რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

როგორ გადაარჩინეს რუსმა ტურისტებმა საქართველოს მთაში მიტოვებული ძაღლი?

იანვარში, ცოლ-ქმარი ალექსრანდრე და ალექსანდრა ალექსანდროვები თავიანთ შვილებთან ერთად საქართველოს ესტუმრნენ. სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ გუდაურში გაჩერდნენ. სწორედ იქ იპოვეს მიტოვებული, დაუძლურებული ლეკვი, რომელიც საცოდავად შესცქეროდა მათ და შველას თხოვდა. ტურისტებმა თავიანთი საგზალი გაუყვეს ძაღლს, მოეფერნენ, გაათბეს, თუმცა მიხვდნენ, რომ სიკვდილის პირას მყოფი ძაღლისთვის მოფერება და გამოკვება საკმარისი არ იყო. ძაღლის გადარჩენისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა ვეტერინარის ჩარევა. მოიძიეს, სად შეიძლებოდა მისი წაყვანა. შეიტყეს თუ არა ჩვენი თავშესაფრის შესახებ, მოგზაურობა დაუფიქრებლად შეწყვიტეს, ლეკვი ჩასვეს საკუთარ ავტომობილში და ჩვენს თავშესაფარში მოიყვანეს.

ჯერ, რა თქმა უნდა, ბატონ თამაზ ელიზბარაშვილთან დარეკეს და ძაღლის მიღების ნებართვა ითხოვეს. თავშესაფრში მოსვლამდე ტურისტებმა სახელიც შეურჩიეს ძაღლს. რიტა დაარქვეს ძუ ქოფაკს. თავშესაფარში მოსულები გაოცებულები დარჩნენ აქაური პირობებით. ისიც თქვეს: ,,ადამიანისთვის შესაშური მოვლა-პატრონობა აქვთ აქაურ ბინადრებს“. ყველა მათგანი გაიცნეს, თავშესაფარი გულმოდგინედ დაათვალიერეს და აღფრთოვანებულები დაგვემშვიდობნენ. გვითხრეს, რომ პერიოდულად მოიკითხავდნენ ხოლმე რიტას ამბავს, რაც მართლაც ასეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ, რიტას წაყვანის დიდი სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ საზღვარზე გადაყვანის პრობლემის გამო ვერ მოახერხებდნენ. არაჯანმრთელ, უსაბუთო ძაღლს არ შეაყვანინებდნენ თავიანთ ქვეყანაში.

ეს არის ქართველებისთვის შესაშური მაგალითი, თუ როგორ გადაარჩინეს რუსმა ტურისტებმა ქართველი პატრონისგან მიტოვებული ძაღლი. თავშესაფრის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში მსგავსი მაგალითი არც კი გვქონია. არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც თავისი შვებულება ძაღლის გადარჩენის გამო შეეწყვიტოს და ის თავშესაფარში მოეყვანოს. მთიდან კი არა, თბილისის ქუჩებიდან ლეკვის მოყვანა არ უნდათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამიტომაც ვწერთ ამ სტატიას, რომ ბევრმა ნახოს და მაგალითი აიღოს ამ გულისხმიერი ხალხისგან.

რაც შეეხება რიტას, ის ბევრად უკეთესადაა. ექიმის მკურნალობის შედეგად დემოდეკოზი თითქმის მოურჩა. თათებზე დარჩა მცირეოდენი პრობლემა, რაც მკურნალობის შედეგად გაუვლის. გარეგნულად გაცილებით უკეთ გამოიყურება.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close