რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სკანდალი! დამტვრეული უნიტაზები, ხელსაბანები, საშხაპეები და კედებიანი ჯარისკაცები ქართულ ჯარში

თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმის შემდეგ,  საკონტრაქტო ჩარიცხვასა და სავალდებულო გაწვევაზე დაიწყო საუბარი. როგორც შევიტყეთ, კონტრაქტის პირობები და პირთა პრივილეგიები გულგრილს არავის დატოვებს. მასში ხაზგასმით არის ნათქვამი თანამედროვე ,, ეკიპირების“ შესახებაც, რომელსაც უწყება გადასცემს პირს, რომელიც ჩაირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სიტუაციის შესახებ სასაუბროდ დავუკავშირდით ,,შეიარაღებული ძალების  სამოქალაქო კონტროლის“ ჯგუფის ხელმძღვანელს, თადარიგის ოფიცერს – დავით ნემსაძეს.

_ ბატონო დავით, რა მდგომარეობაა არმიაში? რეფორმამ როგორ იმოქმედა ჯარისკაცების მორალურ მდგომარეობაზე?

_ ამ პროცესს მინისტრმა იზორიამ მტკივნეული უწოდა. მისი სიტყვებიდან გამომდინარეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ როცა გტკივა, კარგად ვერ იქნები. რეალობა ის გახლავთ, რომ იზორიას ანტიკონსტიტუციურმა რეფორმამ რომელიც არ ჯდებოდა  კანონის ფარგლებში სრულიად მოსპო საკადრო პოლიტიკა და დემორალიზაცია მოახდინა პირადი შემადგენლობის.

_ რას გულისხმობთ?

_ ჯარი სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმაა და არ შეიძლება, რომ პირადი შემადგენლობა ტერორის ქვეშ გყავდეს. მათ ისიც ეყოფათ, რომ თავიანთი თავი სამშობლოს მიუძღვნეს. ჯარისკაცმა არ იცის როდის მოუწევს სიცოცხლის გაღება სამშობლოსათვის. ეს მისი ვალდებულებაა. ის ამ პროცესისთვის ამზადებს თავის სხეულს და გონებას. მთელი ცხოვრება მიძღვნილი აქვს ამ საქმიანობისთვის და როდესაც მას ეუბნები, რომ ხვალიდან შეიძლება ის არმიაში აღარ იყოს იმიტომ, რომ თურმე, მისი ,,რეფორმის“ ჩარჩოში ვერ ჩაჯდა, ცხადია, ის კარგავს სულისკვეთებას და იწყებს ფიქრს, როგორ მიატოვა ქვეყანამ, რომლისთვისაც  მზად არის, სიცოცხლეც გაიღოს. ეს არის სწორედ ძალიან მტკივნეული.

  _ როგორ ფიქრობთ, ამაზე მინისტრი არ დაფიქრდა?

_ არ ვიცი მან რა გათვალა. ფაქტია, რომ არმიას პოლიციელები და უშიშროების თანამშრომლები ვერ ააშენებენ, მისი ქმედებით კი სწორედ ისინი დარჩნენ ჯარში, ხოლო სამაგიეროდ, სამხედრო პროფესიონალთა ელიტა ქუჩაში უმოტივაციოდ გააპანღურეს.  მათ შორის არაერთ ომში ნაბრძოლი, დამსახურებული ვეტერანები.

 _ როგორც ამბობენ, სამაგიეროდ, კონტრაქტები საკმაოდ გაუმჯობესებულია და ეს ცუდია?

_ რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა. სასიკეთო მხოლოდ იმათთვისაა ეს კონტრაქტი, ვინც ნეპოტიზმით აღზევდა. არმიას კღუპავს ფავორიტიზმი. დამისახელეთ ერთი შემთხვევა, რითაც გააძლიერეს არმია. გირჩევთ, თავდაცვის უწყების მმართველი რგოლის  ადმინისტრაციულ ხარჯებს და პრემიებს გადახედოთ. აი, მაშინ კი ნამდვილად  დარწმუნდებით პირადი კეთილდღეობის ,,სიძლიერეებში“. დასანანია, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე და სახელმწიფოს სახელით ხდება. როცა ჯარისკაცი ჩაუცმელი გყავს, არათუ პრემია, ხელფასიც მოკრძალებული უნდა გქონდეს ხელმძღვანელს, თუმცა ,,როცა მმართველი თავისი ცოდვების მონაა, მას ვერ უშველის უძლეველი არმიაც. „ იზორიას შემთხვევაც ასეთია. მისი სისუსტე გახლავთ სტრატეგიული ნეპოტიზმი და კუთხურობის ნიშნით ხალხის დაწინაურება.

_ როცა ასე საუბრობთ, ნეპოტიზმის ფაქტებიც გექნებათ. დაგვისახელეთ…

_ გადახედეთ უწყების მმართველ რგოლს. ეს მარტივი ფორმულაა იზორია+ გენისპექციის უფროსი – ალექსანდრე ბაზაღუა+ გენერალური შტაბის უფროსი – ვლადიმერ ჩაჩიბაია + გენერალური შტაბის პირველი მოადგილე – ნიკოლოზ ჯანჯღავა+ ბაძაღუას სიძე – ძერია+ კადრების სამსახურის მმართველი რგოლი – გელა კილასონია + ბატონი ხოშტარია. ეს ჯამში  უდრის უბედურებას და ცხადია, ნაკლია სახელმწიფოსთვის.

მის საკადრო გადაწყვეტილებებში  სტრატეგიული არაფერია. არის მხოლოდ  ტაქტიკური-ნეპოტიზმი და პროვინციული ლამბერსექსუალიზმი. მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ,,რეაქტიულ ავიაციას იმიტომ გაყიდის, რომ შვეულმფრენები იყიდოს, რადგან, თურმე ასე ჯობს ჩვენი ქვეყნის რელიეფის გამო, ამის მერე რა კომენტარი უნდა გავაკეთო იზორიას სტრატეგიაზე? კაცს, სამხედრო ავიაცია პირადი გარაჟი ჰგონია, საიდანაც მანქანას გაყიდის და მეორეს შეიძენს. თუმცა, ეს მისი ბრალიც არაა. რთულია, პოლიციელს მოსთხოვო სამხედრო ხელოვნებისა და ძალთა ბალანსის ცოდნა.

_ გენერალური შტაბი რაღას აკეთებს, მათ ფუნქციებში აღარაფერი შედის?

_ რა უნდა გააკეთონ? სამსახურში დადიან, ხელფასს იღებენ.. ისეთივე კომპეტენტური გენშტაბი გვყავს, როგორიც თავდაცვის მინისტრის აპარატია. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიერ ორკვირაში მომზადებული რეზერვი, ყვითელი ავტობუსები და 2008 წელში დაღუპული რეზერვისტები, რომელთა უმრავლესობაც ,,კომპეტენტურმა“ წვრთნამ და აღჭურვამ დაღუპა. ფაქტია, რომ ჩვენს შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ და ბატონი ნიკოლოზ ჯანჯღავაც, ახლა უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ალბად იმიტომ, რომ უფრო დიდად დააზარალოს მდგომარეობა. იცით, მე არ მიყვარს პერსონიფიცირება, მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც სისტემას ქმნის და ამ სისტემას ყოველთვის მივყავართ რეჟიმამდე. ჯარი კი ციხე არაა, რომ რეჟიმი დაამყარო. იქ დისციპინაა საჭირო.

_ რას გვეტყვით თანამედროვე ამუნიციაზე, რომელზეც თავდაცვის უწყება საუბრობს?

_ არმიიდან 2016 წელს დამითხოვეს. საკითხავია, რას მოიაზრებენ სიტყვა ,,თანამედროვე”-ში. ჯარისკაცის ფორმა უნდა შეესატყვისებოდეს მის ხარისხს. მას აქვს თავისი გაცემის წესი და ინტერვალი. ქალბატონმა ხიდაშელმა არმია დაყო ორ ბანაკად: სამხედრო სავალდებულოდ და სამხედრო საკონტრაქტოდ. ეს იყო იდეოლოგიური დაყოფა, რაც შლის არმიას. ახლაც ასე ხდება. სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან  ფორმით და ვარცხნილობით. მათ მხოლოდ რანგი და წოდება გამოარჩევს. დღეს რომ შეხედოთ ჯარს, დაინახავთ, რომ ის არის აჭრელებული. სავალდებულო ჯარს ან მეორად ფორმას აძლევენ ან ჩინური დაფოთვლის სამხედრო-საველე ფორმას, რომელიც ხარისხში და ფერში რადიკალურად განსხვავდება საკონტრაქტო სამსახურის ფორმისაგან. ეს არის დანაშაული. აჟიტირებული იზორია  აცხადებს, რომ 30 მილიონი დაზოგა ვეტერანების უწყებიდან გაყრით. სად წავიდა ის ფული ან საერთოდ, სად მიდის ექვსას მილიონზე მეტი ფინანსური შემოსავალი,  როცა არმიაში პირველადი სახის საყოფაცხოვრებო პრობლემებია და არც სულისკვეთება არის მაღალი? ეს ხდება იმიტომ, რომ ჯარისკაცები დაატერორეს ე.წ. რეფორმა-ოპტიმიზაციით.

  _ საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც გვესაუბრეთ. ინფრასტრუქტურა არის  გაუმართავი თუ რა ხდება კონკრეტულად?

_ მე შემიძლია ვთქვა, რომ ხელმძღვანელობას, პირადი ინფრასტრუქტურა აქვს გამართული. არმია კი არ ანაღვლებთ… პეარით ჯარს ვერ ააშენებ. დიდად ვეჭვობ, რომ იზორიას და ჩაჩიბაიას ხელში, საქართველოში სამხედრო საქმე აეწყოს. ჩემის საქმიანობიდან გამომდინარე ხშირი კონტაქტი მაქვს სამხედროებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არმიის ცხოვრების პირობები ველზე და ყაზარმაში განსხვავებული უნდა იყოს. ასე როცა არ არის, მმართველი თავს ვერ გაიმართლებს  ლოზუნგებით: ,, ჯარისკაცს არ სცივა, არ წყურია და არ შია“.

მინისტრ დავით თევზაძის დროს შეიძლება შიოდათ ჯარისკაცს, არ ჰქონდა ხელფასი და ფორმა, მაგრამ არმია იდეურ შიმშილში არ იყო. დღეს ჯარში პატრიოტიზმის დეფიციტია. დავით თევზაძეს სწორედ იმხელა ბიუჯეტი ჰქონდა არმიისთვის, რა თანხაც იზორიას სამივლინებო ხარჯებში არ ჰყოფნის ახლა. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ გენერალი დავით თევზაძე იმ ბიუჯეტით ინახავდა სამხედრო საზღვაო ფლოტსაც, რომელიც დღეს, მიუხედავად საზღვაო აკვატორიის არსებობისა, ქვეყანას არ ჰყავს.

სულ ახლახანს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე მატერიალური ქონების საწყობი დალუქა სამხედრო პოლიციამ და სამოქალაქო პირს, უწყების რიგით თანამშრომელს – მანანა ბაზაძეს გაუჩხრიკეს სახლი. მას ედავებიან დიდი ოდენობით სამხედრო ფორმისა და ,,ბათინკი”-ს მითვისებას. ეს მაშინ, როცა ჯარისკაცებს ფორმა არ აქვთ ან დახეული ფორმებით დადიან. როდის იყო, რიგითი თანამშრომელი ამდენს მარტო ,,ჭამდა”? როგორც ვიცი, ეს ქონება გენშტაბის ყოფილი უფროსის დროს არის დაკარგული, ბაზის მეთაური კი მისი ნათლიმამა, ილია ლუტიძე იყო. არც არაფერი არ მოხდება, სადღაც, დაბალ რგოლზე გაიწმენდენ ხელს. არმიას ღუპავენ ,,მესინკარეები”, მეცხვარეები და ნაპოლეონობის ილუზიით შეპყრობილი ბედოვლათები.

_ წესით და რიგით, ვინ უნდა აკონტროლებდეს არმიას, ვის ეკუთვნის ზედამხედველობა ჯარზე?

_ პირველ რიგში პარლამენტს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა უნდა განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი, ასევე უნდა აკონტროლებდეს ისეთი სპეციფიკური დანაყოფი, რომელსაც ჰქვია კონტრდაზვერვა (მისი ფუნქციები საოცრად დიდია და სიღრმისეული).

ახლა მათი შეფასებისგან თავს შევიკავებ. ეს სხვა სპექტრში განხილვის საკითხია, თუმცა პატივცემულ უწყებებს ვურჩევდი, ჩემზე დაკვირვების ნაცვლად, არმიას დააკვირდნენ. ეს რჩევაცაა და გაფრთხილებაც. ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის არაა სასარგებლო თუ მასზე რეაგირება დროულად  არ მოხდება.  იქ მყოფი კადრები სიღრმისეული კომუნიზმიდან მოდიან, შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურნენ, შემდეგ თავიანთი შვილები ჩააბეს ამ სამსახურებში. დღეის მდგომარეობით კი ის ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც პოლიტპატიმართა საქმეში მთავარი მონაწილენი იყვნენ, დაწინაურებულები არიან სახელისუფლებო შტოებში საკუთარი ,,კაცები“-ს გამონახვით. ასეთი ხალხი რომ არმიას გააკონტროლებს, ეს არ მჯერა. თუმცა ეროვნული ხალხი რაღაცა დოზით ყველგან არის და ყველა ერთი ჯოხით არ გაიყრება. საჭიროა, სახელმწიფოებრივი მიდგომები და სწორი საკადრო პოლიტიკა. არმია სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაა, თავმჯდომარედ ,,კოლხოზნიკი” რომ დაუსვა.

euroneus.ge-ს გადასცეს ფოტოები თბილისის ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან. მასზე კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია, თუმცა აღნიშნულ ინტერვიუზე, ბრალდებებზე და ცხადია, ფოტოსურათებზე ასახულ მდგომარეობაზე, ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს აუცილებლად მოვთხოვთ პასუხის გაცემას.  

 

.

.

.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close