,,ხალხის პარტიის” ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან ჩატარდა, ინციდენტი მოხდა პარტიის ლიდერსა და პოლიციას შორის. euronews.ge -მ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გადაიღო.

ლექსო კობაიძე, ,,ხალხის პარტიის” ლიდერი:

_ დღეს, აქციას ვატარებდით პარლამენტთან, მაგრამ პოლიცია შეეცადა, აქცია ჩაეშალა. აქციის შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ, ამიტომ სანამ ჩვენ მივიდოდით, იქ  უკვე დაგვხვდა საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი. ჩვენი აქცია ეძღვნებოდა იმას, რომ წინათ ნაციონალები ირგებდნენ კონსტიტუციას და ახლა, ამას ,,ქართული ოცნება” აკეთებს.

აქცია რომ დავიწყეთ, სწორედ იმ დროს, პარლამენტის შენობიდან გამოვიდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, რომელიც წინათ იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მერე კი გადაპორტირდა ,,ქართულ ოცნებაში”. მას უნდოდა, ავტომანქანით გადაადგილებულიყო გზის სწორედ იმ მონაკვეთზე, სადაც აქციას ვატარებდით. პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ ხელს ვუშლიდით დანელიას ავტომანქანით მოძრაობაში და ამ ტერიტორიიდან უნდა გადავსულიყავით,  რასაც მოჰყვა ეს ინციდენტი და ჩვენი ადექვატური რეაქცია.

პოლიციამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის პოლიტიზირებული. კონსტიტუციით გვაქვს უფლება, სადაც გვინდა და როცა გვინდა მაშინ ჩავატაროთ აქცია. პოლიცია შეეცადა, ჩვენი აქცია ჩაეშალა, რისი საშუალებაც არ მივეცით. ინციდენტის დროს დანელია გაისუსა და გაიპარა. ის ვერ ჩაერთვებოდა ამ ინციტენტში, რადგან ეს აქცია სწორედ მისნაირებს ეძღვნებოდა.

ჩვენ მაინც ჩავატარეთ აქცია, თუმცა ამით მტკიცდება ისიც, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენნაირი ადამიანების. ის ცდილობს, შეგვიზღუდოს უფლებები და თამამად ვერ გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

 

კომენტარები