სხვა

ნონა გაფრინდაშვილს ოპერაცია დასჭირდა

„მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში“

ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გამომწერებს ატყობინებს, რომ სახის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და ოპერაციის გადატანა მოუხდა.

„მეგობრებო, სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში. მინდა, ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე. წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს. უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგან მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.

505200437-1493223065136689-6368193320372286291-n-1750190007.jpg

დაცემას მოჰყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს. მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად. ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“

მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას. ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად,” – წერს ნონა გაფრინდაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close