საზოგადოება

,,პოლიციელმა” გვითხრა, რომ მისთვის ეს პროფესია სამარცხვინოა

მირჩევნია დაიგვიანონ, ვიდრე დავიგვიანო, ამიტომ აქციაზე მთელი ნახევარი საათით ადრე მივედი. აქციის დაწყებამდე გავიარ-გამოვიარე, როგორც იტყვიან, ,,თვალს წყალი დავალევინე.” იქვე პატარა, ცისფერთვალება ბავშვმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც საბავშვო ეტლში იჯდა და მუსიკის გაგონებისთანავე ცეკვას იწყებდა. თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლის ერთ მხარეს პოლიციელებს მოეყარათ თავი, სავარაუდოდ, იცოდნენ აქციის შესახებ და ჩემსავით, ადრიანად ამიტომ გამოცხადდნენ ,,დისლოკაციის ადგილზე”. ძეგლის საფეხურებზე რამდენიმე შეყვარებული წყვილი იჯდა. დრო მათ ,,თვალთვალში” გავლიე.

გამოჩნდნენ აქციის ორგანიზატორებიც და აქცია პერფომანსი სახელწოდებით – ,,არა ჩადებას” დაიწყო. აქციის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი მოსამართლის ფორმაში იყო გამოწყობილი, ორი – პოლიციელის, მესამეს კი სახე ჩალურჯებული ჰქონდა და ხელებზე ბორკილები ედო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს ,,უკანონოდ დაპატიმრებული” ბექა შენგელია იყო. ისიც გავიგეთ, რომ ბექა რეალურადაც ყოფილა უკანონო პატიმარი და მისი საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ხალხის პარტიის თავმჯდომარე – ლექსო კობაიძე. მან დაასახელა კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც ჩაუდეს იარაღი თუ ნარკოტიკი:

,,გორელ 18 წლის ბიჭს, ნოდარ ბადაშვილს ჩაუდეს იარაღი. ის გორში დააკავეს და შემდეგ, პოლიციელებმა გაიტაცეს თბილისში. ასევე დაემართა გიორგი ფაღავას, ელგუჯა რამიშვილს და კიდევ უამრავ ადამიანს. უშუალოდ მე მქონდა შეხება ამ ადამიანებთან და ვიცი, რომ მათ ნამდვილად ჩაუდეს. ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ ამის გამო ერთი ადამიანიც არ არის დასჯილი. მეტიც,  პოლიციელები რომელთაც ამ პიროვნებებს ჩაუდეს, დააწინაურეს. ამიტომ, აქ გამოსვლა და ბრძოლა უკანონობების წინააღმდეგ არის აუცილებელი,” – განაცხადა კობაიძემ.

აქციის მსვლელობისას გამვლელები ჩერდებოდნენ და ყურს უგდებდნენ იმას, რასაც აპროტესტებდნენ ახალგაზრდები. დავინტერესდი, თუ რამდენად მოსწონდათ ,,პოლიციელებსა” და ,,მოსამართლეს” საკუთარი ამპლუა, ამიტომ კითხვით მივმართე მათ. როგორც მოსალოდნელი იყო, არცერთ მათგანს საკუთარი როლი არ მოწონდათ. ,,მოსამართლის” თქმით- განაჩენს უნდა წყვეტდეს მოსამართლე და არა ახლობლობა. ერთ-ერთმა ,,პოლიციელმა” კი ისიც დასძინა, რომ მისთვის ეს პროფესია სამარცხვინოა.

.

ამასობაში ნელ-ნელა შებინდდა და აქცია-პრეფორმანსიც დასრულდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშალნენ. პოლიციელებიც მიმოიფანტნენ. რამდენად ნაყოფიერი აქცია, ამას, აღნიშნულ საკითხზე ხალხის აქტიურობა გამოაჩენს.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close