რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რატომ ემდურის ადვოკატი მამუკა ნოზაძე ინგა გრიგოლიას?

   გუშინ, ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე საზოგადოებამ ძალიან უცნაურად მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ასეთი პოსტები:

„ყველას, ვისაც ერთი წუთითაც არ უღალატია პროფესიისათვის, არ წასულა საკუთარ სინდისთან კომპრომისზე, გილოცავთ ამ დღეს!“

„გულწრფელ და პატიოსან ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღეს. კომერსანტ და არაკეთილსინდისიერ ჟურნალისტებს კი გამოსწორებისკენ მოვუწოდებ!“

„21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ვულოცავ ჩემს მეგობრებს და ყველა მართალ ჟურნალისტს!“

„თქვენ, ჟურნალისტებს მხოლოდ კარიერულ წინსვლას და იღბალს თუ გისურვებთ, თორემ სხვა არაფერი გაინტერესებთ. წარმატებები“.

   კოლეგებისადმი ჟურნალისტების მილოცვებშიც იყო შეფარული „ჩუმი სევდა“ და სურვილი მათი პატიოსნების, მიუკერძოებლობის და კეთილსინდისიერების.

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ კოლეგებო! მხოლოდ სიმართლის, სამშობლოსადმი კეთილსინდისიერი მსახურების და თავდადების მაგალითი ყოფილიყავით“ – წერდა ერთ-ერთი ჟურნალისტი. 

   ლოგიკურად, ეს ყველაფერი მიანიშნებს მასზედ, რომ ამ სფეროში საქმე კარგად არ არის და ქართული ჟურნალისტიკა არ ემსახურება იმ ღირებულებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მაინც სჯობს, თავად საზოგადოების წარმომადგენლებს მოვუსმინოთ:

   მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_  ეს პრობლემა შეიძლება სააშკარაოზე ახლა გამოვიდა, მაგრამ მერწმუნეთ, წლების მანძილზე გროვდებოდა. ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ ჩნდება ხოლმე ბევრი კითხვის ნიშანი, რადგან ზოგჯერ ისინი მალავენ გარკვეულ ფაქტებს, სიმართლეს და მოქმედებენ პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით. ანდაც, აშუქებენ ისეთ საკითხებს, რომელიც ამა თუ იმ ხელისუფლებას აწყობს და ლოიალურად არიან განწყობილნი არსებული ხელისუფლებისადმი. ასევე, გარკვეული ბიზნესწრეების სასარგებლოდ აშუქებენ საკითხებს და მასში იკვეთება მატერიალური დაინტერესება. ცხადია, ეს ყველას არ ეხება და არც სარეკლამო სტატიებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. არიან პატიოსანი ჟურნალისტებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ გააშუქებენ არაფერს, თუ სარგებელი არ ნახეს. ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც ცნობილ ჟურნალში მუშაობდა, შეთავაზეს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის მდგომარეოობის გაშუქება, მაგრამ ერთი სტატია რომ დაეწერა ამ თემაზე,  მან მოითხოვა 2 ათასი ლარი. ასეთი სტატია სარეკლამო ვერ იქნებოდა, ამიტომ, ეს იყო ანგარება და სხვა არაფერი.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა თავად ვიყავი უკანონო პატიმარი, წერილი მივწერე ინგა გრიგოლიას, დავურეკე და ავუხსენი კიდეც, რომ ვიყავი ადვოკატი და ვიმყოფებოდი უკანონო პატომრობაში. ინგა მაშინ ძალიან პოპულარული იყო და  საკუთარი გადაცემაც ჰქონდა. წესით, ის უნდა გარკვეულიყო საკითხში და დამდგომოდა გვერდით, თუნდაც, როგორც ადამიანი, მოქალაქე და არა ჟურნალისტი, მაგრამ გრიგოლიასგან მივიღე ასეთი პასუხი: იცით რა, რემონტს ვაკეთებ და არ მცალიაო. ეს არის ძალიან უდიერი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რადგან, როცა ჟურნალისტი გქვია, ვალდებული ხარ,  თანაგრძნობა მაინც გამოუცხადო ადამიანს, რომელიც მოგმართავს. ასევე, მან განმიცხადა, გადაცემაში მხოლოდ პოლიტიკას ვაშუქებ და არა რაიმე კონკრეტულ საქმესო. ცხადია, ვუთხარი ისიც, რომ ქვეყანაში, სადაც ადვოკატი უკანონოდ არის დაპატიმრებული, ეს არის პოლიტიკური სასჯელი და თუ მომისმენთ და საქმეში გაერკვევით, ამას მიხვდებით. როცა ადვოკატის მიმართ სამართალდამცავი ორგანოები ბედავენ უსამართლობის ჩადენას და სახელმწიფო ძალადობს ადვოკატზე, ადვილი წარმოსადგენია, მოქალაქეები რა დღეში იქნებიან მეთქი. გიორგი თარგამაძესაც მივწერე მაშინ წერილი, მაგრამ მანაც არ გამოიჩინა არანაირი ყურადღება. ჩემი სიმართლე მაინც დავამტკიცე და ამაში ვერ შემაფერხა ვერც გრიგოლიას უარმა და ვერც თარგამაძის უგულო დამოკიდებულებამ, მაგრამ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე შემიძლია ვიფიქრო, რომ  როცა ადამიანები ხვდებიან მსგავს წინაღობებს ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს, მათ მიმართ უჩნდებათ უნდობლობა და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს.

ჟურნალისტი უნდა იყოს მოდარაჯის როლში. ის არ უნდა იყოს ტენდენციური, ვინმეს ინტერესების გამტარებელი და მასაც უნდა სტკიოდეს გული ქვეყანაში რაც ხდება, რაც სჭირს თითოეულ ადამიანს. ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული უსამართლობა და უკანონობაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ის მედიის ყურადღების საგანი აუცილებლად უნდა გახდეს.

   ვახტანგ მაისაია, პროფესორი, სამხედრო ექსპერტი:

_ ამგვარი განცხადებების გაკეთება საზოგადოების წარმომადგენლების ხრიდან გამოწვეული არის იმ ფაქტორით, რომ დღევანდელი ქართული მასმედია და ყველა მისი მიმართულება: ტელევიზია, რადიო, ელექტრონული, სოციალური, ბეჭდური და ა.შ. გახდა პოლიტიზირებული და მასში გაერია „სიყვითლის” ფერი, რაც საკმაოდ აკნინებს მის პრესტიჟს და სოციალურ სტატუს-ქვოს. თუმცა ეს არ ეხება ყველა მასმედიის საშუალებებს, მაგრამ ისინი ამ ეტაპზე აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ამიტომ, ნდობის ფაქტორი გახდა მთავარი გარემოება და რატომღაც, საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი სენტიმენტებიც.

   ნათია შარაშენიძე, ლეიბორისტული პარტიის წევრი:

_  ყველა ჟურნალისტი, ვისაც ჟურნალისტის დიპლომი აქვს და მუშაობს ჟურნალისტად არ ემსახურება მართალ სიტყვას. ამ წლებმა დაგვანახეს, რომ არიან ყალბი ჟურნალისტებიც. მართალი ჟურნალისტი არის ის ჟურნალისტი, ვინც სიმართლეს ყოველგვარი ანგარების გარეშე, შეულამაზებლად დაწერს. ასევე, ის ჟურნალისტი, რომელსაც საზოგადოების მოთხოვნებზე, პრობლემებზე და აქტუალურ საკითხებზე უშიშრად შეუძლია წერა. მეც, სწორედ ამ კატეგორიას მივულოცე გუშინ პროფესიული დღე და მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში მართალი ჟურნალისტებიც გვყავს. მე მათ დიდ პატივს ვცემ.

 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close