საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნიკა მელია საქართველოს პარლამენტს ტოვებს. 

ამის შესახებ მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წარდგენისას, მეტეხის ტაძრის ეზოში გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.

„სიმბოლურად შევიკრიბეთ აქ, რადგან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება ბრძოლაში შესვლის შესახებ, რომ გადარჩეს დედაქალაქი. ერთად დავიწყოთ მოძრაობა ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, ჩვენ გვინდა თბილისი დაპირიპირებისა და სიძულვილის გარეშე.

ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს უიმედობას. ჩვენ ახალი შემართებით კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას. ბრძოლა დაიწყება თბილისიდან. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენი მხარდაჭერით და თქვენთვის.

დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე “, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მოდის პოლიტიკაში, რომ მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის.

კომენტარები