,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ლექსო კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. მან ისაუბრა პარლამენტის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციაზე. ალექსანდრე კობაიძემ გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან შეხვედრისკენ, მათთან დიალოგისკენ მოუწოდა.

,,საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლება მიხვდა, რომ ხალხთან საუბარი აუცილებელია და მათ გარეშე კონსტიტუციის მიღება უბრალოდ შეუძლებელია. აქვე დავსძენ, რომ მათი ეს ქმედება დაგვიანებული და ბლეფია, ხალხთან კონსულტაციები მანამდე უნდა დაეწყოთ, სანამ ჩვენს კონსტიტუციას დაჩეხავდნენ. თუმცა ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი საყოველთაო კონსტიტუციის განხილვაში. ის არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის პრეზიდენტი და მისი მხრიდან ოპოზიციონერი პრეზიდენტის როლის თამაში, ძალიან ცუდია. მან უნდა გაითვალისწინოს, როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ასევე პოლიტიკური პარტიების აზრი, რათა ხელისუფლებამ თავისი პრინციპები არ გაიტანოს და არ შემოგვთავაზოს დამახინჯებული კონსტიტუცია.

მივმართავ პრეზიდენტს, დაიწყოს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან შეხვედრები, რათა გათვალისწინებული და მიღებული იქნას სრულფასოვანი და ჯანსაღი კონსტიტუცია,”- განაცხადა ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ – ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები