დღეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსში იჯდა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, ავარია “ემ-ელ”-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში ავტოავარიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

 ნანა არჩვაძე, ჟურნალისტი:

_მთვრალი დაჯდა საჭესთან, ჩქარა იარა და მოკლა ადამიანი და ამისთვის ეს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც 4-7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს?! რატომ არ არის ეს განზრახვა, ანუ განზრახ მკვლელობა?!!!
ეს პოლიტიკოსები, რაღაც თემებს რომ ააგორებენ, აქციებს მართავენ, ადამიანის უფლებებს „იცავენ“, ავარიებში დაღუპულებისა და დაშავებულების უფლებებს რატომ არ იცავენ, პოლიტიკურად არამომგებიანი თემაა?!

 შალვა ობგაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი:

_ დავაკონკრეტებ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ნასვამი მძღოლების მიმართ:

1.პირველ შემთხვევაში მართვის მოწმობის უპირობო ჩამორთმევა 6 თვით და გამოცდის თავიდან ჩაბარების პირობით დაბრუნება ჯარიმასთან ერთად.
2.მეორე შემთხვევაში-მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1 წლით და უკან დაბრუნება ავტოსკოლის სრული ციკლის გავლის და გამოცდის ჩაბარების პირობით და ჯარიმის გადახდის პირობით, ხოლო სხვისი ქონების დაზიანების შემთხვევაში 5-15 დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
3.მესამე შემთხვევაში-მართვის მოწმობის უვადო ჩამორთმევა.
მკაცრია?
გერმანიაში(აშშ-ს ბევრ შტატში, ევროპის ბევრ ქვეყანაში) სამწუხაროდ სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს.

კომენტარები