ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რატომ არ შეიძლება მარხვაში ხორცის ჭამა

,,სჯულის კანონში წერია, დიდი საუფლო დღესასწაულების დროს, ვინც იმარხულოს და ხორცი არ შეჭამოს, განიკვეთოსო"

მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არაა. ამ დროს ადამიანი სილიერ ცხოვრებაზეც განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს- ლოცულობდეს, დადიოდეს ტაძარში, ესწრებოდეს წირვა-ლოცვებს, ამბობდეს აღსარებას, გულით ინანიებდეს ცოდვებს და იღებდეს ზიარებას. მარხვის დროს ასევე იკრძალება სულიერი და ხორციელი მოთხოვნები, არ შეიძლება თრობა, ჯვრისწერა, გადამეტებული მხიარულება.

ზოგს ჰგონია, რომ მარხვა ჯანმრთელობას ვნებს და ამიტომ არც ინახავს. ახალი აღთქმის მოღვაწეთა ცხოვრებას თვალს თუ გადავავლებთ, მივხვდებით, რომ მარხვა არა თუ აუძლურებს და აავადებს ადამიანს, არამედ სიცოცხლეს უხანგრძლივებს და აჯანმრთელებს. წმინდა სვიმონ მესვეტე მთელი დიდმარხვის პერიოდში არაფერს ჭამდა, მაგრამ 103 წლის აღესრულა. საკვების გარეშე ატარებდა დიდმარხვას ღირსი ანთიმოზიც. იგი 110 წლის გარდაიცვალა. პავლე თებაიდელი 113 წლის დაიღუპა, ალიპეოს მესვეტე კი – 118 წლის. სწორედ ნაყროვანება და ჭამით ტკბობაა სერიოზული პათოლოგიების გამომწვევი მიზეზი.

მარხვა ამქვეყნიური სიამოვნებისგან თავშეკავებაცაა, ამიტომ იგი ადამიანს სულიერად აწრთობს. წმინდანთა ცხოვრებაში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი:

მაკარ ალექსანდრიელს მარხვაში ძღვნად ყურძნის მტევანი მიართვეს. წმინდა მამას ძალიან უნდოდა ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ, რადგან თავშეკავება გადაწყვიტა, მტევანი ერთ-ერთ სულიერ ძმას გადასცა. ბერს ძღვენი ესიამოვნა და ასევე ძალიან უნდოდა ყურძნის ჭამა, მაგრამ სურვილი დასძლია და ყურძენი სხვა ძმას გაუგზავნა. მასაც გულით ეწადა ხილი , მაგრამ არც მან მიირთვა. ყურძნის მტევანმა მთელი საძმო შემოიარა და ერთი მარცვალიც არ მოჰკლებია. არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია. ბოლოს ყურძნის მტევანი კვლავ მაკარს მიართვეს. წმინდა მამამ მტევანი იცნო და ყველაფერი გამოიძია. გახარებულმა უფალი განადიდა, რადგან მის საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მომადლა, მაგრამ დაბრუნებულ ხილს ღვთივსულიერმა მამამ გემო მაინც არ გაუსინჯა.

მამა გიორგი (სხირტლაძე):

_ სწავლება მარხვის შესახებ წმინდა წერილიდან მოდის. სწორედ მასშია მოცემული, რომ არსებობს მცირე, ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვები და დიდი მარხვები- შობის, აღდგომის, პეტრე-პავლობის და მარიამობის. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა. იგი 49 დღეს გრძელდება. შობის მარხვა 40 დღიანია, პეტრე -პავლობისა და მარიამობის მარხვები- ორ-ორ კვირიანი. ზოგიერთ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით – ნათლისღების წინა დღეს, 18 იანვარს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის წინა დღეს, 10 სექტემბერს, ერთდღიანი მარხვებია დაწესებული.

_ რატომ იკრძალება მარხვაში მაინცდამაინც ხორცის ნაწარმი, თევზი და მცენარეული რატომაა დაშვებული?

_ ძველი აღთქმის მიხედვით, სანამ ადამი დაეცემოდა, იგი ცხოველებთან მეგობრობდა, მათ სახელებს არქმევდა და ცხოველებიც აგრესიულები არ იყვნენ. დაცემის შემდეგ ადამს უფალმა განუცხადა, რომ ეკალსა და ბარდს აღმოუცენებდა, პური არსებობისა საკუთარი ოფლითა და წვალებით უნდა მოეპოვებინა. ადამში და, აქედან გამომდინარე მთელ კაცობრიობაში აქედან გაჩნდა სიკვდილი, მტრობა, შუღლი, კაცკვლა… სამყარო აღდგა ადამის წინააღმდეგ. ცხოველები, რომლებიც მანამდე უდანაშაულო არსებებს წარმოადგენდნენ, მტაცებლებად იქცნენ და ადამსაც საფრთხე შეუქმნეს. იგი იძულებული გახდა, მათგან თავი დაეცვა და მათი კვლა დაიწყო. შემდეგ მათი სხეულით იკვებებოდა. ადამი გარემოს მტერი გახდა.

ქრისტეს მოსვლამდე ადამის მოდგმის დაცემამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სწორედ უფალთან, საკუთარ თავთან და გარემოსთან კონფლიქტისგან გამოიხსნა ქრისტემ ადამის მოდგმა. მარხვამდელი პერიოდი, როცა ადამიანი ხორციელ თავისუფლებას განიცდის, სიმბოლურად ქრისტინობამდელი, კრიტიკული პერიოდია. მარხვა კი ქრისტიანობის შემოსვლის პერიოდს ჰგავს, როცა მადლს ვიბრუნებთ . თუმცა მარხვის შემოღებით ამ მადლის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღარ ვდგებით. მადლი ყოველი ახალი მარხვით, აღსარებითა და ზიარებით გვიბრუნდება.

მარხვის პერიოდში რადგან ცხოველური საკვებით არ ვიკვებებით, მათ სიცოცხლესაც არ ვართმევთ. უფალმა ცხოველები ადამიანისთვის შექმნა, მაგრამ მარხვის პერიოდები იძლევა იმის საშუალებას, რომ მათთან შემრიგებლური პოზიცია დავიკავოთ. მარხვის დროს ხორცის აკრძალვას სხვა დატვირთვაც აქვს. ადამიანი სამი ნაწილისგან- სულისგან, სამშვინველისა და სხეულისგან შედგება. ხორციელი საკვებით მხოლოდ სხეული ძლიერდება, რაც თავისთავად ვნებებების გაძლიერებასაც იწვევს.

    _ მცენარეული საკვები სხეულს არ აძლიერებს?

_ ჯერ ერთი, მცენარეული საკვები სისხლისღვრასთან დაკავშირებული არაა, თანაც იგი გაცილებით სუფთა და წყნარია. მისი მიღებაც ადამიანში მძლავრ ემოციებს, მძიმე ბიოლოგიურ განცდებსა და სილიერ ვნებებს არ იწვევს. როცა მარხვა არაა, ხორციელი საკვების მიღება აუცილებელიცაა. სჯულის კანონში წერია, დიდი საუფლო დღესასწაულების დროს , ვინც იმარხულოს და ხორცი არ შეჭამოს, განიკვეთოსო. ამ დროს ხორცის მიღება ნიშნავს იმას, რომ ღვთის შვილი ღვთის ბოძებულს სამადლობლად იღებს, კურთხეულად თვლის და ძველაღთქმისეულ აკრძალვებს არ იმეორებს.

    _ ძველ აღთქმაში რა აკრძალვები იყო დაწესებული?

_ ძველი აღთქმის მიხედვით, იმ პერიოდში ზოგიერთი ცხოველის მოკვლა  და მისი ხორცის მიღება იკრძალებოდა. შემდგომ, როცა ქრისტე მოვიდა, მან ყველა საკვები აკურთხა. მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ შეჭამა თევზი და ადამიანმა, როცა ეს დაშვებულია, რატომ არ უნდა შეჭამოს?

    _ ვინც არ მარხულობს, მას რა ელის?

_ ვინც არ მარხულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ჯერ არ დამდგარა საკუთარ თავში ჩაღრმავების და, აქედან გამომდინარე, ზიარების ეტაპი. ეს ადამიანი ჯერ კიდევ მძინარე მდგომარეობაშია. ეშინია, ეზარება ან სხვა რაღაც უშლის ხელს, პირველი ნაბიჯი გადადგას. არადა, სწორედ ეს ნაბიჯია იმ კარის გასაღები, რომელიც შეგვიყვანს სასახლეში, სადაც უამრავი საუნჯე ინახება. თუ არ გაქვს გასაღები და ვერ ხსნი სასახლის კარს, რაღად გინდა სასახლე?

   _ მარხვის დარღვევაც ხომ ცოდვაა. ზოგი სწორედ იმიტომ არ მარხულობს, რომ ეშინია, უნებურად არ დაარღვიოს და ცოდვა არ დაიდოს.

_ უმიზეზოდ მარხვის დარღვევა, ცხადია, ცოდვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს გამოწვდილ ხელს შემხვედრად არ გავუწოდოთ ხელი, მაგრამ ამის შიშით მარხვაზე უარის თქმა, როგორ შეიძლება. ეს იგივეა, ცხოვრებაზე იმიტომ ვთქვათ უარი, რომ გვეშინოდეს, რამე შეცდომა არ დავუშვათ. იმის გარანტია, რომ არასდროს დაეცემა, დედამიწაზე არავის აქვს. ცოდვებს ყოველთვის ყველა იდენს, მაგრამ ის კი არ უნდა ვთქვათ, რაიმე რომ არ ჩავიდინო, ამიტომ არაფერს გავაკეთებო. ყველაზე საშიში ისაა, სულიერად დაცემულმა და დეგრადირებულმა არ იცხოვრო და ასე არ მოგიწიოს იმქვეყნად წასვლა. შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს, მაგრამ იგი უნდა მოვინანიოთ, გამოვასწოროთ და უფალიც შეგვინდობს.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე” , 2006 წელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close