რედაქტორის გვერდისაზოგადოება

საკრებულოს დეპუტატი ოზურგეთელი ჩინოვნიკების კორუფციაზე საუბრობს

    ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძე მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრა. როგორც ცნობილია, დაახლოებით ერთი თვის წინ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს და მას ბრალი წაუყენეს ქრთამის აღების გამო. შარაშენიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარე მარტო არ მოქმედებდა, რადგან საქმე, რომელშიც მან ქრთამი აიღო, მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
   ნათია შარაშენიძე:
  _ დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე. ქრთამის აღების ფაქტზე რეგიონში იშვიათად აკავებენ მაღალჩინოსნებს. ამ ადამიანის სისხლის სამართლის საქმეში წერია, რომ დაიჭირეს 50 ათასი ლარის ქრთამის სახით აღების გამო. შპს ,,პირამიდამ” ტენდერი მოიგო და მას უნდა ჩაეტარებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს სამუშაოები ახლაც გაჩერებულია. რამდენჯერმე გადაუვადეს შპს ,,პირამიდას” შესასრულებელი სამუშაოებისთვის და თან, ფული წინასწარ ჩაურიცხეს.
   _ საკრებულოს თავმჯდომარეს რა კავშირი ჰქონდა ,,პირამიდასთან ან ასე რატომ მოიქცა?
  _ რა კავშირში აქვს არ ვიცი, მაგრამ ,,პირამიდა”-ს წარმომადგენელი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. რადგან ზუსტად ,,პირამიდასთან” დაკავშირებულ სკანდალში მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარე და მისგან ქრთამიც აიღო, გამოდის, რომ ისინი უცხოები არ ყოფილან.
    _ შპს ,,პირამიდა”-ს ხელმძღვანელიც დააკავეს? კანონმდებლობით ქრთამის მიმცემიც დამნაშავეა?
    _ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. ჩანაწერში, რომელიც საზოგადოებას აჩვენეს, გელა კობალაძე ეუბნება ,,პირამიდა”-ს წარმომადგენელს, ანუ მას, ვისგანაც ქრთამი აიღო, რომ ამ ფულის სანაცვლოთ ის ვადის გადაწევას კვლავ უზრუნველყოფს. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა კობალაძეს არ შეეძლო ეს პირობა მიეცა, რადგან ეს საქმე არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
   _ ვის კომპეტენციაში შედიოდა?
   _ ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძეს.
გელა კობალაძე, როგორც ჩანს, ამ საქმეში მარტო არ იყო. 1 მილიონამდე ლარია გამქრალი მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტში. ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტის ფული, ანუ ოზურგეთელების ფული.
  მინდა ვკითხო ოზურგეთის მერს: როგორ გძინავთ ღამით მშვიდად, როცა ადგილობრივ გაჭირვებულებს არ აქვთ შეშის, შაქრის, დენის ფულიც? როგორ მიგაქვთ ჩინოვნიკებს ბიუჯეტის ფული ოჯახებში, როცა იცით, რომ თქვენი გამდიდრება გაჭირვეული ოჯახების კიდევ უფრო გაღატაკებაზეა დამყარებული?
   ეს კორუმპირებული ადამიანები ამ ხელისუფლებამ მოიყვანა და ისინი არიან საბჭოთა კავშირის გადმონაშთები. ბეგლარ სიორიძე ბიზნესიდან მოვიდა ამ თანამდებობაზე. ეს ბიზნესი კი მან დაიწყო სააკაშვილის მმართველობის დროს.
   საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატი სასამართლო პროცესზე ითხოვდა მის გამოშვებას გირაოთი, მაგრამ უარი უთხრეს. გამოძიება გრძელდება და კვალი ალბათ მივა არა მარტო ქალაქის მერამდე, არამედ გუბერნატორ გია სალუქვაძემდეც.
     _ გუბერნატორიც არის ამ საქმესთან კავშირში?
    _ ოზურგეთში ამბობენ, ინფრასტრუქტურული პროექტიდან მიღებული თანხა ,,ტყდება” გუბერნატორს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივ, ძალოვან მაღალჩინოსნებს შორისო.
    – გამოდის, რომ ეს პროექტი ერთადერთი არ არის, რომელსაც კორუფციის სუნი აქვს?
   _ ცხადია, ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. მარტში გამოვითხოვე ინფორმაცია 2016 წლის სტიქიის შედეგად შეკეთებულ სახლებზე. ფირმამ, რომელიც მუშაობდა სახლების შეკეთებებზე, მათთან  დასაქმებულ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა და დავიწყე ამ საქმის მოკვლევა. აღმოჩნდა, რომ ფირმა, რომელსაც ამ პროექტზე მუშაობის უფლება  მისცეს, რამდენიმე თვის გახსნილი იყო. საუბარია 197 000 ლარიან  პროექტზე.
  პროკურატურას უკვე მივმართე და იმედია, დაიწყება მოკვლევა. საკრებულომ იმ სახლების ჩამონათვალი მომაწოდა, რომლებიც შეკეთდა. 34 სახლია, მაგრამ ასევე აღმოვაჩინე, რომ ფურცელზე რაც წერია, იმ მისამართზე არ არის შეკეთებული სახლები.
   _ რას ამბობთ… სტიქიით დაზარალებულების სახლები არ შეაკეთეს?
  _ დოკუმენტში სხვა მისმაართები წერია, სახლები კი სხვაგან შეაკეთეს.  რატომ შეცვალეს მისამართები, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ვეჭვობ, თვითნებურად არის შეცვალილი. უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს დავადგენ და სიმართლეს აუცილებლად ავხდი ფარდას.
   რედაქტორისგან: არაერთხელ დავუკავშირდი ოზურგეთის მერის პრესამსახურს, რათა ბატონ ბეგლარ სიორიძეს კომენტარი  გაეკეთებინა, მაგრამ  მისგანაც არაერთხელ მივიღე პასუხად, რომ ბატონი ბეგლარი შარაშენიძის ბრალდებებს არ პასუხობს.
   იმ შემთხვევაში, თუ ბატონ ბეგლარს სურვილი გაუჩნდება, რომ კომენტარი გააკეთოს, ჩვენ, რა თქმა უნდა,  მოვისმენთ მის არგუმენტებსაც. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close