რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნინო ლაბარტყავა: თუ ადამიანი დამნაშავეა, ანუ არ უნდა დავიჭიროთ?!

ნინო ლაბარტყავა, ჟურნალისტი:

_ მეც მინდა ახლა დავწერო რაღაც რჩეულიშვილების ამბავთან დაკავშირებით. ჩემი აქაური მეგობრების ერთი ნაწილი წერს – ვისაც დების დაჭერა (გუკაც დაჭერილია და ისიც ცოდოა, ბატონო) გაგიხარდათ, გულქვა ადამიანები ხართ და ასეთებმა წამშალეთო.
მეორე ნაწილი წერს – დიახაც, უნდა დაეჭირათ, რადგან დამნაშავეები არიანო. ახლა ჩემი დამოკიდებულება როგორია, გეტყვით: საერთოდ, მართლა გულქვა, ბოროტი და სულმდაბალი ადამიანი უნდა იყო, ადამიანის დაჭერა და ციხეში ჩასმა რომ გაგიხარდეს. ჩემი ადამიანური ბუნებაა, რომ ზოგადად, არავის დაჭერა არ მიხარია და არ გამიხარდება. ეს ერთი. მეორე: და თუ ადამიანი დამნაშავეა, ანუ არ უნდა დავიჭიროთ? და თუ ერთ ოჯახში რამდენიმე დამნაშავეა – მარტო ერთი უნდა დავიჭიროთ და დანარჩენებს შევეშვათ ანუ, ხო?
ზუსტად ვიცი, ჩემი ეს პოსტი რამდენიმე ჩემს ახლობელს გააღიზიანებს და შეიძლება ურთიერთობაც გაგვიფუჭდეს ამის გამო, მაგრამ როგორ არ უნდა ვთქვა ახლა ეს, ამიხსენით უბრალოდ!
ვახტანგ რჩეულიშვილი მძიმედაა დაავადებულიო, მაია რჩეულიშვილსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვსო – ღმერთმა უშველოს ორივეს და როგორც იტყვიან, მიწა გამისკდეს, თუ მართლა არ მეცოდებოდნენ. თუმცა ვერაფრით ვერ დავიბრმავებ თვალებს მედლის იმ მეორე მხარის დასანახად, რაც რეალობაა – მათი არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ბევრ მათგანს ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევა დაემართა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე სწორედ რჩეულიშვილების საოჯახო ბიზნესმა შეიწირა! და ეს ხალხი რატომ არ გეცოდებათ, უკაცრავად?! და ამ ხალხს რატომ არ გულშემატკივრობთ?! თუ გინდათ გაგიგებთ რამდენიმე მათგანის გვარ–სახელებს, ვისაც ოჯახი თავზე ჩამოენგრა, ვისაც გულის შეტევა დაემართა, ვისაც შვილები ღია ცის ქვეშ დარჩა, ვინც წელებზე ფეხს იდგამს ამდენი წლის განმავლობაში, რომ როგორმე არსებობა გააგრძელონ! გაგიგებთ და აბა, ერთი არ წასულხართ მათ საგულშემატკივროდ, რა! აბა, ერთი თანადგომა არ გამოგიცხადებიათ მერე მათთვის!

კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის, გამონაკლისების გარდა!
მე დავაშავებ რამეს? – გამიშვან ციხეში და მაგებინონ პასუხი!
სხვა დააშავებს რამეს? – ისიც დაიჭირონ და ჩასვან!
აბა, ეგრე სადაა ვერ გავიგე, ბნელა?!
მომხრე ვარ, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სასჯელი სასამართლომ შეამციროს. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ზოგადად, დამნაშავე, როცა მას დანაშაული უმტკიცდება, უნდა იჯდეს ციხეში! ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია, როგორ გაუბედურდა ეს ოჯახი, ამაში ორი აზრი არ არის! მაგრამ ჩემთვის ისიც ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია, ამ ადამიანების გამო როგორ გაუბედურდა ათასობით ადამიანი! საქმეში კეთილსინდისიერი უნდა იყო, უნდა შეასრულო ხელშეკრულებების მიხედვით აღებული ვალდებულებები, ცალ ფეხზე არ უნდა დაიკიდო მათი ბედ–იღბალი და არავინაც არ დაგიჭერს, ბატონო! ათასობით ადამიანის ხარჯზე ნაშოვნი ფულით ნაყიდ ფეშენებელურ სახლებში არ უნდა ცხოვრობდე და როცა იცი, რომ ამდენი ადამიანი შენი უპასუხისმგებლო საქციელების გამო დაზარალდა, ტელეეთერებში არ უნდა მეპრანჭებოდე ნაირ–ნაირი ოქროულობაასხმული და ბედნიერი სახით! სამართალი მაშინაა ქვეყანაში, როცა კანონი კანონობს! და როცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია – პეტრეც, პავლეც და მიტროფანეც!
პ.ს. მე არავის არ მოგიწოდებთ, რომ არიქა, ვისაც სხვა პოზიცია გაქვთ, წამშალეთ–თქო, ყველას ჩვენ–ჩვენი აზრი გვაქვს ამ საკითხზე, მაგრამ თუ ჩემი ეს ნათქვამი ახლა გულზე გხვდებათ, მაშინ კი, ბატონო, შეგიძლიათ წამშალოთ!
მადლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close