პოლიტიკა

“რაც ჩვენ დროს მანკიერი იყო, ახლა ასჯერ უფრო გაზრდილი და მავნებლურია”

მანკიერი, რაც იყო ჩვენს დროს, ახლა არის ჰიპერტროფირებული, ასჯერ უფრო გაზრდილი და ასჯერ უფრო მავნებლური, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ტოტალური კორუფციული სქემა მოქმედებს.

თარგამაძის მტკიცებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გურამ ტომარაძე მუშაობს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მამა თამაზ თამაზაშვილის მეგობარი და თანამშრომელი იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ თამაზაშვილის და ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის კადრების მთლიანად გამოხშირვა მოხდა, ტომარაძე ინარჩუნებს თანამდებობას. ეს არის გამოწვეული ერთადერთი ფაქტორით. ტომარაძე ყოველწლიურად აკეთებს უზარმაზარ თანხას, რომელიც შემდეგ შსს-ს ხელმძღვანელობაში ნაწილდება”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მან კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტზე გაფორმებულია გარკვეული რაოდენობის თანამშრომელი, ხოლო, რეალურად , დასაქმებულია ბევრად ნაკლები. თარგამაძის ინფორმაციით, ქაღალდზე ყველა თანამშრომელი მიუხედავად იმისა, წვევამდელია, თუ კონტრაქტით გაფორმებული, იღებს ერთნაირ თანხას, 400-600 ლარს, თუმცა, რეალურად, წვევამდელებს ხელზე მხოლოდ 80 ლარს უხდიან.

გივი თარგამაძის განმარტებით, ამ ორი მანიპულაციით თვეში აღურიცხავი რჩება ორ მილიონ ლარზე მეტი.

გარდა ამისა, თარგამაძემ ტენდერების შესახებ გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ტენდერებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იმარჯვებს ისე, რომ წინასწარ არის განსაზღვრული პირობები, რომელსაც მხოლოდ ის აკმაყოფილებს, ან აგებს, შემდგომ ყველა კომპანიას ცხრილავენ და საბოლოო ჯამში, მაინც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხდება გამარჯვებული.

”ზოგადად, ეს, რა თქმა უნდა, მახინჯი სისტემაა. არსებობს სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. დაცვის დეპარტამენტი არის ამ ბიზნისში როგორც მოთამაშე, ასევე არის მაკონტროლებელი. ბუნებრივია, მას აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ იყოს მონოპოლისტი და ამას ახორციელებს კიდეც. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ ხდებოდა ჩვენს დროს, ხდებოდა, სამწუხაროდ, და ეს გაგრძელდა. ისევე როგორც ყველა დანარჩენ მიმართულებაზე – ის მანკიერი, რაც იყო ჩვენს დროს, ახლა არის ჰიპერტროფირებული და ასჯერ უფრო გაზრდილი და ასჯერ უფრო მავნებლური. როდესაც საუბარია, რომ შსს უნიათოა და ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს, უბრალოდ უნიათო კი არ არის, ის უბრალოდ აკეთებს ფულს, ძალიან ბევრ ფულს ყოველწლიურად, რომელსაც ანაწილებს უფრო მაღალ ხელმძღვანელობაში და ამის გამო ინარჩუნებენ ეს ადამიანები თანამდებობას. ეს უნდა დავამთავროთ”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისი ინფორმაციით, ფაქტების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბრობს, აუდიტის სამსახურის 2017 წლის დასკვნაშია მოცემული, თუმცა აქამდე ამას რაგირება არ მოჰყოლია.

თარგამაძის თქმით, ეცდება, მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია შსს-სთან დაკავშირებით.

”ყოველდღიურად ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, სანამ გოგა მღებრიშვილი მინისტრია. ყველანაირი შეგონება, რომ გოგა კარგი ბიჭია, თბილისელია, სუფრაზე კარგია, ძმაკაცობა იცის და ა.შ. მიუღებელია. საუბარი, რომ მას არ მოხსნიან, რადგან ამას ჩვენ ვითხოვთ – არა. მოხსნიან, რადგან ჩვენ ვითხოვთ. ამას აუცილებლად მივაღწევთ უახლოეს დღეებში”, – დასძინა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close