საქართველოში ცხოველთა სასაკლაოების ნაწილი შესაძლოა დაიხუროს. ამის შესახებ, ინფორმაციას Commersant ავრცელებს. რეგიონში არსებული სასაკლაოების ხელმძღვანელების ნაწილი აცხადებს, რომ ბიზნესის მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო წამგებიანი ხდება.

შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სასკლაოებზე მოთხოვნამ იკლო. მიზეზი კი საქონლის სასაკლაოების გვერდის ავლით დაკვლაა.

კოხტაშვილის განცხადებით, წლების წინ, მის სასაკლაოში თუ დღეში 50 სული საქონელი იკვლეობოდა, ეს რიცხვი ახლა თვიური ნორმაა. „ქუჩაში და გზებზე მასობრივად გამოფენილი ხორცი შეუმოწმებელია. კანონი იმის შესახებ, რომ სასაკლაოების გვერდის ავლით, არ უნდა ხდებოდეს ხორცის რეალიზაცია, არ სრულდება. ქუჩაში გაყიდვებს პოლიცია უნდა აკონტროლებდეს, სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ სასაკლაოებს ამოწმებს“-აცხადებს კოხტაშვილი.

მისი განმარტებით, თუ ასე გაგრძელდა, არსებული სასაკლაოებიც დაიხურება. კოხტაშვილის განცხადებით, არსებულ პირობებში არსებობა და განვითარება შეუძლებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა არ გაზრდილა. უფრო მეტიც, თუ 2016 წელს ქვეყანაში 86 ერთეული სასაკლაო ფუნქციონირებდა, 2015 წელს ეს ციფრი 87-ს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17,4%  მდებარეობს ქვემო ქართლში, 16,3% – იმერეთში, 16,3% – კახეთში, 15,1% – შიდა ქართლში, 10,5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7,0% თბილისში, 7,0% მცხეთა- მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,5% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

კომენტარები