რედაქტორის გვერდი

,,რუსეთიდან ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების შეძენა საჭირო აღარ იქნება”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შეძენა საჭირო იმიტომ არ იქნება, რომ გასულ წელს თბოელექტროსადგურების ხარჯზე ბუნებრივი გაზის ეკონომია მოხდა.

“2016 წელს თბოსადგურებისთვის მოხმარება შევამცირეთ. ახალმა თბოელექტროსადგურმა, იგივე ელექტროენერგიის გამომუშავების პირობებში, გარკვეული დანაზოგი მოგვცა, რომელიც შეგვიძლია, მოსახლეობისთვის მივმართოთ. რაც შეეხება ახალ კორექტირებულ ბალანსს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში დაბალანსება და ადაპტირება გავაკეთეთ და ფაქტობრივი მონაცემების ასახვა მოხდა პირველი კვარტლისთვის. რაც შეეხება პროგნოზირებულ ბალანსს წლის ბოლომდე, არ ვგეგმავთ კომერციული იმპორტის განხორციელებას რუსეთიდან. შესაბამისად, სოციალური მიზნებისთვის ის სატრანზიტო მოცულობა, რომელიც ფაქტობრივად ათვისებულია და ის მოცულობები, რომლის მოწოდება მოხდება აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად აკმაყოფილებს მთელი ქვეყნის მოთხოვნას“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მარიამ ვალიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის განმავლობაში ქვეყანას ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების შეძენა რუსეთიდან მაინც დასჭირდეს.

“ბუნებრივია, შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდები და დღეები პიკური მოხმარების, რომლის საჭიროებაც შეიძლება დამატებითი დაბალანსების საგანი გახდეს. ამისთვის კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ არის გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ამ შემთხვევებში საჭიროებიდან გამომდინარე, ე.წ საბალანსო გაზის მოწოდებას უზრუნველყოფს და ამის პირობებიც არის გაწერილი დეტალურად“, – აღნიშნავს ვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე 12 აპრილს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის. ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი ბალანსის მიხედვით, საქართველო აზერბაიჯანიდან წელს 2.347 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებას ელის.

წყარო: bm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close