„არასდროს მიეჭვიანია მასზე, აზრადაც არ მომსვლია…“
ჰამლეტ გონაშვილის დიდი სიყვარულის ამბავი და ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2024/12/GA.jpg)
ამბობდნენ: “რუსთავს” ჰყავს სოლისტი, რომლის ხმას საოცარი თვისება აქვს – ტალღასავით გადადის მსმენელზე, კედელს ეჯახება და მერე ისევ სოლისტს უბრუნდებაო… მისი მოსმენის შემდეგ იმასაც წერდნენ: დახუჭე თვალები, მოუსმინე ხმას და სხვადასხვა ფერს დაინახავო.
ასეთი იყოჰამლეტ გონაშვილი – ძალიან მომხიბვლელი, უსაზღვროდ თავმდაბალი და უშუალო კაცი, ღვთიური ხმით, თავისუფალი ბუნებითა და… დიდი სიყვარულით.
.
ლამარა ცინცაბაძე, ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე, კვირის პალიტრასთან ყვება:
-ჰამლეტს მისი დეიდაშვილის – ჩემი თანამშრომელი ლია ბოჭორიშვილის დაბადების დღეზე შევხვდი. მაგიდა ორ წყებად იყო გაშლილი, ჩემ პირდაპირ დაჯდა. მაშინ 36 წლის ვიყავი და ძალიან “წუნიას” სახელი მქონდა. ჰამლეტი კი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და ალბათ ისიც იმიტომ არ ქორწინდებოდა, რომ სიყვარულს ელოდებოდა. იმ პერიოდში სინათლე იშვიათად ქრებოდა და რატომღაც მაშინ ჩაქრა. ლამფები აანთეს. ჰამლეტმა სასწრაფოდ გამოჭრა “სალფეთქი” და ლამფას ჩამოაფარა, – სინათლემ ძალიან არ შეგაწუხოთო. მოკლედ, აშკარად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.
ამ ყურადღებით თითქოს ჩვენ შორის რაღაც გაიბა. რომ ვიშლებოდით, ჩემმა დირექტორმა მითხრა, გაგაცილებო, მაგრამ ჰამლეტმა აქაც იაქტიურა და დასა და სიძესთან ერთად ჩვენ გამოგვყვა. ორ-სამ დღეში, ვითომ თავის დეიდაშვილს მოაკითხა, სამსახურში გვეწვია და სადღაც დაგვპატიჟა…
მოკლედ, ასე, ნელ-ნელა გაიბა ჩვენი ურთიერთობა, თუმცა იშვიათად ვხვდებოდით – უმეტეს ხანს მაინც გასტროლებზე იმყოფებოდა. მახსოვს, ორჯერ თუ ვიქნებოდი შეხვედრილი, ქობულეთში რომ ვისვენებდი და რადიოში გამოაცხადეს: ჰამლეტ გონაშვილი შეასრულებს სიმღერას “დაიგვიანესო”. მისი სუფრასთან ნამღერი კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ… ვუსმენდი “დაიგვიანესს” და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ჩავვარდი ეიფორიაში. ემოცია ისე მომეძალა, კარგა ხანს დავდიოდი ზღვის ნაპირას, აქეთ-იქით… ამის შემდეგ უკვე აღარც ვმალავდი მისდამი სიმპათიას. ვგრძნობდი, რომ ჰამლეტი მოვლენა იყო. ის სახელმწიფო ანსამბლიდან “რუსთავში” გადავიდა და ჩვენც უფრო ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავდით, ვეჯიბრებოდით კიდეც ლექსის თქმაში, ერთ მშვენიერ დღეს კი, ასე, 1970-71 წელი იქნებოდა, შინ მომაკითხა, დავილაპარაკეთ და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ. ტრადიციების კაცი იყო და ჩემი ხელი თბილისში მცხოვრებ ჩემს ბიძას სთხოვა, მეორე დღეს კი დავქორწინდით.
– უკვე ზრდასრული ადამიანები იყავით, მაგრამ ყველა ასაკს ალბათ თავისი რომანტიკა აქვს. როგორი იყო თქვენი სიყვარულის რომანტიკა?
– ჰამლეტი ძალიან თბილი ადამიანი იყო და ერთადერთი ნაკლი ჰქონდა – დაგვიანება იცოდა. ამას ვერაფრით მოერია, დანარჩენად… ორივენი დიდხანს ველოდით სიყვარულს და ერთმანეთი ვიპოვეთ. საღამოობოთ, შინ რომ ბრუნდებოდა და ვახშამს გამოვუტანდი, მთელი დღის გადახდენილ ამბებს მოვყვებოდით და მერე ვეუბნებოდი, შენზე წერილი დაიწერა ამა და ამ გაზეთში და გინდა – მოგიყვები, გინდა – წაგიკითხავ-მეთქი (ჭამას რომ არ მოსცდენოდა). ასე შემოვრჩებოდით ღამის 2-3 საათამდე…
გასტროლიდან ხელცარიელი არასდროს ჩამოვიდოდა, თანაც სხვადასხვანაირ საჩუქარს ჩამომიტანდა ხოლმე. ამას ხომ მომცემდა, რამდენიმე დღეში მეტყოდა, – აბა, ზურგით შებრუნდიო და, ვთქვათ, ლამაზ ყელსაბამს შემაბამდა, ან კიდევ სხვა ნივთს გამიკეთებდა. საჩუქრები ყოველთვის ჰქონდა გადანახული და ნელ-ნელა მიჩენდა, ახალ-ახალი სიხარული რომ მოეტანა ჩემთვის…ძალიან უყვარდა ბუნებაში სეირნობა, მოგზაურობა, მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი და ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, სად რა ეკლესია იყო და რა ნანგრევი. მე ყოველთვის ვერ დავყვებოდი, რადგან მალევე ჯერ დიმიტრი შეგვეძინა, მერე – გიორგი და პატარებს ვერ ვტოვებდი, ხან კიდევ – სამსახური მაფერხებდა. უმთავრესი მაინც ის იყო, რომ მთელი არსებით გვიყვარდა ერთმანეთი.
მახსოვს, ანზორ ერქომაიშვილი მეუბნებოდა ხოლმე, – ლამარა, რა თილისმას ატარებ ისეთს, რომ ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო? იცით, არასდროს მიეჭვიანია მასზე, აზრადაც არ მომსვლია…კონცერტიდან რომ ბრუნდებოდა, არასდროს იტყოდა, კარგად ჩაიარა კონცერტმაო, მაგრამ მაშინვე პიჯაკს გადასწევდა, შიდა ჯიბიდან ერთ ცალ ვარდს ან მიხაკს ამოიღებდა და მომაწვდიდა: ეს იმ ყვავილებიდან, მე რომ მომართვესო… სადმე, ბუნებაში განსხვავებული ფერის ან ფორმის ფოთოლი რომ ეპოვა, აუცილებლად იტყოდა: ასეთი ლამარას არ უნახავს და უნდა წავუღოო…
ერთხელ საბაობაზე იყო წასული და რომ დაბრუნდა, ტრადიციულად, თავისი გასაღებით კი არ გააღო კარი, ზარი დარეკა. კარი გავაღე და რას ვხედავ? – ფოთლებამოსული და ყვავილიანი უზარმაზარი მორი უკავია ხელში: ეს სამხრეთ საქართველოდან ჩამოგიტანეო… მეც უნდა განმეცადა ყველაფერი, რაც მან ჩემ გარეშე შეიგრძნო… ასეთი იყო ჩვენი რომანტიკა.
– ქალბატონო ლამარა, ამდენი წელიწადი გავიდა თქვენი მეუღლის გარდაცვალებიდან, ოჯახი გაიზარდა, გამრავლდა, გახალისდა ამ პატარებით, და მაინც, როგორ ხართ “უმისოდ” – თქვენი ჰამლეტ გონაშვილის გარეშე, რას ვერ უმკლავდებით? – ყოფითს არ ვგულისხმობ…
– ჰამლეტის დაღუპვამდე 2 წლით ადრე ძმა გარდამეცვალა, მერე ჰამლეტი გარდაიცვალა და მასთან ერთად ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ… ოჯახში მხოლოდ ქალები და ბავშვები დავრჩით; ბავშვებისთვის უნდა მოგვევლო, ჰამლეტის სასაფლაოც მისახედი მქონდა, ბინის ამბავიც გასარკვევი იყო… მოკლედ, ამ პასუხისმგებლობებს ვერ გავექცეოდი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, რომ ჰამლეტის ხსენებაზე ჩემ წინ ყველა კარი იღებოდა, მაგრამ მის გარეშე ძალიან მიჭირდა.
– მაინც რა უცნაურად დაიღუპა. მართალია, რომ მანამდე სცენაზე გადაურჩა სიკვდილს – ზემოდან სოლი ჩამოვარდა და მცირედ აცდა…
– კი, მართალია… ძალიან რთულია მის გარეშე, ახლაც ისევე მიჭირს ცხოვრება. ჰამლეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი ტყავის ქურთუკი დიტოს ჩავაცვი. იმ დღეს დიტო სკოლიდან ჩემზე ადრე მივიდა შინ. მე რომ დავბრუნდი და კარი შევაღე, თვალში ჰამლეტის ქურთუკი მომხვდა – ვაიმე, ჰამლეტი დაბრუნებულა-მეთქი, უნებლიეთ გამიელვა… უცებ დამავიწყდა, თვითონ რომ მივეცი ის ქურთუკი დიტოს… მისი დაბრუნების მოლოდინი დღემდე მომყვება… ძალიან რომ მიჭირს ან რაიმე მაქვს გადასაწყვეტი, ვსაუბრობთ ხოლმე მე და ის; საფლავზე რომ მივდივარ, გულში ველაპარაკები და ისიც თითქოს მეკითხება, უნდა მახარო რამეო? თუ განვიცდი, მე ვეკითხები, შენ რას იზამდი ამ შემთხვევაში-თქო?
იცით, რამ გადამარჩინა? ჰამლეტმა თავისი გარდაცვალება, ასე ვთქვათ, გამიიოლა. ძმა რომ გარდამეცვალა, მეუბნებოდა: ლამარა, არ შეიძლება ამდენი დარდი და ტირილი, მიცვალებულს ცრემლი შვენის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ზურაბა ხომ ჩვენს გულში არის, ჩვენთან ერთადაა, ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ფიზიკურად არ ეხები, მაგრამ მაინც ყოველთვის გვერდით გვყავსო… მართლაც ასეა. შეიძლება, ცოცხალი რომ იყო, ჰამლეტზე ყოველ წუთში არც ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მუდმივად ჩემს გულშია, ჩემს აზროვნებასა და ფიქრებშია… ეს ყველაფერი მან მასწავლა.
– რომ დაიღუპა, იმ დღეს მასთან ერთად იყავით სოფელში?
– არა. 10 დღით ადრე ბავშვებთან ერთად ლენინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში – ი.ხ.) ვიყავით, ანსამბლს გასტროლი ჰქონდა. თბილისში რომ დავბრუნდით, კახეთში გადაწყვიტეს წასვლა, ისევ გასტროლზე. ამ პერიოდში ჰამლეტი ბრმა ნაწლავის შეტევის გამო საოპერაციო გახდა, მაგრამ გასტროლის გამო ჯერ მაინც კახეთში წავიდა. ქირურგმა დამამშვიდა, შეიძლება ჩაუცხრეს კიდეც ან თუ შეტევა დაემართა, კახეთიც აქვეა და სულაც თელავში გავუკეთებ ოპერაციასო. რომ დამირეკეს, ჰამლეტი ცუდად არისო, მეგონა, ბრმა ნაწლავის ამბავი იყო.
ჩვენმა მეზობელმა, რომელმაც ჰამლეტის დაღუპვის ამბავი იცოდა და გვიმალავდა, მე და ჩემი მული რომ წაგვიყვანა, უცნაური რამ დამემართა. მულს ვკითხე: ჯულიეტა, ახლა ჩვენს ეზოში რა ხილია მწიფე-მეთქი? გაიოცა: რა იყოო? თითქოს წამომცდა: ჰამლეტი ხეზე დამეღუპებოდა მის მოკრეფაში-მეთქი…
ის მეზობელი გაოგნებულა, მე კი, მიუხედავად ამ ნათქვამისა, არც დამიშვია ჰამლეტის გარდაცვალება… ღია ჭიშკარი და ეზოში ხალხი რომ დავინახე, მაშინაც ის ვიფიქრე, ცუდად არის და, რა თქმა უნდა, მთელი სოფელი აქ იქნება-თქო. არც მანქანაში ხესთან დაკავშირებული წინათგრძნობით ნათქვამი გავიაზრე, რადგან არ არსებობდა ჰამლეტს სოფელში თუნდაც თუთის ერთი მწიფე მარცვალი დაენახა ხეზე, არ მოეწყვიტა და ჩემთვის არ მოეტანა. სხვა მიზეზი არ დავუშვი ისევე, როგორც… არ დავუშვი მისი გარდაცვალება, მაგრამ ღია კარიდან ეს ამოდენა კაცი რომ შევნიშნე და “ვაი” დავიძახე, მერე აღარაფერი მახსოვს…
კვირის პალიტრა