რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დალუქული ველოსიპედი დავტოვე და წამოვედი – რა გადახდა ქართველ სპორტსმენს საბაჟოზე?

ცნობილი რეჟისორის – ვიტორიო დე სიკას 1948 წელს გადაღებულ ნეორეალისტურ სურათში ,,ველოსიპედების გამტაცებლები” ავტორი მოგვითხრობს ისტორიას მთავარ გმირზე, რომელსაც მოჰპარეს ველოსიპედი. ომის შემდგომ, რომში, დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური, მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია! პატარა შვილთან, ბრუნოსთან ერთად ის ცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.

ფილმი ყოფითი, სოციალური შეჭირვების მიღმა, იმ დროისთვის ნოვატორულად და საინტერესოდ წარმოაჩენდა პრობლემას, რის გამოც ეს ნამუშევარი მსოფლიო კინემატოგრაფიის საგანძურში შევიდა- ისტორია კი, რომელიც 35 წლის პროფესიონალ სპორტსმენს, – გიორგი დამენიას წუხელ შეემთხვა, არც რომელიმე დრამატურგის სცენარია და არც კინო; როგორც ჩანს, უწყინარი ტრანსპორტის გამტაცებლები ჩვენი დროის საქართველოშიც გამოჩდნენ, თუმცა ვიზუალურად ეს ყველაფერი, სულაც არ ჰგავს დანაშაულს და კანონის ფარგლებშია მოქცეული.

მორბენალი დამენია, ( სამი შვილის მამა ) 30 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მარათონზე თავისი ხარჯით ჩავიდა. სახელმწიფო, რომელიც ბევრითაც ვერ დაიკვეხნის სპორტის ამ სახეობაში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობით, იმის მაგივრად, რომ სტიმულს აძლევდეს ქვეყნის სახელით მოასპარეზეებს, დრაკონული კანონების მეშვეობით, მათთვის გადაცემულ პრიზებს ფაქტიურად ითვისებს.

ისტორია სანდო წყარომ მოგვაწოდა, შემდეგ კი გიორგის პირადი გვერდიც შევათვალიერეთ, სადაც ველოსიპედთან გადაღებული ფოტო შევნიშნეთ. მას ასეთი აღწერა ჰქონდა – ,,ეს იყო ჩემი, მაგრამ იძულებით გახდა მთავრობის!”

დაზარალებულს ფეისბუქის საშუალებით მივწერეთ და შემდეგ ტელეფონითაც გავესაუბრეთ.

გიორგი დამენია:

_ სპორტის ამ სახეობით 2004 წლიდან აქტიურად დავკავდი, ცოტა ხანი პაუზა მქონდა, 2014 წლიდან კი ისევ მოვიკრიბე ძალები და ისევ დავიწყე სირბილი…

_ პირველ რიგში მოგვიყევით, რა ტიპის სპორტული ღონისძიება ჩატარდა ბაქოში და თქვენ როგორ მოხვდით იქ ?

_ სანამ კითხვაზე კონკრეტულად გიპასუხებთ, გეტყვით, რომ აზერბაიჯანში ძალიან ეხმარებიან სპორტსმენებს, მათ ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ. ის მარათონი, რომელშიც გუშინწინ მივიღე მონაწილეობა, შარშანაც ჩატარდა, სადაც კარგი შედეგი ვაჩვენე – მეორე ადგილზე გავედი, წელს ისეთი შედეგს ვერ მივაღწიე, მეშვიდე ადგილი ავიღე, თუმცა ჩემი ხარჯებით ჩავედი, არავინ შემიწუხებია. ამ მარათონზე ალბათ ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა- როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარულები. მონაწილეობდნენ თურქეთიდან, რუსეთიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან – რაღაც სახალხო ზეიმივით იყო.

_ როგორც შევიტყვეთ, ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულებს გადმოგცეს სპეციალური პრიზები, სამშობლოში დაბრუნებულს კი პრობლემები სწორედაც ამ საჩუქრის გამო შეგემთხვათ- რა ისტორიაა ეს?

_ გამარჯვებულები სხვადასხვანაირი პრიზებით დაგვასაჩუქრეს – მე დიპლომთან ერთად ველოსიპედი მერგო, მასპინძლებმა მაშინვე მითხრეს, კარგად გაახვიე ეს ველოსიპედი, კარგად შეფუთე, საზღვარზე არ გაგაწვალონო. მეც დავუჯერე მათ და შევფუთე- ისე როგორც მირჩიეს. აზერბაიჯანულ მხარეს პრობლემები არ შეუქმნია, თუ რამე საეჭვო იქნებოდა, ვთქვათ თუ მოპარულზე გაჩნდებოდა ეჭვი, ისინი არ გამომატანდნენ თავიანთი ქვეყნიდან ასეთ ნივთს – აქ გადმოვედი თუ არა, დაიწყო და არ დასრულდა.

_ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად – რას გედავებოდნენ ჩვენი მესაზღვრეები ?

_ შარშან ზუსტად იმავე მარათონზე ფულადი თანხა გადმომცეს, დაბრკოლება იყო ამ თანხაზე, რის გამოც ფული ორი კვირის დაგვიანებით დამიჯდა ანგარიშზე, წელს კი ბევრად უარესი მოხდა. საჩუქარი უნდა განვაბაჟოთო. კი ბატონო, კანონს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ თავად საზღვარზე მალოდინეს, მატარებლით მოვდიოდი – იქნებ არ მქონდა დამატებით თანხა? როცა მოგზაურობიდან ბრუნდება ადამიანი, ყოველთვის გამოზომილი აქვს ჯიბის ფული სახლამდე სანამ მიაღწევს. იქნებ არ მაქვს საჭმლის ფული 6-7 საათი რომ მაჩერებ?! დამპირდნენ, ჩვენი მანქანით წაგიყვანთო, ტაქსი 200 ლარს მოგთხოვსო, მერე ჩემს ძმას დავურეკე, ერთი სიტყვით ჩამოვედით ლილოში, ზუსტად ვერ დავიმახსოვრე რა ჰქვია ამ დაწესებულებას, სადაც ნივთებს ანბაჟებენ.

 _ ლილოში როგორ განვითარდა მოვლენები ?

_ იქაც მალოდინეს, დაიწყეს ნივთის შეფასება – ამ ველოსიპედის ღირებულება 144 $- იაო, ანუ სამას ორმოცდაათ ლარამდე გამოვიდა, სამას ლარზე ზემოთ რაცაა, უნდა განბაჟდესო. ვუხსნიდი, სპორტსმენი ვარ, ჩემი ხარჯებით ჩავედი, პარტია ხო არ მომაქვს, საჩუქარია მეთქი… ფურცლებით დარბოდნენ და დაგველოდე, დაგველოდეო, მეუბნებოდნენ. ბოლოს კი ისე დამღალეს, დავუტოვე საჩუქარი.

_ ანუ ბაჟი ვერ გადაიხადეთ ?

_ ბაჟი ჰქვია ამას? საჩუქარი რაც ღირს იმის ნახევარს რომ გთხოვენ? ეს რეკეტია! ჯერ 50 ლარიო, ვინც შეამოწმა ველოსიპედიო და 70 ლარი ბაჟიო. კიდევ რაღაცაზე მომთხოვეს თანხა, ჯამში გამოვიდა 150 ლარამდე და მე ეს თანხა არ მქონდა! ამდენი მაწანწალეს და რაში უნდა გადამეხადა თანხა, ჩემი შრომით მოპოვებულში?

_ როცა ნივთის დატოვება გადაწყვიტეს, რა გითხრეს ?

_ მაგაზეც რაღაც პროცედურებია საჭიროო, ვერ გახვალთ აქედანო, მანქანას, რითაც ვიყავით მისულები არ გაგატანთო… კიდევ საათი გვალოდინეს, დავწერე განცხადება და დალუქული ველოსიპედი დავუტოვე. არ მიღირდა – მადლობა სახელმწიფოს, რომ ასე გვიწყობს ხელს სპორტსმენებს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close