ეკონომიკა

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის  მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს

  საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე აცხადებს. ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა.

პირველად მთელ რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. Face Recognition-ით იგივე, „ღიმილით გადახდით“ შეძლებს. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც არა თუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, ვინც  „ღიმილით გადახდა“  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებში პირველმა დანერგა. Face Recognition-ით გადახდა  ინოვაციური, უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია. „ღიმილით გადახდისას“  0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების  ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია  და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს. „ღიმილით გადახდა“ უკვე ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა, Visa-სთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა ამ ულტრათანამედროვე პროდუქტით სარგებლობა შეძლოს, ის უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან  American Express-ის ბარათს. იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეძლოს მგზავრობა, საჭიროა გადაიღოს ე.წ. „სელფი“  მობილბანკში და დაუკავშიროს სასურველ ბარათს.  მას შემდეგ, რაც მისი ფოტო მონაცემთა ბაზაში აისახება, ის შეძლებს ისარგებლოს „ღიმილით გადახდით“. გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

„ღიმილით გადახდის“ გარდა, სულ მალე საქართველოს ბანკის მეშვეობით „ღიმილით განაღდება“ გახდება შესაძლებელი. ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის ბარათის გამოყენება. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც მომხმარებელი კრეფს პინკოდს და ანაღდებს სასურველი ოდენობის თანხას.

საქართველოს ბანკი სულ მალე კიდევ ერთ, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს – „გატერმინალებას“ წარადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. ეს კი კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. ამისთვის კი საჭიროა, Android 5.0 სისტემის ტელეფონი NFC მხარდაჭერით. ახალი პროდუქტის მეშვეობით  მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან (იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. ამისთვის საჭიროა საბანკო  ბარათის ან  ტელეფონის   მხოლოდ ერთი შეხება.

კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი პირველი ნერგავს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა  არ აღმოაჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მერჩანტთან, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან  განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებსა და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.

კიდევ ერთი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი 2020-ში დანერგავს, ეს უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. „თიფის“, იგივე  „სამადლობელის“ დატოვებაა. ეს იმას ნიშნავს,  რომ იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტებში – კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას „სამადლობელის“  ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. ამისთვის კი საჭიროა, მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და მასზე  ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ „სამადლობელი“.  ე.წ. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

Related Articles

Back to top button
Close