ კლვლევაზე დაყრდნობით, ბანი აცხადებს, რომ მან შექმნა ალგორითმი, რომელიც თეთრი და წითელი ტერასების ადგილმდებარეობას 35-მეტრიანი ცდომილებით მიუთითებს.

მისი განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ასობით მეტრზე გადაშლილ ტერასებს, 35 მეტრი არაფერია და უკვე შესაძლებელია გათხრების დაწყება, რათა ბუნების ამ საოცრებამ კვლავ იხილოს დღის სინათლე.

გათხრების უფლება ტოჰურანგის ადგილობრივ ტომობრივ მმართველობას მიეცა. ბანის თქმით, თუკი ისინი გათხრებს დაიწყებენ, აუცილებლად იპოვიან ტერასების ხელუხლებელ ნაწილებს.

ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, მართლაც სწორად მიაგნეს თუ არა ბანმა და ნოლდენმა ტერასების ადგილმდებარეობას, მაგრამ თუკი აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც კიდევ არსებობს, მსოფლიო ერთ-ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნაობას კვლავ შეიძენს.

კვლევა Journal of the Royal Society of New Zealand-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები