საზოგადოება

პროკურორის ადგილას თავზე მიწას წავიყრიდი ანუ თავს ცოცხლად დავიმარხავდი

რეპორტაჟი+ჩემი შთაბეჭდილებები თბილისის საქალაქო სასამართლოდან

საქართველოს მთავარი პროკურატურა 17 მაისის საქმეზე სააპელაციოში და მანამდე საქალაქოში წაგებულ პროცესს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ პაპავამ „ობიექტივის“ ახალი ამბების გადამღებ ჯგუფს ვიდეოკომენტარის ჩაწერის დროს უთხრა.

ამ ახალგაზრდა პროკურორის ადგილას მე ჯერ გავწითლდებოდი, სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კი თავზე მიწას წავიყრიდი, ანუ თავს ცოცხლად დავიმარხავდი და ჩემს ზემდგომ პროკურორსაც გვერდზე მოვისმავდი (პროფესიული საქმიანობის კუთხით, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ). ესაა ახალი ამბავი + შთაბეჭდილება ძალიან მოკლედ. ახლა შედარებით ვრცლად, ჩემებური რეპორტაჟით გიამბობთ.

გუშინ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მეორე სართულზე, N10 დარბაზში, როგორც იქნა დასრულდა 2013 წლის 17 მაისის საქმის განხილვა. სააპელაიცო სასამართლოს მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ 2015 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი, რომლითაც გამართლდნენ მამა იოთამ ბასილაია, ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და ტიტალ დავრიშიანი.

მაშინ ბრალდების მხარეს პროკურორი გოჩა ქორაია წარმოადგენდა. სასამართლოში 103 მოწმე დაიკითხა. თითქმის ყველა პროცესს დავესწარი და გავაშუქე (ჩემი რეპორტაჟები და ვიდეოკომენტარები გუგლით შეგიძლიათ იპოვოთ და ნახოთ, რომ პირველ ეტაპზე პროცესებს მთელი დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, თავ-თავიანთ თარჯიმნებით და ჭრელა-ჭრულა ადამიანებით).

მოსამართლე დავით მგელიაშვილს თავის განაჩენში ევროსასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება შეუდარებია 17 მაისის საქმისთვის, იმ კუთხით, რომ ერთიც და მეორეც უხარისხო გამოძიებით იყო გამორჩეული. ამ და განაჩენის სხვა დეტალებზე დღეს გია ტაბლიაშვილიმა ისაუბრა.

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციოში ამ საქმის განხილვა მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა დაიწყო და გერონტი კახეთელიძემ დაასრულა.
ალბათ, გაინტერესებთ რატომ გავწითლდებოდი პროკურორ თამარ პაპავას ადგილას და თავზე მიწას რატომ წავიყრიდი – მამა იოთამის უფლებების ერთ-ერთი დამცველი, ადვოკატი გია ტაბლიაშვილი ისეთი დასკვნითი სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე, პროკურორი რომ ვყოფილიყავი სხვა გამოსავალი არ მექნებოდა და იმიტომ!

დაცვის მხარის, ანუ მამა იოთამის ადვოკატის დასკვნით სიტყვას ბუნებრივია, წინ უძღვოდა პროკურორის დასკვნითი სიტყვა, რომელიც მან 2017 წლის 2 ივნისს წარმოთქვა. დღეს გია ტაბლიაშვილმა სწორედ პროკურორის დასკვნითი სიტყვა მიმოიხილა და უპირველესად მოსამართლეს და დარბაზში მსხდომთ ნათლად გვაჩვენა, რომ პროკურორის დასკვნითი სიტყვა ვარაუდებზე აგებული იყო. პროკურორმა დასკვნით სიტყვაში ისეთ ფაქტებზე ისაუბრა, რაც პირველ ინსტანციაში არ გამოკვლეულა.

„პირველ ინსტანციაში მიმდინარე განხილვის დროს ქალბატონი თამარი, არც ერთ პროცესს არ დასწრებია და მსგავსი ფაქტები საიდან მოიტანა“-ო, – გაკვირვებას ვერ მალავდა გია ტაბლიაშვილი.

მან სასამართლოს წინაშე პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან ის მომენტები გამოკვეთა, რითაც დასტურდება, რომ პროკურორმა თავისი გამოსვლა ვარაუდებზე დააფუძნა და ხშირ შემთხვევაში თეთრზე თქვა, რომ იყო შავი.

დასკვნით სიტყვაში პროკურორი პაპავა მოსამართლეს არწმუნებდა, რომ მამა იოთამისთვის 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორობა არავის დაუბრალებია. არადა, ბრალის დადგენილებაში სწორედ ეს წერია და კიდევ ის, რომ მამა იოთამი პუშკინის სკვერში იყო და გადაგვარებული ორიენტაცაციის ადამიანების აქციის ჩატარებას ხელი შეუშალა. რეალურად მამა იოთამ ბასილაია გახლდათ პუშკინის სკვერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, ლესელიძის ქუჩაზე, რაც უკვე დადასტურებულია და ამაზე აპელირება მინიმუმ არასერიოზულია, არაპროფესიონალიზმს თავი, რომ დავანებოთ.

პროკურორმა დასკვნით სიტყვაში ბრძანა, რომ ავტობუსის მძღოლის უშანგი გოჩიაშვილის დაკითხვისას დადასტურდა მამა იოთამის ბრალი – მამაომ მძღოლი ავტობუსიდან გადმოათრიაო, მაშინ, როცა გოჩიაშვილმა დაკითხვისას მკაფიოდ განაცხადა, რომ მამა იოთამი 17 მაისს თვალით არ უნახავს.

პოლიციელმა გივი გამეზარდაშვილმა მამა იოთამის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკიტხვის დროს დაადასტურაო, – დასკვნით სიტყვაში ირწმუნებოდა თამარ პაპავა. პირადად მე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე ყველა პოლიციელის დაკითხვას დავესწარი და მამა იოთამისთვის ხელი არც ერთ პოლიციელს არ დაუდია.
გია ტაბლიაშვილი პროკურორ პაპავას ვარაუდებზე რომ გვიყვებოდა და გვაჩვენებდა მისი პროკურორის დასკვნითი სიტყვის აბსურდულობას, დროდადრო მოსამართლეს მიმართავდა – მართალია პროკურორმა დასკვნითი სიტყვა ვარაუდებზე ააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა მე მას დიდ პატივს ვცემო.

„მე გიორგი ბასიაშვილის უფლებებს არ ვიცავ, მაგრამ არ შემიძლია პროკურორის სიტყვიდან ერთი მომენტი არ აღვნიშნო. ბრალდებამ განაცხადა, რომ მართალია ბასიაშვილის ხელში ჯოხი, არც ერთ ვიდეოკადრში არ ჩანს, მაგრამ შეიძლება მერე აიღოო. ანუ ვარაუდებს ვერ გაცდა ბრალდება“, – ესაა მცირე ამონარიდი გია ტაბლიაშვილის დასკვნითი სიტყვიდან.

ბექა სალუქვაძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გიორგი ჭალიძის თქმით, პროკურატურას გამოძიება სწორად, რომ წარემართა, მკაფიოდ გამოიკვეთებოდა უდაო ფაქტი, რის მიხედვიტაც, 2013 წლის 17 მაისს პროვოკაცია გადაგვარებული ორიენტაციის ადამიანებმა და მათმა დამცველებმა ჯერ დაგეგმეს და შემდეგ განახორციელეს.

ფოტოზე მინაწერი – ორჯერ გამართლებული მამა იოთამ ბასილაია და მისი უფლებების დამცველი, ადვოკატი გია ტაბლიაშვილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის დროს, დერეფანში გადავიღე.

ნინო მიქიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close