,,ძალადობის მსხვერპლის ვინაობა კონფიდეციალურია:

— 2005 წლის სექტემბერი იყო, მეზობლისგან ნამაჭანკლარი ბიჭი დავიწუნე… 2006 წლის 8 იანვარს ერთმა გოგონამ დამირეკა და მითხრა, ლევანი კვდება, ცუდად არისო. მეგონა, კურსელ ლევანს ჰქონდა პრობლემები, ამიტომ, მეორე დღისთვის შეხვედრაზე დავთანხმდი.

რუსთაველზე, კაფეში ვსაუბრობდით, უცებ ის ლევანი შემოვიდა, ვისაც მეზობელი მირიგებდა. გავნერვიულდი, ავცახცახდი, გამოვედი კაფედან და გაქცევა ვცადე. იქვე, ოთხმა მამაკაცმა მტაცა ხელი და 06-ის მარკის ავტომანქანაში ჩამტენა. არ ვიცი, როგორ გავითიშე, გონება დავკარგე. არც ის ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. როცა გონზე მოვედი, გაუპატიურებული ვიყავი…

 ქალიშვილობა დაკარგული მქონდა. ავტეხე კივილი, დედა მინდა-თქო. არავინ არ მისმენდა, წამიყვანეს გეგუთში… დილითვე გაშალეს სუფრა, ლევანი დაოჯახდაო და გამართეს ლხინი… დედაჩემი მოვიდა, მაგრამ რაკი ქალწული არ ვიყავი, სახლში არ დამაბრუნა და დამტოვა. 18 წლის ვიყავი და ვერ გავბედე წინააღმდეგობა.
ორ კვირაში მულმა მიგვიწვია დაბადების დღეზე. როცა სტუმრებმა დამლოცეს, გავუღიმე მადლობის ნიშნად, ქმარმა კი სილა გამაწნა… მისი საქციელი სიმთვრალეს დავაბრალე და არაფერი მითქვამს მისთვის.
1 მარტს თბილისში ჩამოვედით. 3 მარტს უმიზეზოდ მცემა… 7 მარტს ისევ განმეორდა ძალადობა და კაბელი მირტყა. მთელი სხეული დასერილი მქონდა. მერე დანით დამემუქრა. კივილზე მეზობელი შემოვარდა და რომ დაინახა რა მდგომარეობაში ვიყავი, დედაჩემს შეატყობინა. ოჯახის წევრები მოვიდნენ და პატრულიც გამოვიძახეთ.
დამაინვალიდა, სამ ქალს ძლივს დავყავდი. დამოუკიდებლად სიარული არ შემეძლო. 4 წელი ლოგინს მიმაჯაჭვა.
მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო პოლიციისგან, რომ არ განმეორებულიყო ძალადობა ჩემს მიმართ, ის მაინც მივარდებოდა სახლში დანით და სხვადასხვა ბლაგვი საგნით მიმტვრევდა კარებს და უნდოდა ჩემი მოკვლა. მივმართე პოლიციას. დააკავეს. ბრალად წაუყენეს ადამიანის წამება, ხულიგნობა, ადამიანის გატაცება და გაუპატიურება. სასამრთლომ 20 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავაზობდა, თუ მოაწერთ ხელს მის გათავისუფლებაზე, ციხიდან გამოვაო. მე უარი განვუცხადე, რადგან მეშინოდა მისი, სულ მოკვლით მემუქრებოდა… თუმცა, ამნისტიით მაინც მოახერხა გამოძრომა. ციხიდან გამოსვლი მესამე დღეს, ცოლ-შვილზე იძალადა და ისევ ციხეში შეაბრუნეს…”

ამ ისტორიას, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი” აქვეყნებს.

კომენტარები
Загрузка...