სამართალი და კრიმინალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

აღნიშნულის გამო, ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად დარჩა უკონკურენტო გარემოში და გამოცხადდა გამარჯვებულად.

ორივე ტენდერში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტის დახმარებით, ქრთამის სახით ჯამში 215 025 ლარი მიიღო.

პროკურატურა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close