დღეს, საქართველოს ადვიკატთა ასოციაციაში გაიმართა ბრიგინგი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა _ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს გააცნეს წერილი, რომლითაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ საკანონმდებლო წინადადებებს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტი – რუთვენ გემელი გამოეხმაურა:

,, CCBE-ისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო განვითარების პროცესში განახორციელოს კონსულტაციები ადგილობრივ ასოციაციებთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ ფარგლებში ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კერძოდ, შეიცვალოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მესამე პუნქტის ჩანაწერი შემდეგნაირად: ,,დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველა პირს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები და თავისუფლებები პირადად ან/და ადვოკატის მეშვეობით, ხოლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე“. მოქალაქეთა დაცვისა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული დემოკრატიის არსებობისათვის. ამრიგად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სურვილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში მოცემული სიტყვა „დამცველი“ შეცვალოს ტერმინით – „ადვოკატი“. ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ ადვოკატთა უფლებები კონსტიტუციის დონეზე იყოს დაცული, აღნიშნული კი განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავში (სასამართლო ხელისუფლება) ახალი 911 მუხლის დამატებით, შემდეგი ფორმულირებით: „1.სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების და სხვა არასათანადო ჩარევის გარეშე. 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ, ერთიან და თვითმმართველ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიაში მიღების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრებას, თავისი წევრების პროფესიულ განვითარებას, ადვოკატის მიმართ შევიწროვებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციასა და პროფესიული ღირსების დაცვას. 3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.“

საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში: მუხლი 440 წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში: პირებს, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებაროგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. მუხლი 53 სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეებს შორის. 1. ქონებრივი და არაქონებრივი დავის შემთხვევაში, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს–სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში.” ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE), წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში“.

კომენტარები