რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ელიას მთა გულზე ხელებდაკრეფილ, თმაგაშლილ ქალს ჰგავს _ უცნობი ლეგენდა

  ,,დიდი ხნის წინათ, თათართა ბატონობის ხანაში, სოფელი შეწუხებული ყოფილა თათრების აოხრებისგან და მათ მიერ სოფლის მკვიდრთა ხშირი მოტაცებისგან.
ერთხელაც, ასეთი მორიგი აოხრების შემდეგ, ქართველები მდევრის მოსვლასა და გატაცებულების უკან დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ მდევარები ხელცარიელნი დაბრუნდნენ უკან, მაიასა და ზურაბის შესახებაც ვერაფერი შეეტყოთ, რომლებიც გატაცებულთა რიცხვში ყოფილან.
მაიას შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს ქართველებმა. მაია იმედს არ კარგავდა, რომ ზურაბი იპოვნიდა და უშველიდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა დრო მოეგო. შაჰის შვილსაც ამიტომ დასთანხმებია ცოლობაზე: ცოლად გამოგყვები, ოღონდ ქართულ საქორწინო ტანსაცმელში გამომაწყვეო. არ სიამოვნებია თათარს ქართველი ქალის სურვილი, მაგრამ რას იზამდა?!..
მაია ელოდა, ზურაბი არ ჩანდა, ის თათრებთან ბრძოლაში დაღუპულიყო, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. მაიამ გაქცევაზე დაიწყო ფიქრი, ამ მიზნით მან მომვლელი ქალიც მოისყიდა, რომელიც დათანხმდა მის სურვილს, საბოლოოდ შორიდან შეევლო თვალი მშობლიური სოფლისთვის. გზაზე მაიამ ხანჯალი იპოვა, რომელიც ზურაბს ეკუთვნოდა. მიმხვდარა ქალი, რომ ზურაბი ცოცხალი აღარ იყო, გზაში ხანჯლისგან ჯვარი გამოუთლია.
მოსაღამოვდა, მზე დასავლეთისკენ გადაიხარა.
მაიას ქერა თმა ჩაუმუქდა, კაბა ძოწისფერი გაუხდა, თვალებს ცისფერი ფერი მოედო, უკანასკნელად შეხედა საყვარელ მხარეს..
პირში ჯვარი დაიჭირა, აქაო და, თათარი არავის ვეგონოო, მაგრად ჩაიკრა გულში ხანჯალი და ბროწეულისფერმა სისხლმა იფეთქა კიდეც… დაწვა, გასწორდა, ხელები გულზე დაიკრიფა და ცრემლმორეულმა საქართველოს ცას ახედა… მშვიდობითო, დაუბარა მერცხლებს…

   სწრაფად მოვარდა მონა ქალი, მაგრამ გვიანი იყო. მაია გაცივდა, ქალი გაქვავდა… მას შემდეგ ქართველები ამაოდ ელიან ზურაბს, როდის დაბრუნდება და დაიტირებს მისი მახვილით გულგანგმირულ ქალს.
P.S. შორიდან, მართლაც, ძალიან ჰგავს ელიას მთა გულზე ხელებდაკრეფილ, თმაგაშლილ ქალს…”

ელიას მთა მდებარეობს დედოფლისწყაროში. ყოველწლიურად, 2 აგვისტოს, ელიაობას განსაკუთრებულად დღესასწაულობენ ამ კუთხეში. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ალექსანდრე დიუმამ საქართველოში მოგზაურობის დროს მოკლე ჩანაწერი გააკეთა: ” თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდა მთაში ამაღლდა”…

წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს”.

წყარო: ქიზიყი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close