სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ, ნონა წოწორიამ განცხადება გაავრცელა:

„18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში, ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემ საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში”.

კომენტარები