სასარგებლოა თუ მავნე კიტრის და პომიდვრის სალათა
ენდოკრინოლოგის რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” შეუთავსებელ პროდუქტებზე ისაუბრა და მაყურებელს სასარგებლო რჩევები მისცა:
.
– ბევრს ჯანსაღი ჰგონია, როდესაც ხორციან, ნოყიერ საკვებს მივირთმევთ და დესერტად ხილს დავაყოლებთ. ეს არ შეიძლება. ძალიან საზიანო კომბინაციაა, ვინაიდან ხილი კუჭში დაახლოებით 20 წუთი ყოვნდება და მისი მონელებისთვის დიდი დრო საჭირო არ არის, ხოლო ხორცი უფრო რთული პროდუქტია და მის მონელებას მინიმუმ 2 საათი სჭირდება. კუჭს არ შეუძლია, ჯერ ხილი გაატაროს ნაწლავებში და შემდეგ ხორცი. ამიტომ კუჭში ხილიც ყოვნდება, რაც შემდგომ მონელების დარღვევას იწვევს და ისეთი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, როგორებიცაა გულძმარვა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მუცლის არეში. გარდა ამისა, ხილი შაქარს შეიცავს. სადილს დაყოლებული ხილი კიდევ მეტად გაააქტიურებს ისეთ ჰორმონს, როგორიც ინსულინია, რომელიც კიდევ უფრო აღგვიძრავს მადას და საკვებს ცხიმოვან ქსოვილში გადაიყვანს. ხილი კვებამდე ან 30 წუთით ადრე უნდა მივირთვათ ან კვებიდან 2 საათის შემდგომ.
ზოგიერთს აქვს ჩვევა, რომ ყოველ ლუკმას წყალს აყოლებს, რაც საზიანოა. კუჭში მჟავე გარემოა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საკვები კარგად მოინელოს. წყალი ამ მჟავე გარემოს ანეიტრალებს, ტუტე გარემოში გადაჰყავს და შესაბამისად, საკვები კარგად ვეღარ მოინელება. გაზიანი სასმელი კიდევ უფრო ცუდია. ის საკვების მონელების დარღვევას პირდაპირ იწვევს. გარდა ამისა, მასში ძალიან დიდი რაოდენობის შაქარია.
ხილისა და ბოსტნეულის ერთად მირთმევად კუჭს საქმეს ურთულებს, მაგრამ ბოსტნეულის კომბინაცია ხორცთან იდეალურია. უჯრედისია, ხორცის შეწოვის პროცესს ამარტივებს. ასევე, ეხმარება ორგანიზმს, რომ უფრო მარტივად და სწრაფად დანაყრდეს. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმში მავნე შაქრებისა და ცხიმების ათვისებას ართულებს.
თევზი ხორცთან, კვერცხთან, პურთან და რძის პროდუქტებთან ერთად არ უნდა მივირთვათ. ძალიან კარგია, თუ თევზთან ერთად ბოსტნეულს მივირთმევთ. ასევე, მასთან ერთად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, კუსკუსი კარგი კომბინაცია იქნება.
კვერცხი უნიკალური პროდუქტია, რადგან ძალიან ბევრ სასარგებლო ამინომჟავას შეიცავს. მარტივად აითვისება და ორგანიზმსა და კუნთებს სასარგებლო ამინომჟავებით ამარაგებს. ძალიან კარგი იქნება, თუ კვერცხთან ერთად ბოსტნეულს მივირთმევთ, დავამატებთ ბურღულეულს.
პაციენტებს არ ვურჩევთ, რომ დიდი რაოდენობით მჟავეულობა მიირთვან, რადგანაც ისინი ბევრ მარილს შეიცავენ. მარილი ჩვენს ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს და ეს ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის დაავადებები აქვთ. ამიტომაც, თუ მსგავს საკვებს მივირთმევთ, ტკბილი, გაზიანი სასმელები არ დავაყოლოთ, რადგანაც ის ორგანიზმში სითხეს კიდევ უფრო შეაკავებს.
პურისა და კარაქის კომბინაცია ძალიან მომწონს. შეგვიძლია, ბავშვების შემთხვევაში თაფლიც დავამატოთ, რადგანაც მათ უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ. უფროსების შემთხვევაში, ჯობს დამატებითი შაქარი, თაფლის სახით, აღარ მივიღოთ. მაგალითად, თაფლი შეგვიძლია, ხაჭოსთან ერთად მივირთვათ.
კიტრისა და პომიდვრის კომბინაცია ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია. ერთი მოსანელებლად ტუტე ფერმენტებს მოითხოვს, მეორე კი – მჟავე ფერმენტებს. შესაძლებელია, ამ ფერმენტებმა ერთმანეთი გაანეიტრალონ და ბოსტნეულის მონელებას ხელი შეუშალონ. მაგრამ თუ ადამიანს მონელების, ნაღვლის ბუშტის პრობლემები არ აქვს, პერიოდულად, ამ კომბინაციის მიღება შესაძლებელია.