წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს კურორტი „სქური“. სწორედ აქ ჩამოედინება უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყალი- სქურის წყალი.

1870 – 1880 წლებში მინერალური წყარო მომთაბარე მწყემსებმა აღმოაჩინეს, მიწის მაშინდელი მეპატრონეები საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ფაქტს და ხშირად კონფლიქტიც კი ჰქონდათ თავად დადიანებთან ამის გამო…

წყლის თვისებები თბილისიდან ჩამოსულმა მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა და 1920 წელს შეიძინა მინერალური წყლის სტატუსი. მისი მინერალურობა დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტროს 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანება #310/ნ -ით. საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან, წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურული ბაიოსურის ვულკანოგენური ქანებიდან.

აღსანიშნავია, რომ სქურის წყალს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია. მაგალითად კურნავს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებებს.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებიდან იკურნება:

1. საყლაპავი მილის ანთებები – რეფლუქსი-ეზოფაგიტი, მტკივნეული, დისპეპტიური, დისფაგიური, შერეული ფორმის – მსუბუქი და საშუალო ხარისხის, გამწვავების ფაზის გარეშე.

2. კუჭის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი.

3. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული – რემისიისა და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. წყლულის ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ.

4. კოლიტი და ენტეროკოლიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიული წარმოშობის გარდა), გამწვავების ფაზის გარეშე.

5. ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები – ინფექციური ჰეპატიტი, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში, დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მცირე გადახრებით.

6. ჰეპატიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის, არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით.

7. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი – ქრონიკული მიმდინარეობის, სხვადასხვა ეტიოლოგიის, იშვიათი შეტევებით, ოპერაციის შემდგომ პერიოდში – 4-5 თვე.

8. ნაღვლკენჭოვანი დაავადება – ინფექციით გართულებისა და ხშირი გამწვავების გარეშე, მხოლოდ მდგრადი რემისიის ფაზაში.

9. პანკრეატიტი – ქრონიკული მიმდინარეობის (ტუბერკულოზურის გარდა), ხშირი გამწვავების გარეშე, ქრონიკული პანკრეატიტის ლატენტური ფორმა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები:

1. რევმატოიდული პოლიართრიტი – რევმატოიდული ართრიტი, უპირატესად სახსროვანი და კლინიკურად კომბინირებული ფორმის არააქტიურ ფაზაში, პროცესის მინიმალური და საშუალო აქტივობით, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.

2. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი – ბრუცელოზური, გონორეული, ტიფის, გრიპის, ტრავმის შემდგომი და ა.შ. აქტივობის ნიშნების გარეშე.

3. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი – დისტროფიული, კეთილთვისებიანი დისტროფიული ოსტეოართროზი ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლის შედეგად მეორადი სინოვიტითა და ტროქანტერიტით.

4. ხერხემლის ოსტეოქონდროზი – მოზრდილთა ოსტეოქონდროზი და ხერხემლის არასტაბილურობა, მეორადი ნევროლოგიური მოშლილობით ან მის გარეშე, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.

5. სპონდილოზი და სპონდილოართროზი – ხერხემლის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის გარეშე.

6. ანკილოზირებული სპონდილოართროზი – ბეხტერევისა და შტრუმპელმარის დაავადებები, ხერხემლის რევმატოიდის მსგავსი ართრიტი, ავადმყოფის გადაადგილების უნარის შენარჩუნებით, პროცესის აქტივობის უმეტეს II ხარისხისა.

7. სპონდილიტი და ოსტეოქონდრიტი – ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) სპონდილიტი. მალთაშუა და მალის სხეულის ოსტეომიელიტი, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.

8. ტრავმული სპონდილოპათია – ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.

9. ძვლის მოტეხილობები – სხვადასხვა მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციითა და მტკივნეული ძვლოვანი კორძებით.

10. მიოზიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების კონტრაქტურა და დიუპიუტრენის კონტრაქტურა სხვადასხვა ეტიოლოგიის, ქრონიკულ ფაზაში.

11. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – რადიკულიტი, რადიკულონევრიტი – გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური, ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის, ლუმბალგია, ლუმბოიშიოლოგია, რადიკულიტი, იშიასი – მწვავე პროცესის დამთავრების შემდეგ და ქვემწვავე სტადიაში, არასრული რემისიის ფაზაში, ქრონიკული მიმდინარეობის რემისიის ფაზაში.

12. პერიფერიული ვეგეტაციური ნერვული სისტემის დაავადებები – კისრის უკანა სიმპათიკური სინდრომის და სიმპათო-განგლიონიტის თანხლებით, ვეგეტაციური პოლინევრიტი, სიმპათიკური განგლიო-ტრუნციტი მწვავე პერიოდის დამთავრების შემდეგ.

13. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები – მენინგოენცეფალიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის შერყევის შორეული შედეგები (ენცეფალოპათია), კისრის მიელოპათია, გულმკერდის მიელოპათია და ა.შ. მწვავე პერიოდის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ.

14. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები – ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, პროფესიული ნევროზი, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია (ერბის დისტროფია, ლანდუზი-დეჟერინის, შარკომარის დაავადებები) მსუბუქ სტადიაში, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარის შენარჩუნებით.

აღნიშნული წყალი სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი მონაცემების მიხედვით, რადიაციული ფონი მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვრულ დასაშვებ ნორმას არ აღემატება.

 სამწუხაროდ, დღეს ვერ ხერხდება ასეთი უნიკალური თვისებებისა და შემადგენლობის მინერალური წყლის ჩამოსხმა და გამოყენება. ადრეულ პერიოდში ჩამოსხმა ადგილზე ხდებოდა და წყალი გასაყიდად გაჰქონდათ, როგორც ადილობრივ, ისე სხვა ქვეყნის ბაზარზე. დღესდღეობით კი ეს საკითხი პრობლემურია და მისი გადაჭრა ხალხის სასიკეთოდ არ ხერხდება.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები
Загрузка...