რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ქეთი ჭალისური: რამდენჯერმე შემექმნა საავარიო სიტუაცია ვინის მოუსვენრობის გამო

 რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, არსებობს დათვის ბელი, რომელსაც დედობას ერთ-ერთი გოგონა უწევს. Euronews.ge-ს ჟურნალისტები დავინტერესდით ამ ფაქტით და ქეთი ჭალისურს ოფისში ვესტუმრეთ.

შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიქცია პატარა, მოუსვენარმა არსებამ, რომელიც სკამზე მოკალათებულიყო და ცნობისმოყვარე თვალებით შემოგვცქეროდა; ეს იყო ბელი, სახელად ვინი, რომლის ისტორია ასეთია:

ვინი 12 აპრილს ბეთანიის გზაზე იპოვა ერთ-ერთმა მოქალაქემ, მან ბელი წამოიყვანა თავშესაფარში. გარემოს დაცვის სამსახურმა უთხრათ,  რომ ბელი გაეშვათ ტყეში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბელი სულ რაღაც ერთი თვის იყო და მას არ შეეძლო თავის დაცვა, გადაწყვიტეს, ზოოპარკში ჩაებარებინათ. ზოოპარკში, ადგილისა და შესაბამისი პირობების არქონის გამო, უარი განაცხადეს მის მიღებაზე. საბოლოოდ, თამაზ ელიზბარაშვილმა გადაწყვიტა, ბელი თავისსავე თავშესაფარში დაეტოვებინა, რადგან მას ემუქრებოდა სიკვდილი.

ბელის შესახებ მის აღმზრდელს, ქეთი ჭალისურს გავესაუბრეთ:

   ,,ბელი ძალიან ძნელი მოსავლელია, თამაშიც ცოტა ველური იცის, მაგრამ არის ძალიან ჭკვიანი, დედა ვგონივარ და სულ თან დამყვება, ეშინია, რომ არ დავტოვო. მაშინაც კი, როცა სასეირნოდ გავდივართ, ჩვეულებრივ, საბელის გარეშე მიმყავს. სძინავს ჩემთან საწოლში; 24 საათი ჩემს გვერდითაა.

   ხალხს სასწაული რეაქცია აქვს, რადგან ვინი ყველას ყურადღებას იპყრობს. ხშირად უკითხავთ: დეკორაციული დათვია? მართლა დათვია, თუ ძაღლია? პატრულსაც ბევრჯერ გავუჩერებივარ, რათა ენახათ ის. მანქანის ტარებისას ხშირად თადარიგს ვიჭერ, რამდენჯერმე შემექმნა საავარიო სიტუაცია ვინის მოუსვენრობის გამო. ზოგადად, ძალიან აქტიურია, მშვიდია მხოლოდ მაშინ, როცა სძინავს; ჩინური ტელეფონივითაა, 5 წუთში იტენება და 3 დღე არ ჯდება (იცინის).

ვინი შუაღამეს იძინებს და სძინავს 4-5 საათის განმავლობაში, არის ძალიან პუნქტუალური (იცინის) და იღვიძებს ერთსა და იმავე დროს – 06:25.“

ამასობაში ვინი ცელქობით დაიღალა და იქვე, მაგიდის ქვეშ მიწვა. ჩვენ კი ყურადღება გადავიტანეთ ოქროსფერ ძაღლზე. პატრონმა მის შესახებაც გვიამბო:

  ,,ეს არის მირა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩააბარეს თავშესაფარში, სტიქიის დროს მისი სახლში წაყვანა მომიხდა და ამის შემდეგ ერთი ნაბიჯითაც აღარ მშორდებოდა ისევე, როგორც ვინი. მირა ძალიან მეხმარება ვინის გაზრდაში. ის რომ არ მყავდეს არ ვიცი, რა მეშველებოდა. ისინი ხშირად თამაშობენ ერთად, ამიტომ ძალიან მიეჩვივნენ ერთმანეთს.

იქიდან გამომდინარე, რომ დათვებში ზრდასრულ ასაკად 4 წელი ითვლება, საინტერესოა, რა ბედი მოელის 2 თვის ვინის, როდესაც ამ ასაკს მიაღწევს. ვინის აღმზრდელმა ამასთან დაკავშირებით გვითხრა:

,,როდესაც წამოიზრდება და მიაღწევს ზრდასრულ ასაკს, მოგვიწევს მისი ვოლიერში გადაყვანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის, თუმცა ეს გარდაუვალია. ვფიქრობ, თავდაპირველად მასთან ერთად მირაც ჩავსვა ვოლიერში, რათა ვინის არ გაუჭირდეს ახალ გარემოსთან შეგუება.“

    ბელის აღმზრდელი, ქეთი ჭალისური მოუწოდებს საზოგადოებას:

,,ნაკლები აგრესია გამოიჩინონ ცხოველების მიმართ. თუ არ უყვართ, ნურც ნურაფერს დაუშავებენ. ზოგადად, ადამიანზე დიდი ცხოველი არ არსებობს, რადგან ადამიანი რომ დაგიშავებს, იმდენს ცხოველი ვერ დაგიშავებს; სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი დევიზი: ,,ჯერ ცხოველები, შემდეგ ადამიანები.“

   სანამ წამოვიდოდით ვინიმ გაიღვიძა, აღმზრდელმა ის ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა, თან ეფერებოდა ისე, როგორც დედა შვილს.

ავტორები: სოსო გაზდელიანი და თაკო კვარაცხელია

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close