საინტერესო

სიმონ ჩიქოვანის დიდი სიყვარული

მარიკას ფერფლის ნაწილი სიმონის განსასვენებელს მოაბნიეს, დანარჩენი კი ურნით საფლავზე, ბროწეულის ხის ფესვებში ჩადგეს...

1927 წელი იყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეგობრებთან ერთად ჭადრის ჩრდილქვეშ მდგომ ახალგაზრდა ფუტურისტ პოეტს – სიმონ ჩიქოვანს დები – სუსანა და მარიკა ელიავები დაუნახავს. მართალია, შუშანა იმ დროს თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნეოდა, მაგრამ… სიმონი მარიკას სილამაზეს მოუნუსხავს და იქვე დაუზუსტებია, – შუშანა ელიავას რომ მოჰყვება, ის გოგო ვინ არისო? მეგობრებს უთქვამთ, – მისი უმცროსი დაა, მარიკაო. სიმონსაც არ დაუხანებია და მაშინვე მტკიცედ გამოუცხადებია, – ჰოდა, სწორედ მაგას შევირთავ ცოლადო.

.

მათი ვაჟი, ნიკა ჩიქოვანი იხსენებდა, – სიმონმა ამ დაქადნების შესრულებას ბიბლიური იაკობივით შვიდი წელი მოანდომა.

1933 წელს დაქორწინდნენ.  მარიკა მწერლისთვის იდეალური ცოლი გახლდათ, მეუღლეს ყველაფერში ხელს უწყობდა, თუმცა უკომპრომისობითაც გამოირჩეოდა. სიმონს კი ცხოვრებაში, ასე თუ ისე, მაინც მოუხდა კომპრომისებზე წასვლა: ლექსები დაწერა სტალინზე, ბერიაზე, რაც მარიკას ძალიან სწყინდა. ერთი-ორ ვითომ მეგობარს სიმონთან ურთიერთობაში რაღაც რომ შეეშალა, სიმონი მერე მაინც შეურიგდა მათ, მარიკამ კი ისინი გულიდან ამოიშალა და სახლშიც აღარ მიიღო. სიმონს ადვილად შეეძლო პატიება, მარიკას – არა.

სიმონს მარიკასთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში აქვს ასეთი სტრიქონები:

„…წელი დაგვესხა ოცდაჩვიდმეტი,/ შინ შემოვარდა და დაგვარბია…”

იმ სასტიკ წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკოლოზ ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი – თინა. ნიკოლოზი და ზურაბი დახვრიტეს, თინა კი – გადაასახლეს. სიმონისა და მარიკას ერთადერთი ვაჟი – ნიკა ჩიქოვანი იგონებდა:

„ზურაბი და თინა ჩემი მშობლები არიან, მათი დაპატიმრების შემდეგ მარიკამ და სიმონმა ამიყვანეს აღსაზრდელად, ხუთი წლის ასაკში. შემდგომში მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ჩამოეცილებინათ ჩემთვის “ხალხის მტრის” შვილის დამღა. თურმე, ქართული ოჯახისთვის ასე ბუნებრივი საქციელიც დაბეზღების საგანი გამხდარა – სიმონ ჩიქოვანის ოჯახში ხალხის მტრის შვილი იზრდებაო… საერთოდ, ელიავებთან დამოყვრებამ, ალბათ, უფრო გაართულა სიმონის მდგომარეობა…”.

სიმონ ჩიქოვანი1955 წელს იგი ჟურნალ „მნათობის” რედაქტორად დანიშნეს. იმ პერიოდში მან ბევრი ნიჭიერი ავტორი შემოიკრიბა, მაგრამ დიდხანს მაინც არ გააჩერეს მშვიდობიანად, მაინც მოსდეს შარი და რედაქტორობიდან საკუთარი განცხადებით წასვლა შესთავაზეს.  ამ ამბავმა მარტო მორალურად კი არა, ფიზიკურადაც იმოქმედა სიმონ ჩიქოვანზე – მას დიაბეტი ჰქონდა და ავადმყოფობა გაუმწვავდა, მხედველობა კატასტროფულად გაუუარესდა – პრაქტიკულად დაბრმავდა.

მარიკასაც მძიმე სენი შეეყარა – მკერდის სიმსივნე, მაგრამ მეუღლეს არ გაუმხილა, კიდევ უფრო რომ არ დაემძიმებინა მისი მდგომარეობა. სიმონი ბათუმში დასასვენებლად გაგზავნა, თვითონ კი ლენინგრადში საოპერაციოდ წავიდა. სიმონმა მაინც გაიგო სიმართლე და სასწრაფოდ ლენინგრადში გაემგზავრა, მაგრამ მოსკოვში თვითონაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ოპერაციის შემდეგ მარიკას მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა, თითქოს ცდილობდა, საყვარელი მეუღლისთვის ბოლომდე ეპატრონა. სიმონს იუბილეც კი გადაუხადა, ბანკეტი მოუწყო, წიგნიც გამოსცა…

სიკვდილამდე ერთი-ორი კვირით ადრე, სიმონი უკიდურესად მძიმედ რომ შეიქნა, აკვიატებულად იმეორებდა, თურმე, აკაკი წერეთლის სტრიქონებს: „მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები საქართველოვ!”

სიმონ ჩიქოვანი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მაგრამ ვერც პოეტის საყვარელმა ქალმა იცოცხლა დიდხანს… უმისოდ… 2 წელში გარდაიცვალა და დაიბარა, დამწვით და ფერფლი საფლავს მოაბნიეთ, მინდა, იმ მიწას შევერიო, სადაც სიმონი ასვენია, მის გარეშე არაფერი ვიყავი, ამიტომ მინდა, ბოლომდე მის გვერდით დავრჩეო.

მარიკას ანდერძი შეუსრულეს – მოსკოვში გადაასვენეს და მის სხეულს იქ გაუკეთეს კრემაცია. მისი ფერფლის ნაწილი სიმონის განსასვენებელ სასახლეს მოაბნიეს, დანარჩენი კი ურნაში მოათავსეს და საფლავის შუაში, გრანიტის ფილებში ამოჭრილი ბროწეულის ხის ფესვებში ჩადგეს…

კვირის პალიტრა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close