ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპარლამენტარი:

_ ვინც არაფერს არ თმობს, მას მოუწევს ყველაფრის დათმობა!
დამთავრდა საკონსტიტუციო ცვლილებების ბატალიები და ხელისუფლებამ არავის არაფერი არ დაუთმო, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ოცნებისტებმა ისეთნაირად „გააიმასქნეს“, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გარანტირებულად ეყოლებათ შუშის სასახლიდან მართული, თვითონ არაფრის გადამწყვეტი და არაფრის მაქნისი საპარლამენტო უმრავლესობა და არაკოალიციურ-არაკვალიფიციური საკუთარი კარიკატურა მთავრობა.
მე-5 წელიწადია ოცნებისტების ხელისუფლებაც არაფრით არ თმობს „დიდი ქართველი ფინანსისტის“, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 1997 წელს მიღებულ, მე-19 საუკუნეში ჩარჩენილ ადამ სმიტისეულ ულტრალიბერალურ და არასახელმწიფორეგულირებად, მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების ბატონობაზე და საშუალო ფენის გაქრობაზე ორიენტირებულ საგადასახადო კოდექსს, რომელმაც საქართველოში უკვე დაამკვიდრა მევახშე-ბანკირთა თარეში, 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, მცირე მეწარმეთა განადგურება, უმუშევრობა, სიღატაკე, შიმშილი, ქართული ოჯახების ნგრევა, აყრა და ნებაყოფლობითი გადასახლება უცხოეთის ჯოჯოხეთებში!
როგორც ჩანს, ოცნებისტების ხელისუფლებისათვის ძალიან კომფორტული და მისაღები აღმოჩნდა დღევანდელი ნოღაიდელისტურ-კრიმინალური საგადასახადო კოდექსი, რომელიც ყოველდღიურად მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს და ღარიბებს კი აღარიბებს, თანაც იმ დონეზე, რომ დღეს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებით ღარიბია მოსახლეობის 99,2%, მდიდარია 0,8% და არ არსებობს, საერთოდ გამქრალია საშუალო ფენა.
ამრიგად, პრემიერ-მინისტრის რანგში ივანიშვილის მიერ დაწყებული 10-წლიანი „შუაგაკრეფის“ პროგრამა ეკონომიკაში ოცნებისტების ხელისუფლებამ წარმატებითა და დიდი გადაჭარბებით შეასრულა 5 წელიწადში. გილოცავთ ოცნებისტებო, მაგრამ რაღაც ხომ არ აურიეთ? მე მგონი, ბატონი ბიძინას პროგრამა „შუაგაკრეფას“ ითვალისწინებდა არა ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკაში!
ასევე, მე-5 წელიწადია ოცნებისტების ხელისუფლება არაფრით არ თმობს ურყევ პოზიციას, რომ არ აღდგეს 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, რომელიც ჩვენი დიდი ძალიასხმევით იქნა მიღებული 1999 წელს.
როგორც ამ კანონის გამაუქმებელმა, ღვთისა და ერისგან დაწყევლილმა ნაციონალებმა, ისე მათთან აზელილ-დაზელილმა ამ კანონის არააღმდგენელმა ოცნებისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ სანამ ეს კანონი არ აღდგება, საქართველოში მოსახლეობის არავითარი დასაქმება არ დაიწყება, მაგრამ ვერ თმობენ ქართული მცირე მეწარმეობისათვის გამოყოფილ იმ ასეული მილიონობით გრანტებს, ტრანშებს, დახმარებებსა და შეღავათიან კრედიტებს, რომლებიც დღეს ამ კანონის არარსებობის გამო მცირე მეწარმეთა გვერდის ავლით უწყვეტად მიედინება მათ კოჰაბიტირებულ უძირო ჯიბეებში.
მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენის შემდეგ კი, ავტომატურად აღდგება რა „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ სახით მცირე მეწარმეობის მართვის ოფიციალური კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურა და ამ მართვის სტრუქტურასთან, ანუ „ცენტრთან“ ასევე კანონიერად მიბმული „მცირე საწარმოთა საინვესტიციო ფონდი“, მცირე მეწარმეობისათვის გამოყოფილი ეს ასეული მილიონობით ფინანსური ნაკადები ამ მაფიოზურ-კრიმინალური ბანდების გვერდის ავლით რეალურად მოხმარდება მცირე მეწარმეობასა და დაიწყება მოსახლეობის მასიური დასაქმება ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული, კომპლექსურად ერთმანეთთან დაკავშირებული 6 უნიკალური ეკონომიკური რეფორმით.
რაოდენ გულსაკლავია, რომ ჩვენი გაღატაკებულ-დამათხოვრებული მოსახლეობის დასაქმება-დაპურების ეს რეფორმები მე-5 წელიწადია არ იწყება, ეწირება ვიღაც გაღორებული მაფიოზების კიდევ უფრო გაღორებულ მადას და ამას გულარხეინად შესცქერის ჩვენი ბედოვლეთი პარლამენტი და მთავრობა. გაღორებულ მაფიოზებს კი ბიძინა ივანიშვილი შუშის სასახლის საიმედო საინფორმაციო ვაკუმში ჰყავთ გამოკეტილი და ცივ ნიავთან ერთად იმ ჯოჯოხეთურ ინფორმაციასაც არ აკარებენ, რომ საქართველოში არ არსებობს მცირე მეწარმეობის, ანუ დასაქმების არავითარი კანონი და ამ მიზეზით, როგორც უცნობის ერთ-ერთ ნაცნობ კლიპშია, „ქვეყანაში შიმშილია, შიმშილია!“
ოცნებისტების ხელისუფლება მე-5 წელიწადია შეუვალი სიჯიუტით ასევე არ თმობს პოზიციას, რომ აღადგინოს ქართველთა ამოჟლეტის მეოცნებე ნაციონალების მიერ 2004 წელს დანაშაულებრივად გაუქმებული, მშენებლობის სამინისტრო, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოადგენს რა მოსახლეობის სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტს, არსებობს როგორც ევროკავშირის, ისე პოსტსაბჭოურ ყველა ქვეყანაში. 10 წელიწადზე მეტია თავდაუზოგავად ამაოდ ვიბრძვით სამინისტროების რიცხვის გაზრდისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არადა, პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება, თუ მოხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმირება ჩვენს მიერ შეთავაზებული ისრაელის მშენებლობის სამინისტროს მოდელის მიხედვით, რაზედაც დღემდე პასუხს არ გვცემს ხელისუფლება.
პრობლემა აქაც აღმოჩნდა გაღორებული სატენდერო მაფია, რომელსაც „ატკატების“ სახით რჩება რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის სამინსტროს მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო და სპეცსამუშაოების ტენდერებზე გატანის დროს. დიახ, ამ სატენდერო მაფიის ღორობას ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როცა მომაკვდინებელი სამშენებლო-ეკოლოგიური ნორმების დარღვევებით გამოწვეული დაავადებებისაგან დღეს საქართველოში ყოველდღიურად ბევრი ავადდება, ბევრ დაავადებულს დაავადება კიდევ უფრო უმძიმდება და ბევრი უკვე მძიმედ დაავადებული კი კვდება!
უფრო მეტიც, ამ სატენდერო ღორების ღორულ მადას შეიძლება შეეწიროს თბილისი და ნახევარი საქართველო, რადგან 8-ბალიანი მოსალოდნელი მიწისძვრის დროს (თბილისი ხომ 8-ბალიან სეისმურ ზონაშია!) მშენებლობის სამინისტროს არარსებობისა და, შესაბამისად, ელემენტარული სეისმური უსაფრთხოების არარსებობის პირობებში, თბილისი შეიძლება გადაიქცეს ნანგრევების ქალაქად და ამ ნანგრევებში ჩაიმარხოს თბილისში მცხოვრები ნახევარი საქართველო. ამას ელოდებით თქვე უღმერთო ნაციონალებო და ოცნებისტებო ჩვენი გადამრჩენელი მშენებლობის სამინისტროს გაუქმებითა და არაღდგენით?
მოკლედ, ოცნებისტების ხელისუფლება არაფერს არ თმობს და კლდესავით დგას არ შეცვალოს მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონიის დამკანონებელი არადემოკრატიული საარჩევნო და კრიმინალური საგადასახადო კოდექსები, არ მოიკლოს ოხრად ნაშოვი „ატკატები“ და არ აღადგინოს მოსახლეობის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა, აგრეთვე ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მთავარი გარანტი-მშენებლობის სამინსტრო. პოლიტიკური ანა-ბანას არმცოდნე ოცნებისტებს გვინდა შევახსენოთ ერთ-ერთი პოლიტიკური ანა-ბანა: ვინც არაფერს არ თმობს, მას მოუწევს ყველაფრის დათმობა!
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ზომიერ დათმობაზე წასვლას. ოცნებისტები თუ ამაზე არ წავლენ, მაშინ 99,2% ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა ნაღდად დაუპირისპირდება 0,8% მდიდარ მოსახლეობას და ამ დაპირისპირებაში არაფრის დამთმობმა ოცნებისტებმა შეიძლება ყველაფერი დათმონ ხელისუფლების ჩათვლით.

 

კომენტარები
Загрузка...