სიღნაღის მერია განცხადებას ავრცელებს ტვ პირველის სკანდალურ სიუჟეტთან დაკავშირებით. euronews.ge -მ უკვე გამოაქვეყნა ამ სკანდალთან დაკავშირებული ვრცელი სტატია. (იხ, სტატია):

,,განცხადება

🔹სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. აღნიშნულ სიუჟეტში ასახული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მის საპასუხოდ ადგილობრივი თვითმმართველობა მიიჩნევს რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. კერძოდ:
📌სოფელ მაღაროსა და ბოდბეში მერის წარმომადგენლები არა პირადი კონფლიქტის , არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით გათავისუფლდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურებრივი საკითხების გამო მათ არაერთი სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, რის შემდეგაც მერმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა მათთვის სახელშეკრულებო ვადა.
📌სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის და სოფლის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
📌რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გიორგი გოგილაშვილმა მერიის თანამშრომლებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილზე დასწრებისგან და წარმომადგენლებს სთხოვა იგივე მოსახლეობაში გაევრცელებინათ მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსის პრევენციის გამო. ამასთან, მან წარმომადგენლებს გადასცა საშვები, რათა არსებული შეზღუდვების გამო, საჭიროების შემთხვევაში,მოსახლეობისთვის დახმარება აღმოეჩინათ, რაზეც სოფელ ბოდბის წარმომადგენელმა უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ შეზღუდვები მოსახლეობის წინააღმდეგ იმიტომ დაწესდა, რომ ისინი ტაძარში არ წასულიყვნენ და მას კი საშვი ასეთი დავალებების შესასრულებლად არ ჭირდებოდა. რეალურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეული სოფლისა თუ ქალაქის წარმომადგენელი, გადაადგილების შეზღუდვისას მოსახლეობისთვის აუცილებელი პროდუქტისა თუ მედიკამენტის მიწოდებას თავად უზრუნველყოფდა.
📌ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილისა და ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და მისი საფუძველი არ არსებობს.
📌რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფელ ბოდბეში 2018 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის- ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ახალგაზრდული ცენტრის და სოფლის სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც მიმდინარეა (ინფორმაცია პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის გვერდზე). პროექტების განხორციელება დღესაც გრძელდება.
📌სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მედიასაშუალებებს სთხოვს, რეპორტაჟის მომზადებამდე ინფორმაცია ოფიციალურ უწყებასთან გადაამოწმონ”.

კომენტარები