ეზო დიდი ჭადრით და სახლი სავსე პასკების და ქვასანაყით საგულდაგულოდ დაჩეჩქვილი ენდროს (ენდროც აუცილებლად ჩვენი ეზოს უნდა ყოფილიყო) ერთმანეთში არეული სურნელით. ის თეთრი, ქათქათა გრძელი ტილოც მახსოვს, კაკლის ძველისძველ, მრგვალ მაგიდაზე, პასკებს რომ გაუფენდა ბებიაჩემი ქვეშ.
ტილოს ბოლოებზე წითელი ჩიტები იყო ამოქარგული, ხშირად ვაყოლებდი იმ ჩიტების ფრთებს საჩვენებელ თითს და მჯეროდა, ერთ ასეთ განსაკუთრებულ დღეს, თუ არ დავიღლებოდი, თუ არ მივატოვებდი ჩიტები გაცოცხლდებოდნენ, წითელი ჩიტები და პასკებზე ჩამოსხდებოდნენ, მერე ნისკარტებით ამ ქვეყნად ყველაზე გემრიელ პასკებს ამოკენკავდნენ, ცოტას ბებიაჩემს გააბრაზებდნენ, ის კი ხელს მაინც არ აუქნევდა სახლის წითელ ჩიტებს. სახლის, რომელივ სავსე იყო ოჯახის წევრებით, განსაკუთრებით კი ამ დღისთვის – ფუძეზე თავმოყრილი დედაჩემით, მამაჩემით, ბიძა-ბიცოლით. (ჩემი და მოგვიანებით შემოგვიერთდა) მე სულ იქ ვიყავი. მე, ბებიაჩემის კალთას გამოკერებული. იმაზე არაფერს ვამბობ, სააღდგომოდ, აუცილებლად, ახალი კაბა რომ უნდა მცმოდა, კაბა ჯიბით, ჯიბე -წითელი კვერცხის ჩასადებად.
ქრისტე აღსდგა!-ეს ბაბუაჩემს უნდა ეხარებინა ჩემთვის და სააღდგომო წითელი კვერცხიც ბაბუაჩემს უნდა მოეცა ხელში.

ქრისტე აღსდგა! მახარა ჩემმა გოგონამ გამთენიისას, სოფლის საყდრიდან. ის ახლა იქ არის, დედაჩემთან ერთად, მე აქ -უცხოეთში, ჩემს დასთან და დის ოჯახთან.

ვიცი, არ გააყოლებს ჩემი შვილი ტილოს წითელ ჩიტებს საჩვენებელ თითს იმ იმედით, რომ ჩიტები გაცოცხლდებიან. ჯერ ერთი დიდია, დიდებს კი ასეთი ოცნებები არ აქვთ, აღარც ის თეთრი ტილოა ,,ცოცხალი“, აღარც ბებია-ბაბუა, ბიძა-ბიცოლა, მამა, მაგრამ ფუძე ხომ ცოცხალია, ფუძე, საიდანაც ჰაერივით გამჭირვალე, მზესავით თბილი ჩემი უნაზესი შვილი ფეხზე დგომას მაიძულებს, რომ ვუპასუხო, – ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!

სოფიკო ტყეშელაშვილი

კომენტარები