პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, სააკაშვილმა მიყვირა…

მიხეილ სააკაშვილს, გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ორჯერ დაურეკა. სუბარმა იმ პერიოდში არსებული ვითარება დეტალურად გაიხსენა.

“სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი. თავდაპირველად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ჰქონდა ადგილი, მეგონა ჩვეულებრივი კრიმინალი. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. დავიწყე მოკვლევა, ვიყავი ირინა ენუქიძესთან. ის მეკითხებოდა, რა შემიძლია გავაკეთო და დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებდი, დღის სინათლეზე გავიტანდით ყველა დეტალს. შესწავლიდან რამდენიმე დღეში გამოიკვეთა, რომ არასწორი საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას ცდილობდა დონაძე, თითქოს ეს იყო სვანური კრიმინალური გარჩევა. ამის მერე წერილობით მივმართე ვანო მერაბიშვილს, რომ გურამ დონაძე გაეთავისუფლებინა პრესსამსახურიდან არასწორი ქმედებისთვის”, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, დონაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

“შევაგროვეთ ინფორმაცია და მხოლოდ მკვლელობისთვის დაკავებულების ბრალი არ იკვეთებოდა. ბარში, საიდანაც ინციდენტი დაიწყო, იყო მერაბიშვილის მეუღლე და იქ მყოფების დაქვემდებარებულმა პირებმა გაიტაცეს გირგვლიანი. მე მაშინ გავაკეთე საჯარო განცხადება და ვთქვი, რომ ეს არის შემზარავი დანაშაული და შსს არის ცივსისხლიანი. ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს, დამირეკა, ყვიროდა.  ტელეფონი გავთიშე, მერე  მძღოლის ნომერზე დამირეკა და მითხრა, ესე იგი ჩვენ პარაგვაი ვართო? ვუთხარი, რომ არ ვიცი, პარაგვაიში რა ხდება, მაგრამ გამოდის, რომ ასეათქო და სააკაშვილმა გამითიშა ტელეფონი”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close