,,სიღნაღის მერი ,,ქართული ოცნების” ძველ გვარდიას ებრძვის_ სამართალი თუ ვერ ვიპოვნეთ, ბევრი კითხვა გაგვიჩნდება”
სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მერის წარმომადგენლების მოულოდნელ გათავისუფლებას, დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ტვ პირველის მომზადებული სიუჟეტიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ სიღნაღში, ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, დიდი დაპირისპირება მოხდა და ისინი, ერთმანეთს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სიუჟეტის მიხედვით, გათავისუფლებულმა მერის წარმომადგენელმა, სიღნაღის მერი საკუთარ კაბინეტში სცემა. თუმცა euronews.ge -მ სხვა ვერსიაც გაგაცნოთ (იხილეთ ლინკი). მოგვიანებით, სიღნაღის მერიამ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მერსა და მის წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა (იხ ლინკი).
იურისტი მაია სუხიშვილი სიღნაღის მერიის ყოფილი თანამშრომელია, ქართული ოცნების ე.წ. ძველი გვარდია. როგორც თავად ამბობს, დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, მერმა, გიორგი გოგილაშვილმა მასაც უთხრა, რომ გათავისუფლებულია. მას შემდეგ მაია იბრძვის საკუთარი უფლებების აღსადგენად, მაგრამ ამაოდ. სიღნაღის მერსა და მის ახალ მსხვერპლთა შორის დაწყებულ ომთან დაკავშირებით, მაია სუხიშვილმა, ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან, ასეთი კომენტარი გააკეთა:
,,სიღნაღის მერიამ განცხადება გაავრცელა სადაც განმარტეს
სოფლის წარმომადგენლების განთავისუფლების მიზეზები, აგრეთვე უარყვეს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი!
……………………………………………………..
ძვირფასო საზოგადოებავ, ახლა მე მინდა, მოგახსენოთ განცხადების გარშემო ფაქტებიდან ჩემი არგუმენტები!!
1 – განცხადებაში აღნიშნულია, მერმა იმიტომ გაათავისუფლა ეს ადამიანები, რომ ხელშეკრულების ვადა გაუვიდათო!
ამ ადამიანების გარდა ანალოგიურად ხელშეკრულების ვადა გაუვიდა დანარჩენ 11 სოფლის წარმომადგენელსაც. აქ გებადება შეკითხვა, მაშინ რატომ მაინც და მაინც ესენი?
? ჯერ იმიტომ, რომ ამათი გაშვებით სხვები დაშინდებოდნენ და ხმას არ ამოიღებდნენ, (როგორც მოხდა კიდევაც), მაგრამ პირიქით რომ მომხდარიყო, დარწმუნებული, ვარ, ბაჩუკი აუცილებლად გვერდით დაუდგებოდა და დაიცავდა კოლეგებს.
2- განმარტავენ, რომ არაერთი სიტყვიერი შენიშვნა ჰქონდათ მიღებულიო.
რის გამო? რატომ? ეს ხომ პირწმინდა ტყუილია.
გოგია იმის კაცი არ არის, ეს შანსი ხელიდან გაეშვა და ოქმი არ შეედგინა…
ან რა სჭირდათ ამ ხალხს სასაყვედურო? ის, რომ თავიანთი სოფლის კეთილდღეობას იყვნენ გადაყოლილები?
თუ მაღალ პროცენტებს რომ დებდნენ არჩევნებში, იმიტომ?
3 – კარგი, დავუშვათ და ბოდბის წარმომადგენელი დაესწრო ლიტურგიას და ვიღაცასაც მოუწოდა,
მაშინ მაღაროს გამგებელს რას ერჩოდა ? შვილმკვდარ მამას ხომ არავისთვის მოუწოდებია?
ან ბოდბის სპეციალისტს?
ხოდააა ….
აქ სხვა დიდი ძაღლის თავია დამარხულიიი.
რა ვიცი, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, ვისაც ამ საკითხის მოგვარება გეხებათ. თქვენ რომ ხალხს არ ეკარებით, ჩვენ ყოველდღე გვაქვს მათთან ურთიერთობები და გოგიას დაცვით ნუ დარჩებით ისტორიაში მიწაში თავჩარგულ სირაქლემების სახელით!!!!
არჩეული მერობის არგუმენტით ნუ გაგვეხუმრებით, ძველია…”
სიღნაღის მერის ,,ნამდვილ ოცნებისტებ”-თან მტრული დამოკიდებულების შესახებ, მაია სუხიაშვილი euronews.ge -საც ესაუბრა.
_ ,,2012 -იანელების” დევნა გოგილაშვილმა მოსვლის დღიდან დაიწყო. მისი პირველი მსხვერპლი მე გახლდით. მთელი მუნიციპალიტეტი გაოცებული დარჩა, რას მერჩოდა, ვერავინ გაიგო. ცხადია, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. არაერთ პროექტზე მქონდა მუშაობა დაწყებული და არაჩვეულებრივ სამომავლო გეგმებს ვამუშავებდი, რომელიც მუნიციპალიტეტს, ხალხს, ძალიან წაადგებოდა. ბევრი ფიქრის მერე მივედი დასკვნამდე, რომ სწორედ პოზიტიური ინიციატივების გამო ამითვალწუნა_ რატომ ვეყვარებოდი, მე ხომ მაგისა და მაგისნაირებისგან ვიცავდი ივანიშვილს, სიღნაღში ჩამოსვლის დროს, როცა ქვები და კვერცხები დაუშინეს.
_ ამჟამინდელი მერი ესროდა ივანიშვილს კვერცხებს ოპოზიციაში ყოფნის დროს?
_ დიახ. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაცვა არ მაპატია ამჟამინდელმა სიღნაღის მერმა. მისი მოსვლის მერე, თვე არ გავა , რაიმე სკანდალური რომ არ მოხდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში და მედიამ არ გამოგვაჭენოს, მაგრამ განმკითხავი არავინაა. გოგიას ურემი კვლავ მიერეკება.
მედია საშუალება არ დარჩენილა, ჩემი უკანონო გათავისუფლების ამბავი რომ არ გაეშუქებინოს, მაგრამ კვირიკაშვილის პროტეჟე გოგიას (საუბარია გოგი გოგილაშვილზე) არავინ სთხოვს პასუხს. ნელ-ნელა გაშალა ფრთები- იქ პრემია აიღო დაუმსახურებელად, იქ სიღნაღის გალავანი შეაკეთა თავის გემოვნებაზე, მერე უხელფასოდ დატოვა თანამშრომლები და მათი ფული, საკუთარი ბანდის უცხოურ ვოიაჟებს შესწირა, აუდიტის სკანდალური დასკვნაც კი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი პროკურატურისთვის, სიღნაღის მერიის საქმიანობის შესწავლა რომ დაეწყო. რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო?!
_ გინდა თქვათ, რომ ,,ზემოთ” ვიღაც მფარველობს ექსპრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კადრს?
_ ასე გამოდის. ხომ ხედავთ, რაც არ უნდა ჩაიდინოს, ბუზსაც ვერავინ უფრენს. პირველად რომ გავაპროტესტე ჩემი გათავისუფლების ფაქტი, მერის მეუღლისთვის უთქვამთ, ეს ქალი არ გაჩერდებაო. მას გაღიმებია და უპასუხია, ილაპარაკოს, ვინ მოუსმენსო? როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეებისთვის, სიმართლის აღდგენაზე მნიშვნელოვანი არის გოგიასთან გადაფსკვნილობა და ერთად ხელების ბანვა. გამოდის, რომ მათი პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ღირებულებები, რომლისთვისაც ვიბრძოდით და გვეგონა, რომ გავიმარჯვეთ.
ამჯერად შვილმკვდარ მამას დაუპირისპირდა და მორწმუნე, ოცნების ერთგული, ძველი გვარდიის დასჯა გააგრძელა. თანაც, როგორც სჩვევია, ათასგვარი ვერსია გაავრცელებინა, რომ უკეთ დაებნია საზოგადოება. მოკლედ, სიღნაღის მერის მიერ უკანონოდ გათავისუფლებულმა ადამიანებმა სამართალი თუ ვერ ვიპოვნეთ, ბევრი კითხვა გაგვიჩნდება.
_ რას გულისხმობთ? ვის მიმართ გაგიჩნდებათ კითხვები?
_ ჯერ თავს შევიკავებ და ამ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს. არ მინდა, წინა საარჩევნოდ დავაზიანო ჩემი პარტია.