საინტერესო

როგორ გაიმეტა სტალინმა დასახვრეტად უახლოესი მეგობარი

,,თანამედროვეების გადმოცემით, ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება"

    ალექსანდრე „ალიოშა“ სვიმონის ძე სვანიძე (დ. 1886 — გ. 20 აგვისტო, 1941) — ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იოსებ სტალინის პირადი მეგობარი და მისი პირველი მეუღლის კატო სვანიძის ძმა იყო.
1901 წლიდან გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903 წლიდან ეწეოდა არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობას ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად მიიყვანა ტფილისში, თავის დების სახლში, სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე კატო, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.
ალიოშა რამდენიმე წელი ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც მოისმინა იენის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი, შეისწავლა გერმანული და ინგლისური ენები. 1916 წელს დაბრუნდა და 1919 წლამდე დაჰყო ტფილისში. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რუსეთში გაექცა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა ყარსის კონფერენციაში, სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დათმო ბათუმი და გიუმრი, ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა ართვინი, არტაანი, ყარსი და იღდირი[1][2]. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახალხო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.[3]
1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით, ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.
პოლიტიკური კარიერის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში: სწავლობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას; აქტიურად იყო დაკავებული ალაროდიული ენების შესწავლით; ასურეთის და ურარტუს უძველეს წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა ნარკვევი მაშინდელი პერიოდის ამიერკავკასიაზე; რუსულ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი; დააარსა ჟურნალი Вестник древней истории, რომლის პირველი რედაქტორი თავადვე იყო.
1937 წელს ალიოშა სვანიძე დააკავეს, გამოძიება გრძელდებოდა 1937 წლის დეკემბრიდან 1940 წლის დეკემბრამდე. 1940 წლის 4 დეკემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე სვანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. გამოძიებამ ბრალად წაუყენა: 1922 წლიდან საქართველოს ნაციონალისტურ-უკლონისტური დაჯგუფების წევრობა, 1929 წლიდან მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრობა, აგრეთვე ფინანსური თაღლითობები და ამ გზით ტროცკისტული ორგანიზაციის დაფინანსება ესპანეთში და შპიონაჟი გერმანიის დაზვერვისთვის. დაკითხვების მიმდინარეობისას, ალიოშამ წაყენებული ბრალდებები არ აღიარა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close