საზოგადოება

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი მკვლელობა მოხდა: ოთხი შვილის დედა, 40 წლის ქალი, ყოფილმა მეუღლემ მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელმა ყოფილი მეუღლე ელექტროსადენით გაგუდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. 1975 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით).
ოთხი შვილის დედის მსგავსად საქართველოში ქმრებმა ათობით ქალი გაწირეს სასიკვდილოდ. ბოლო წლებში ქალებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ყველაზე ხშირ შემთხვევებში მოძალადე მამაკაცების ასაკი 24-დან 44 წლამდე მერყეობს. ოჯახური კონფლიქტების მიზეზი ხშირად ხდება ქონებრივი დავა, ეჭვიანობა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება…
მოკლული ცოლების სტატისტიკა შემზარავია… როგორ ისჯებიან ქმრები, რომლებიც ცოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2014-2016 წლების მონაცემების გამოთხოვის შედეგად ირკვევა, რომ რაიონული და საქალაქო სასამართლოების მონაცემების მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) 2014 და 2015 წლების პერიოდში საერთო ჯამში 35 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
გასული ორი წლის განმავლობაში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ყველაზე მეტი – 9 საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ (2014 წელს 7 საქმე, 2015 წელს – 2 საქმე). ბრალდებულებს შორის მაქსიმალური – 15-წლიანი სასჯელი, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა განსასჯელს. განაჩენი 2014 წლის ივლისშია გამოტანილი და თუ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ვივარაუდებთ (საქალაქო სასამართლოს სტატისტიკაში ბრალდებულის იდენტიფიცირება არ ხდება), საქმე ეხება 2014 წლის 15 მაისს, თბილისში მომხდარ შემზარავ მკვლელობას. ყოფილმა ქმარმა 27 წლის სოფო ზურებიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა. მკვლელობა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილი სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 32 წლის ალექსნადრე ცოცხალაშვილი დააკავეს. მეუღლის მკვლელობისა და ცოლის ძმის დაჭრისთვის, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება სხვა ქალაქების რაიონულ და საქალაქო სასამართლოებს, 2014-2016 წლებში ქუთაისის საქალაქო და თელავის რაიონულმა სასამართლოებმა 6-6 საქმე განიხილეს, 3 საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ხოლო თითო-თითო მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სიღნაღის, ბოლნისის, ბათუმისა და ამბროლაურის სასამართლოებში
კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელზეც განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის აპრილში გამოიტანა, სასამართლოში 6 თვის განმავლობაში იხილებოდა. საქართველოს შს სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სერგი საცერაძემ 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში ე.წ “ირინეს ბაღში”, სამსახურებრივი საშტატო “იერიხოს” მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა მისივე ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე. საცერაძე დანაშაულის ჩადენის დღეს, 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა 2015 წლის 17 აპრილს მიესაჯა.
კიდევ ერთი სადისტური მკვლელობის ჩამდენ ქმარს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2014 წლის ოქტომბერში სოფელ დვაბზუში მომხდარმა მკვლელობამ საქართველო შეძრა. 40 წლის თემურ რამიშვილმა 29 წლის მეუღლე, ორი შვილის დედა, ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა. ცოლ-ქმარს ორი შვილი – 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი ჰყავთ. იმ დღეს გოგონა სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო და ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა მამა დედა მოკლა. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სახლს ბენზინი მიასხა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. რამიშვილი იმავე დღეს დააკავეს. რამდენიმე თვეში სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (აქედან 6 რეალური და 1 პირობითი) ოჯახის წევრის მკვლელობისთვის ბოლო ორი წლის მანძილზე სასამართლოებში შეფარდებული ყველაზე მოკლევადიანი განაჩენია.

წყარო:ambebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close