სამართალი და კრიმინალი

,,ნინო გვენეტაძემ სასამართლოს მიაღებინა გადაწყვეტილება, რის გამოც ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩება”

,,ქართულ სასამართლოში არ ხორციელდება მართლმსაჯულება ისე, როგორც ის უნდა ხორციელდებოდეს. ამაზე მეტყველებს ბევრი ფაქტი. ამჯერად ერთ-ერთს გაგაცნობთ. ქალბატონი შორენა წიკლაური დააზარალა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ. საქმე იმაშია, რომ მის სასამართლო პროცესს გვენეტაძე თავად ესწრებოდა და ფაქტობრივად, ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე. მან უზენაეს სასამართლოს მიაღებინა ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც, ქალბატონი შორენა ღია ცის ქვეშ რჩება,” _ განაცხადა ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ლექსო კობაიძემ დღეს, ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

კობაიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება საქართველოში ხორციელდება გავლენიანი მეგობრების დახმარებით და არა კანონის დაცვით. მისი თქმით, რეესტრის მონაცემებით შორენა წიკლაური ოფიციალურად ფლობდა საცხოვრებელ ფართს ძველ თბილისში, მეიდანზე, გომის მეორე შესახვევში. ის იყო თანამესაკუთრე ორ პიროვნებასთან ერთად, მაგრამ სასამართლომ გააუქმა ეს დოკუმენტი და 1986 წელს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებაც ზედ მიაყოლა. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, რომ შორენა წიკლაურს ჰქონდა იზოლირებული ფართი და მოწინააღმდეგის ფართთან შეხება არ ჰქონია. ლექსო კობაიძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე უზენაესმა სასამართლომ ჩაბარებიდან 1 თვეში განიხილა, როცა, სხვა საქმეების განხილვას 5-6 თვე უნდება. ეს ფაქტიც მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული საქმით გვენეტაძე ნამდვილად არის დაინტერესებულიო.

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ მოუწოდა გვენეტაძეს, სასამართლოს ნუ აქცევს ღობის სასამართლოდ, რადგან ის ეკუთვნის ყველას. მან კეთილი უნდა ინებოს და არ ჩაერიოს მსგავს კერძო დავებში. არ აიძულოს მოსამართლეები, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ მის მეგობრებს აწყობსო.

დაზარალებულმა შორენა წიკლაურმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დავაზე სასამართლო პროცესები 2011 წლიდან დაიწყო. საქმეს ამჟამად კვლავ უზენაესი სასამართლო განიხილავს, რადგან აპელაციაში მოგებული საქმე უზენაესმა ერთხელ უკვე დააყენა თავდაყირა.  შორენა წიკლაური და ლექსო კობაიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნდობლობას უცხადებენ.

 ,,გვენეტაძე არის ჩემი მოწინააღმდეგის, ელისო წიკლაური -მელიხის მეგობარი და ამიტომ მოვიდა გვენეტაძე სასამართლოში მის მხარდასაჭერად. პირადად მქონდა მასთან საუბარი და მითხრა, რომ დამეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ მის მეგობარს მე დავუკანონე რაც ეკუთვნოდა და მასაც იგივე უნდა გაეკეთებინა ჩემს ფართზე, თუმცა მან დაპირისპირება არჩია და სასამართლოში მიჩივლა.

საუბარია მე-19 საუკუნის სახლის ფართებზე, სადაც თანასაკუთრებას ვფლობთ სამი ადამიანი. ორმა მოვუწერეთ ხელი ელისო წიკლაურ-ლამიხს და მან დაიმტკიცა თავისი ფართი, თუმცა იგივე აღარ გააკეთა ჩვენთან მიმართებაში. მესამე თანამესაკუთრე, რომელიც არის პენსიონერი და ავადმყოფი, ასევე არის დაზარალებული და ისიც  ჩემსავით სასამართლოში ჩივის.

მიუხედავად იმისა, რომ გვენეტაძემ სიმართლე შეიტყო, მითხრა: რა მოხდა მერეო? ის მაინც ითხოვდა ჩემგან, ელისო წიკლაური-ლამიხის მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა. მოწინააღმდეგე კი დაგვემუქრა, თუ არ მივცემდით იმ ფართებს, რომლებიც მას სურდა, ყველაფერს თავზე დაგვანგრევდა. მისი მუქარა სასამართლომ მოაქცია ე.წ. კანონის ჩარჩოში და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სახლი უნდა დანგრეულიყო. სახლს ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი და ის ამჟამად არის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში,”_ განაცხადა შორენა წიკლაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close