ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ჯანი ბუკიკიოს გუშინდელი განცხადება “თარგმანის მხრივ გაზვიადებული იყო.”

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ჯანი ბუკიკიოს განცხადებიდან მხოლოდ სიტყვა “იმედგაცრუებას” მიექცა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუსია, რაზეც უმრავლესობა შეთანხმდა.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო იმდეგაცრუება გამოხატა, თუმცა შემდეგ ტონი შეარბილა.

“საერთო ჯამში, კონსტიტუციური ცვლილებები პოზიტიურად ფასდება. ჩემი მთავარი მესიჯი ეხება კონსენსუსის საჭიროებას… დანარჩენი, ვფიქრობ, ქვეყნის შიდა საქმეა”, – განაცხადა ბუკიკიომ.

წინა განცხადებაში ბუკიკიო აღნიშნავდა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან პროცესი იმედისმომცემი იყო, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვდება.

ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.

კომენტარები