თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების მიზეზად საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. პალატის განმარტებით, დღეს დილით გახდა ცნობილია, რომ თეა ძიმისტარიშვილი ბიულეტენზე იმყოფება. „ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ ქალბატონი თეა არის ავად, სასამართლოს კი არ აქვს უფლება, კოლეგიის მოსამართლის გარეშე გადაწყვეტილება გამოცხადოს. ამიტომ პროცესს გადადებულად ვაცხადებ”, _ განაცხადა შესავალ სიტყვაში საქმის განმხილველმა თავმჯდმარე მოსამართლე მერაბ ლომიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო მხარეების მიმართ მოიქცა უპატივცემულოდ, როდესაც მოსამართლის შესაძლო ავადმყოფობის გამო, გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების თაობაზე, წინასწარი შეტყობინება არ მოახდინა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თავად მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილიც მოიქცა არაკოლეგიალურად, როდესაც საქმის განმხილველ პალატას არ აცნობა სავარაუდო ავადმყოფობის თაობაზე. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სარწმუნო არ არის მოსამართლის სავარაუდო ავადმყოფობის ინფორმაცია. მისი განცხადებით, სასამართლომ 7 მარტს ვერ შეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რადგანაც სასამართლო მზად არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის გათავისებისთვის.

არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს 7 მარტის მოქმედების გამო, ოფიციალური წერილით, უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს. წერილით დაისვა ორი საკითხი და მოთხოვნა: ა) მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილი 2017 წლის 6 მარტს ახორციელებდა თუ არა თავის უფლებამოისლებას სააპელაციო სასამართლოში და ბ) როდის და რა ვადით გავიდა ბიულეტენზე თეა ძიმისტარიშვილი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კითხვებზე პასუხები მეტადრე ეკუთვნის საზოგადოებას და არა საქმის რომელიმე თანასწორუფლებიან მხარეს.

სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს მიერ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს ხელახალი სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების გამოცხადება. სხდომის მოწვევის თაობაზე ეცნობებათ მხარეებს. 2017 წლის 7 მარტის სხდომას, სადაც საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, ესწრებოდნენ როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახის წევრები, მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელი გოჩა გოგიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები. სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სვიმონ ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე გამოიტანს.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

 როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

კომენტარები